03.04.2008
70 წლის ქალი ვარ და გამომძიებელმა მითხრა, აგერ შენი დაჭერის ორდერი მაქვსო, სულ არ მახსოვს რა დავწერე, ხელები მიკანკალებდა...
ირმა მესხია
70 წლის ქალი ვარ და გამომძიებელმა მითხრა, აგერ შენი დაჭერის ორდერი მაქვსო, სულ არ მახსოვს რა დავწერე, ხელები მიკანკალებდა...
ირმა მესხია
როგორ სძალავენ სამეგრელო-ზემო სვანეთის პროკურატურაში ცრუ ჩვენებებს და აკონტროლებს თუ არა სიტუაციას როლანდ ახალაია?! ამ სახელწოდების სტატია ,,თავისუფალი გაზეთში" რამდენიმე ხნის წინ გამოქვეყნდა. წერილში, დოკუმენტური მასალის დართვით, ვრცლად ვისაუბრეთ ყველა იმ ტყუილსა და ცილისწამებაზე, რასაც ამ საქმეში ყოველი ფეხის ნაბიჯზე შეხვდებით...
რა ხდება სამეგრელო-ზემო სვანეთის საოლქო პროკურატურაში?! ფლობს თუ არა პროკურორი როლანდ ახალაია ობიექტურ ინფორმაციებს, რა სახის ზეწოლებს ახდენს გამომძიებელი რომეო საჯაია მოქალაქეებზე და რამდენი ადამიანი ზის ზუგდიდის საპყრობილეში ცრუ ჩვენების საფუძველზე?! ამ თემით ?თავისუფალი გაზეთი? კიდევ ერთხელ დაინტერესდა და შედეგმა ,,თმები ლამის ყალყზე დაგვიყენა!"...
ვინც არ იცის, შევახსენებთ რომ ზუგდიდში, შუაგულ ცენტრში, გუბერნიის მოპირდაპირე მხარეს დგას საკმაოდ დიდი შენობა - ,,ენგური". ერთ მშვენიერ დღეს, ამ შენობას ვიღაცამ თვალი დაადგა და მისი მისაკუთრება გადაწყვიტა. ერთ ჩინოვნიკს ,,მადა ჭამაში მოუვიდა" და იფიქრა, ეს შენობა ამისთანა ადგილას, ,,ყელზე ნამდვილად არ დამადგებაო". მაგრამ, მისდა მოულოდნელად, აღმოჩნდა რომ ,,ენგურს" უკვე კანონიერი მეპატრონე ჰყავდა - ვინმე ხათუნა კაკაჩია.
აქვე აღვნიშნავთ, რომ ეს ობიექტი ,,ზუგდიდვაჭრობას"ეკუთვნოდა. პირველ ჯერზე, მოლაპარაკებები მეპატრონეებთან აწარმოეს, რომლებსაც შენობის დაბრუნებას თხოვდნენ. როგორც ხათუნა კაკაჩიას მეუღლე, ბიზნესმენი დავით როგავა, ერთ-ერთ გაზეთში გამოქვეყნებულ ინტერვიუში აღნიშნავს: ,,ეს პრობლემები რომ დაგვეწყო, პროკურორმა საჯაიამ მითხრა, ამ შენობას რომ ყიდულობდით, თავიდანვე პროკურატურაში რატომ არ მოხვედითო. ჩვენ თვითონ გაყიდვინებდით შენობებს. არ იცოდით, ზუგდიდში ყველაფერი პროკურატურის გავლით რომ იყიდებაო?".
გაგიკვირდებათ და მეპატრონეები დათმობაზე არ წავიდნენ. რაიმე სახის დარღვევები ვერც ,,ზუგდიდვაჭრობის' რომელიმე საბუთში აღმოაჩინეს, არადა შენობას შტურმით ხომ ვერ აიღებდნენ?!
სწორედ ამ დროს სამეგრელოს საოლქო პროკურატურას ,,მხსნელად მოევლინა" ,,ზუგდიდვაჭრობის" ყოფილი ბუღალტერი, ლუიზა წყაროზია, რომელიც თავის ჩვენებაში წერს, რომ ,,ზუგდიდვაჭრობის" დირექტორი იმედი ალშიბაია და გულნარა ჯინჯოლავა დოკუმენტაციის გაყალბებას აიძულებდნენ. აღნიშნავს იმასაც, რომ მას პრივატიზაციის გეგმის შედგენაში მონაწილეობა არ მიუღია და შესაბამისად, ხელი არ მოუწერია.
