25.12.2008
,,ცოდვა არ არის, ეს დროშა ახლა ჩრჩილმა შესჭამოს, თაგვმა დაგვიჭამოს?! დრო-ჟამი ამას გვიქადის!!!... `` ილია ჭავჭავაძე
...ყურებში ბამბა დაცულებსა და თვალებზე ხელ-აფარებულებს, 9 ძმა ხერხეულიძეზეც არაფერი სმენიათ?!
თამარ ლეფსვერიძე
,,საქართველოს სახელმწიფო დროშა არის მართკუთხა თეთრი ფერის ქსოვილი, რომლის ცენტრალურ ნაწილში გამოსახულია დროშის ოთხივე გვერდთან დაკავშირებული სწორკუთხა წითელი ფერის დიდი ჯვარი; ჯვრის ვერტიკალურ-ჰორიზონტალური მკლავებით გამოყოფილ ოთკუთხედებში გამოსახულია ოთხი იმავე ფერის, ბოლნურ-კაცხური ჯვარი.``
(საქართველოს ორგანული კანონი საქართველოს სახელმწიფო დროშის შესახებ. მუხლი მე-2; ნაწილი პირველი)
ეს ის დროშაა, რომელიც ქვემოთ, სურათზეა გამოსახული. დიახ, ზუგდიდის ცენტრში, მიწაზე დაგდებული, ფეხქვეშ გათელილი და შეურაცხყოფილი ქართული დროშა და ჯვარი!!! შადრევნის ფონად გამოყენებული და მიწაზე გართხმული ქართველთა უკვდავების სიმბოლო!!!
თუ არავის შერცხვა ამის გაკეთება, ცოდვა-მადლის მაინც არ შეეშინდათ?! როგორც ჩანს, არა და როგორც ჩანს, ილია ჭავჭავაძე, თავის ერთ-ერთ საშობაო წერილში ,,რა გითხრათ, რით გაგახაროთ?``, სწორედ ამისთანა უგუნურ ადამიანებზე წერდა: ,,წყალობა ღვთისა კარგია, მაგრამ რა ქმნას მარტო წყალობამ, თუ ღვთის მიერ ნაწყალობებს თითონ ადამიანი არა ჰრწყავს, არა სხლავს, არა ჰფურჩქნის, არ უვლის, არ ჰპატრონობს. ღმერთმა, რაც წყალობა იყო, უკვე მოიღო ჩვენზე. დანარჩენი თქვენ იცით და თქვენმა კაცობამაო. რა კაცობა გამოვიჩინეთ? რა გითხრათ? რით გაგახაროთ? ...''
ვინ რა კაცობა გამოიჩინა საქართველოს ხუთჯვრიანი დროშის შეურაცხყოფისთვის და რაც მთავარია, რამდენი მილიონი გადაიხადეს ამ ,,დიად'' საქმეში, ამაზე დეტალურად მოგიყვებით. დანარჩენი თავად განსაჯეთ.
ქალაქ ზუგდიდის ცენტრს ამშვენებს ე. წ მოცეკვავე შადრევანი, რომლის ფონსაც წარმოადგენს მიწაზე გართხმული საქართველოს დროშა ხუთი ჯვრით. შადრევანი მუდმივად რომ ფუნქციონირებდეს, კიდევ რაღაცას იტყოდა ადამიანი ამ ,,დიდებული იდეის'' თავკაცთათვის სიტყვის შესაწევნად. მაგრამ მთელი უბედურება ისაა, რომ მოცეკვავე შადრევანი ძირითადად, საპატიო სტუმრების ჩასვლისას ფუნქციონირებს. ყველაზე კურიოზული კი ის გახლავთ, რომ ეს ღირშესანიშნაობა სხვადასხვა დროს, სამჯერ გაიხსნა საზეიმო ვითარებაში. ერთხელ პრეზიდენტის ჩასვლისას, მეორედ ნინო ბურჯანაძის სტუმრობისას და მესამედ ფრიდონ თოდუას დახვედრის აღსანიშნავად. მართლა სასაცილოა, სატირალი რომ არ იყოს!!!
სხვა დროს კი ეს ,,შედევრი'' ცეკვის ხასიათზე სულაც არ არის, მხოლოდ დროშის ზემოთ ამოწვერილი რკინები მიგვანიშნებს იმაზე, რომ ზე-იდეაში აქ შადრევანი იგულისხმება.
და როგორ ფიქრობთ, რა დაუჯდათ ეს იდეა ადგილობრივი თვითმმართველობის ,,კორიფეებს''?! არც მეტი არც ნაკლები, მილიონ ასთხუთმეტი ათასი ლარი!!!