სწორედ ლუიზა წყაროზიას ჩვენება გახდა გულნარა ჯინჯოლავასადმი ბრალის წაყენებისა და მყისიერი დაპატიმრების მიზეზი. ,,თავისუფალმა გაზეთმა" მოიპოვა და გამოაქვეყნა კიდეც ის დოკუმენტი, რომელზედაც ნამდვილად არის ქალბატონი წყაროზიას ხელმოწერა. ეს სწორედ პრივატიზაციის ის გეგმაა, რომელზედაც ეს უკანასკნელი, თავის ჩვენებაში დაჟინებით ამტკიცებს, რომ ხელი არ მოუწერია. მაგრამ თქვენც არ მომოკვდეთ, რომეო საჯაიას ,,ყურიც არ შეუბერტყია"...
თანაც, არ დაგავიწყდეთ, რომ ეს არის საქმე, რომელსაც პირდაპირ ეხება ,,ქონების ლეგალიზაციის შესახებ" დადგენილება, რომელიც სოფლის ბირჟაზე ნამდვილად არ მიუღიათ.
გულმა და პროფესიულმა ინტუიციამ გვიგრძნო, რომ ზუგდიდის სამხარეო პროკურატურაში, ცრუ მოწმეთა დიდი ქარხანა ამუშავდა და ვითარების გარკვევა ადგილზე გადავწყვიტეთ.
შედეგმა ყოველგვარ მოლოდინს გადააჭარბა. ადამიანებმა, რომელმაც სამეგრელო-ზემო სვანეთის სამხარეო პროკურატურას ჩვენებები მისცეს, ჩვენთან საუბრისას აღიარეს, რომ ეს ყველაფერი დიდი ზეწოლის შედეგად მოხდა, ზოგიერთი მათგანი იმასაც ამბობს, რომ ჩვენებებს თავად გამომძიებელი წერდა და ხელი ისე მოაწერინეს, რომ არც კი წააკითხეს. (!)
1600 ფურცლიანი სისხლის სამართლის საქმის გაცნობის შემდეგ, ,,ზუგდიდვაჭრობის" სამეთვალყურეო საბჭოს ამჟამინდელ თავმჯდომარესთან, პავლე ქვარცხავასა და ბუღალტერთან, ინოლა ქვარაიასთან შეხვედრა გადავწყვიტეთ. შეგახსენებთ, რომ ეს ის ადამიანები არიან, რომელთა ჩვენების საფუძველზე, გულნარა ჯინჯოლავას ბრალი დასდეს თაღლითობასა და დოკუმენტების არასწორად მომზადებაში.
ზუგდიდში ჩასულებს თითქმის მთელი კოლექტივი სამსახურში დაგვხდა. ერთ-ერთმა თანამშრომელმა, როგორც კი გაიგო რომელი გაზეთის ჟურნალისტი ვიყავით, გვითხრა:
,,მივესალმები თქვენს გამბედაობას, მიხარია რომ ასეთი უშიშარი ჟურნალისტები ხართ და სიმართლეს წერთ, მაგრამ თქვენს ვერცერთ კითხვას პასუხს ვერ გავცემ, რადგან ნამდვილად ვიცი, თქვენთან შეხვედრის შემდეგ, პროკურატურაში დამიბარებენ და საყვედურს მეტყვიანო. ამის შემდეგ, მან დემონსტრაციულად დატოვა ოთახი და დაგვიბარა: თუ ჩემს ნათქვამს დაწერთ, მე უარვყოფო..."
რაც შეეხება ბატონ პავლე ქვარცხავას, ის კაბინეტში არ დაგვხვდა, სტუდენტებს ლექციას უკითხავდა და შემოგვითვალა: დამელოდეთ და 15 წუთში მოვალო.
სამაგიეროდ, მოულოდნელი კომენტარი გააკეთა ბუღალტერმა ინოლა ქვარაიამ: ,,საერთოდ არ მახსოვს რა დავწერე და თუ ჩემს მიერ გამოძიებისთვის მიცემულ ჩვენებას წამაკითხებთ, ყველა კითხვაზე გაგცემთ პასუხს."
70 წლის ქალბატონმა გამომძიებლის მიერ დაწერილი ჩვენება, რომ გადაიკითხა, გაოცებული დარჩა.
2007 წელი. 25 სექტემბერი, ინოლა ქვარაიას ჩვენება: ,,1996 წელს, ჩვენმა ხელმძღვანელობამ გადაწყვიტა საწარმოო გარდაექმნათ სააქციო საზოგადოებად. რაზეც წერილი გააგზავნეს ქონების მართვის სამმართველოში. ამის შემდგომ, 1997 წელს ი. ალშიბაიას ბრძანებით, ჩვენს საწარმოში შეიქმნა კომისია შვიდი კაცის შემადგენლობით კომისიას თვამჯდომარეობდა ი. ალშიბაია წევრებად ვიყავით მე, გ. ჯინჯოლავა. პ. ქვარცხავა, ლ. წყაროზია. ი. ფარცვანია. ა. ხარებავა. ამ კომისიას ევალებოდა ჩვენს ბალანსზე რიცხული ქონების აღწერა-ინვენტარიაზცია და საპრივატიზაციო დოკუმენტების წარდგენა შესაბამის ორგანოებში. ამ დოკუმენტების შედგენას ხელმძღვანელობდა ი. ალშიბაია და გ. ჯინჯოლავა. რომლებმაც დოკუმენტები წარადგინა სამმართველოში. კომისიის მიერ მოხდა 1992-95 წლების მდგომარეობის შემოწმება, რაზეც შედგა აფასების აქტები რომელიც დათარიღდა 1 ნოემბრის მდგომარეობით და სხვა დოკუმენტებთან ერთად გაიგზავნა ქონების მართვის სამმართველოში.
ამ დოკუმენტების შედგენის დროს იყო განსხვავებული აზრი, კერძოდ ლ. წყაროზია აცხადებდა, რომ ჩვენი კომისიის გაკეთებული აფასება იყო არასწორი და საჭირო იყო აფასება ახალი კოეფიციენტით. თუმცა, პრივატიზაციის სამმართველოში გაიგზავნა ძველი მონაცემებით. ეს გადაწყვეტილება მე არ მიმიღია. მე ვიყავი ერთ-ერთი რიგითი წევრი. დოკუმენტაცია ქონების მართვაში გააგზავნა გ. ჯინჯოლავამ. ყოველივე ამის შემდეგ, ქონების მართვის სამმართველოდან დაშვებულ იქნა ბრძანება ჩვენი საწარმოოს სააქციო საზოგადოებად გარდაქმნასთან დაკავშირებით.
...ჩვენი საზოგადოება, ფაქტიურად იყო უფუნქციო. მატულობდა სახელმწიფოს ვალები და ამიტომ გვინდოდა ქონების გასხვისება.
ასევე ვიცოდით, რომ პროკურატურა აპირებდა ქონების ჩამორთმევას. ამიტომაც გადავწყვიტეთ ჩვენი აქციების და ქონების გასხვისება.
ამის შემდეგ, ჯინჯოლავას მიერ მოძებნილ იქნა პირი რომელსაც უნდოდა აქციების შეძენა, კერძოდ შპს ,,დევორდი" და თ. ქანთარია. მე მივეცი მინდობილობა გ. ჯინჯოლავას ჩემი აქციების გასხვისების. რის შემდგომ მან ჩემი აქციები მიყიდა შპს ,,დვორდს" თ. ქანთარიას. რაშიც გადამიხადეს 13 005 ლარი.
დასმულ კითხვაზე გიპასუხებთ, რომ 1997 წელს, როდესაც ჩვენ მოვამზადეთ მასალები საპრივატიზაციოდ, რომელიც უნდა გაეგზავნა ზუგდიდის ქონების მართვაში, მასში მითითებულ მონაცემებს არ ეთანხმებოდა ლ. წყაროზია და ამიტომ ხელი არ მოაწერა პრივატიზაციის გეგმას. მეც არ მინდოდა ხელის მოწერა, ვინაიდან ვთვლიდი რომ აფასება არ იყო სწორი და ქონების ღირებულება იყო შემცირებული, მაგრამ უფროსის თხოვნით მოვაწერე."
22 ოქტომბერი, 2007 წელი - ,,აქციების გადაცემამდე, მათ ვუთხარით, რომ ქონებას ქონდა პრობლემა, კერძოდ პროკურატურაში მიმდინარეობდა გამოძიება. ასევ ვუთხარით, რომ თავის დროზე პრივატიზაცია მოხდა არასწორად და უკანონოდ. მიუხედავად ამისა მათ მაინც გადაწყვიტეს აქციების შეძენა"
- ქალბატონო ინოლა, რატომ ხართ დარწმუნებული, რომ ლუიზა წყაროზიას ხელი არ მოუწერია დოკუმენტებზე?
- პრივატიზაციის გეგმაზე, რომელიც პროკურატურამ ჩვენების მიცემის დღეს წარმომიდგინა, წყაროზიას ხელმოწერა არ ჰქონდა. დანარჩენ დოკუმენტაციაზე, ყველაზე ლუიზა წყაროზიას ხელმოწერებია. გამომძიებელმა თვითონ მითხრა: პრივატიზაციის გეგმის ყველა ეგზემპლიარი აქ მაქვს და წყაროზიას არც ერთზე არ აქვს ხელი მოწერილიო.
- ჩვენებაში გიწერიათ, რომ ქონების შეფასება იყო არასწორი და ღირებულება იყო შემცირებული...
- ქონების შეფასებას ხელს აწერს წყაროზია. შეფასების აქტიდან და ბალანსიდან გამომდინარეობს საპრივატიზაციო გეგმა. ყველაფერი გაკეთებული იყო სწორად. ღირებულება არ იყო შემცირებული. ტერიტორიული კოეფიციენტი იყო მიყენებული, რაც რეალურად ხდიდა ქონების შეფასებას. 2 და 2,5 იყო მიყენებული. შეიძლება ეს გამახსენდა და დავწერე.
- როდის უთხარით მყიდველებს, რომ ,,ზუგდიდვაჭრობის" ქონებით პროკურატურა იყო დაინტერესებული და თუ იცოდით ამის შესახებ, რატომ გაყიდეთ აქციები?
- პირადად მე, ცუდი ეკონომიური პირობები მქონდა და ამიტომ გავყიდე აქციები. საერთოდ არ ვიცოდი ,,ზუგდიდვაჭრობით" პროკურატურა რომ იყო დაინტერესებული.
- თუ ,,ზუგდიდვაჭრობაში" ყველაფერი კანონიერად იყო, რატომ დაწერეთ ჩვენებაში რომ ორგანიზაციაში თითქმის ყველაფერი დარღვევებით კეთდებოდა?
ამ კითხვაზე პასუხის გაცემაზე ქალბატონმა ინოლამ თავი შეიკავა, დიქტოფონის გამორთვა გვთხოვა და გვითხრა: ,,70 წლის ქალი ვარ. წარმოიდგინეთ, კაცი დგას და ასეთ სიტყვას ამბობს: თქვენი დაჭერის ორდერი მაქვს აგერო და შეგვეშინდა. სულ არ მახსოვს რა დავწერე, ხელი მიკანკალებდა. პავლეც იქ იყო..."
- თქვენ სამჯერ მიეცით ჩვენება...
- ის რასაც ვეუბნებოდი, არაფერი არ წერია.
- თქვენ ხომ წაიკითხეთ და ხელი მოაწერეთ?
- არ გადამიკითხავს. ასე მითხრა, ყველაფერი სწორად არის დაწერილიო.
ამ საქმეში ყველაფერი მთავარი ბუღალტრის საწინააღმდეგოა. ის აგებდა ყველაფერზე პასუხს. სახელმწიფო კომისიაც იყო შექმნილი.
მერი ყურაშვილი: ს/ს ,,ზუგდიდვაჭრობის" დირექტორი.
- ქალბატონო მერი, პროკურატურას თუ მოუმართავს ოფიციალური წერილით ?ზუგდიდვაჭრობისთვის? და როდის გაიგეთ, რომ თქვენი ორგანიზაციით იყო დაინტერესებული სამართალდამცავი სტუქტურა?
- ასეთი წერილი საერთოდ არ არსებობს.
- სამეთვალყურეო საბჭოს ამჟამინდელი თავმჯდომარე, პავლე ქვარცხავა გამოძიებასთან აცხადებს, რომ მისთვის ცნობილი იყო პროკურატურის დაინტერესების შესახებ...
- თუ იცოდა, მაშინ ჩემთვის უნდა ეთქვა.
რაც შეეხება პროკურატურას, საჯაიამ დამირეკა. ეს იყო მაისის თვე. დამირეკა გამომძიებელმა საჯაიამ და მითხრა, ქანთარიას და ცხადაიას ტელეფონის ნომრები მომეციო, მაგრამ მე არ ვიცოდი... ,,ენგურის" ქვეშ მდებარე მიწა შევიძინეთ. თუ არ ვცდები, 29 ლარი და 48 თეთრი გადავიხადეთ კვ. მეტრში. ეს ძალიან დიდი თანხაა. სწორედ ამის შემდეგ დაიწყო პროკურატურამ ,,ზუგდიდვაჭრობით" დაინტერესება.
- რატომ გაყიდეთ აქციები და როგორ მოიძიეთ ინვესტორი?
- ორგანიზაციას დაუგროვდა ვალი. საურავი დაგვიგროვდა. საგადასახადო გევუბნებოდა, - თუ არ გადაიხდით, ამ ფასში გაგიყიდითო. ჩვენც იძულებულები გავხდით ვინმე მოგვეძებნა და აქციები გაგვეყიდა... რა დავაშავეთ, არ ვიცი!
არ ვიცოდით, საკუთარი აქციების გაყიდვის შემთხვევაში, პროკურატურისთვის თუ უნდა მიგვემართა.
პროკურატურას რომ ეთქვა ჩვენთვის სახელმწიფოს სჭირდებაო... სხვათაშორის, 2006 წლის თებრვალში, გუბერნატორმა გოროზიამ შემოგვითვალა, - ვინმე მოვიდესო. ჩემზე უთქვამს, ხანდაზმული ქალია, ნუ შეაწუხებთო და ორგანიზაციიდან მივიდნენ. ზუგდიდში სტრატეგიული ობიექტის, თუ არ ვცდები სამხედრო ბაზის მშენებლობა უნდა დაწყებულიყო და რწმუნებულს უთქვამს, - ობიექტი მოგვეცითო. ჩვენ ნამდვილად არ გვითქვამს უარი. ამის შემდეგ, ჩვენთვის არც გუბერნატორს მოუმართავს, არც გამგეობას და არც არავის.
- რა თანამდებობა ეკავა და იყო თუ არა ჯინჯოლავა უფლებასოლი პირი ?ზუგდიდვაჭრობაში? ეწარმოებინა საბუღალტრო დოკუმენტაცია?
- იმ პერიოდში, გულნარა ჯინჯოლავა კადრების განყოფილების უფროსი ყოფილა. ვინ შეეკითხებოდა მას, ან ბალანსის შედგენას, ან აფასებას?! რატომ, ,,ზუგდიდვაჭრობას" არ ჰყავდა ბუღალტერი?!
ისიც მითხრეს, რომ გამომძიებელმა შესაბამის ორგანოებს კითხვით მიმართა, - რამდენად სწორად აქვს გაკეთებული ?ზუგდიდვაჭრობას? დოკუმენტაცია და საბუღალტრო წარმოებაო. იქიდან მოუვიდა დასკვნა, ყველაფერი აბსოლუტურად კანონის დაცვით და სწორად არის გაკეთებულიო. იცით რა არის საინტერესო, გულნარამ რა იცოდა რა მოხდებოდა რამდენიმე წლის მერე, გაიტანდა თუ არა სახელმწიფო აუქციონზე საკუთარ ქონებას? რატომ ედავებიან მილიონს?
ამასობაში კი ,,თავისუფალი გაზეთი" ამაოდ ელოდა სამეთვალყურეო საბჭოს თავმჯდომარეს, ბატონ პავლე ქვარცხავას. როგორც ჩანს, პროკურატურის შიშით, ჩვენთან შეხვედრას თავი აარიდა.
არადა, გვინდოდა მისთვის საკუთარი ხელით დაწერილი ჩვენება შეგვეხსენებინა.
17 სექტემბერი, 2007 წელი - პავლე ქვარცხავა: ,,ამჟამინდელმა დირექტორმა და სამეთვალყურეო საბჭოს ყოფილმა თავმჯდომარემ, გულნარა ჯინჯოლავამ მოძებნეს კერძო პირი, რომლებსაც სურდათ ჩვენი აქციების შესყიდვა. შემოსული თანხებით ჩვენ ვაპირებდით ბიუჯეტის ვალების დაფარვას.
მსურველები იყვნენ ფირმა ,,დ-ვორდის" წარმომადგენელი ვინმე თამაზ ქანთარია და თორნიკე ცხადაია. შემდეგ მათ რამდენჯერმე დაათავლიერეს ობიექტი, ავუხსენით ფაქტობრივი მდგომარეობა, ავუხსენით თუ ვის რამდენი აქცია ჰქონდა. ასევე საუბარი იყო სახელმწიფო ქონების პრივატიზებაზეც. ზოგადად გაყიდულ ქონებზე მიმდინარეობდა პროკურატურაში ძიება, მაგრამ მიუხედავად ამისა, მათ მიიღეს გადაწყვეტილება შეეძინათ ჩვენგან აქციები".
ბატონო პავლე, თუ იცოდით, რომ ზოგადად გაყიდულ ქონებაზე პროკურატურაში ძიება მიმდინარეობდა და თუ ასეთი კეთილსინდისიერი ადამიანი იყავით, რატომ გაყიდეთ საკუთარი აქციები და რატომ მოატყუეთ სახელმწიფო?! ან რატომ დათანხმდით ასეთი ,,თაღლითური" ორგანიზაციის სამეთვალყურეო საბჭოს თავმჯდომარე ყოფილიყავით?!
მოგვიანებით ქალბატონი ინოლა ისევ დაგვიკავშირდა და რედაქციაში წერილი გამოგვატანა, რომლის რეზიუმეც ასეთია:
,,თავისუფალი გაზეთის" ჟურნალისტს ი. მესხიას
...ჩვენს მიერ შედგენილი ქონების შეფასების აქტი და პრივატიზაციის გეგმაც სწორად მიმაჩნია.
რა მნიშვნელობა ჰქონდა ჩვენთთვის კაპიტალის შემცირებას? გაზრდილი კაპიტალის შემთხვევაში, აქციების რაოდენობაც გაიზრდებოდა და მეტ აქციებს მივიღებდით.
...აქციები შესყიდულ იქნა ნულოვანი აუქციონით 425471 ლარის კაპიტალიდან გამომდინარე, 1029598 ლარიდან რომ ყოფილიყო აუქციონზე, მაინც მიიღებდა ამ აქციებს და ამით არავითარ ზიანს არ მიყენებდა სახელმწიფოს.
გადასახდელი იყო ბიუჯეტის დავალიანება, რამაც ასიათას ლარს გადააჭარბა (მომდინარეობს ძველი წოდებიდან), რის გამოც ყადაღა დადებული იყო და გვემუქრებოდნენ ქონების გაყიდვით. ასევე მქონდა ცუდი ეკონომიური მდგომარეობა და გადავწყვიტე, გამეყიდა აქციები. თუ ვინ იყვნენ აქციების მყიდველები, ამის შესახებ მე არაფერი ვიცოდი. პირველად ვნახე აქციონერთა კრებაზე. ასევე თუ პროკურატურა იყო დაინტერესებული ამის შესახებაც არაფერი ვიცოდი, ვინაიდან ამის თაობაზე ორგანიზაციაში არც ოფიციალური და არც არაოფიციალური ცნობა არ არსებობდა.
მე როგორც ხანდაზმულს, 70 წელს მიღწეულს, არ გამახსენდა ათი წლის წინ მომხდარი შეფასების აქტი, რომ შედგენილი იყო ტერიტორიული კოეფიციენტის გათვალისწინებით რეალურ ფასად დასადგენად. ასევე სხვა დეტალები რომლებიც შემდგომში აღვიდგინე ნაწილობრივ?
იმედია, გამომძიებელი საჯაია 70 წლის ქალბატოს დაჭერით აღარ დაემუქრება და სასამართლოსთვის მისაცემ ჩვენებასაც თავად არ დაუწერს...
პ.ს. ბატონო როლანდ, მეტი რა ვქნათ, რა მტკიცებულებები წარმოგიდგინოთ იმის დამადასტურებლად, რომ თქვენს პროკურატურაში ადამიანებს ცრუ ჩვენებებს სძალავენ, ემუქრებიან და აშანტაჟებენ?! და თუ ეს ყველაფერი მაინც არ არის თქვენთვის საკმარისი, ჩვენ კვლავ გავაგრძელებთ ამ თემაზე მუშაობას. იქნებ რაიმე ზომები მიიღოთ...
Გამარჯობა ყველას,
ОтветитьУдалитьეს არის საზოგადოების ინფორმირებას, რომ თირკმლის ჯანსაღი დონორები საჭიროა ყველა სისხლის ჯგუფიდან, ჩვენ მოგაწვდით პატიოსან ფასს და საუკეთესო თერაპიას თქვენი გადანერგვისთვის, როგორც საუკეთესო საუკეთესო სამკურნალო საშუალება, თქვენ შეგიძლიათ შემოწიროთ ან დაეხმაროთ, თირკმელების პაციენტების სიცოცხლის გაუმჯობესებაში და მათ ოჯახები დაგვიკავშირდით შემდეგ საიტზე: drmercyhociation686@gmail.com
whatsapp dr mercy საავადმყოფო +2348100367800 ან whatsapp +491639478840
შემოწირეთ-დახმარება-დახმარება იყავით ცხოვრების დამზოგველი.