დიახ, ერთ მილიონზე მეტად შეფასდა ქართული დროშისა და მასზე გამოსახული ბოლნურ-კაცხური ჯვრის შეურაცხოფა!
ხელშეკრულებას სახელმწიფო შესყიდვის შესახებ, რომელიც 2007 წლის 13 აგვისტოთი თარიღდება, ერთის მხრივ ხელს აწერს ზუგდიდის რაიონის გამგებელი ალექსანდრე ქობალია (შემდგომში ,,შემსყიდველი'') და მეორეს მხრივ, შპს. ,,იმობილიარე''(შემდგომში მიმწოდებელი) მისი დირექტორის, ირაკლი ძაგანიას სახით.
ხელშეკრულების საგანი კი გახლდათ 2007 წლის 30 ივლისის #416 განკარგულების საფუძველზე, საქართველოს პრეზიდენტის სარეზერვო ფონდიდან გამოყოფილი თანხით, ზუგდიდში, ცენტრალური ბულვარისა და რუსთაველის ქუჩის გადაკვეთის ადგილას, შადრევანის დამონტაჟებისა და მიმდებარე ტერიტორიის კეთილმოწყობა.
ახლა რაშია საქმე: სიტყვა ,,კეთილმოწყობა'', როგორც ჩანს, ყველას თავისებურად ესმის. ასე თავისებურად და სულისშემძვრელად გაიგო ეს სიტყვა ბატონმა ალექსანდრემაც და მრევლს, რომელმაც ეს ფაქტი გაპროტესტა, მოგვიანებით უმტკიცებდა _ მე არაფერ შუაში ვარ, ეს თბილისელებმა დაპროექტეს და გააკეთესო. ვის გულისხმობს თბილისელებში, ნამდვილად არ ვიცით, მაგრამ ზუსტად ვიცით, რომ ,,დიდი ალექსანდრეს'' ფეხრთქვეშგანრთხმული უშადრევნოდ დარჩენილი დროშის შესახებ, საქართველოს პრეზიდენტმა ჯერ არაფერი იცის.
ვინმემ უსამართლობაში რომ არ ჩაგვითვალოს, აქვე დავძენთ, რომ ზოგჯერ შადრევანი საღამოობითაც ირთვება, სეირნობის ჟამს. მაგრამ ესეც ვერაა დიდი შეღავათი, რადგან სიწმინდის პატივისცემა სამარადჟამო საქმეა და არა სადღე-ღამისო.
ყურად არც ვლაქერნის ღვთისმშობლის სახელობის ეკლესიის წინამძღვრის, დეკანოზ მამა მალხაზ (ჭანტურიას) შეგონება იღეს. მამა მალხაზმა ხაზგასმით აღნიშნა, რომ დასაგმობია ეს ფაქტი. მისი აზრით, დასაგმობია, რომ ქართული დროშა, რომელიც წარმოადგენს ქვეყნის ჰერალდიკურ სიმბოლოსა და ამავე დროს მართლმადიდებული რელიგიის სიწმინდეს, რომელიც ჯვრის სახით არის გამოსახული ქართულ დროშაზე, არ შეიძლება განრთხმული იყოს მიწაზე და მასზე ფეხით დადიოდნენ.
ეჰ, დიდი ილია ცოცხალი რომ იყოს, ვინ იცის მერამდენედ შეუძახებდა ამ ხალხს: ,,გავუძელით საბერძნეთს, რომსა, მონღოლებს, არაბებს, ოსმალ-თურქებს, სპარსელებს, რჯულიანსა და ურჯულოს და დროშა ქართველებისა, შუბის წვერით, ისრით და ტყვიით დაფლეთილი, ჩვენს სისხლში ამოვლებული, ხელში შევირჩინეთ, არავის წავაღებინეთ. ცოდვა არ არის, ეს დროშა ახლა ჩრჩილმა შესჭამოს, თაგვმა დაგვიჭამოს. დრო-ჟამი ამას გვიქადის... რა გითხრათ? რით გაგახაროთ?''
ხალხი ყოველთვის ბრძენია და ზუგდიდის მოსახლეობა და მრევლი, როგორც ყოველთვის, სათანადო სიმაღლეზე აღმოჩნდა. მათ ძალიან მკაცრად და კატეგორიულად დააფიქსირეს თავიანთი მოსაზრება ე. წ შადრევანთან დაკავშირებით.
ზუგდიდის მოსახლეობის განცხადების შინაარსს, რომლითაც ისინი მიმართავენ საქართველოს პრეზიდენტს, საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარის მოადგილეს, მაჟორიტარ დეპუტატს, სამეგრელო ზემო-სვანეთის რეგიონის გუბერნატორს, ზუგდიდის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარესა და ზუგდიდის მუნიციპალიტეტის გამგებელს, სრულად გთავაზობთ:
,,გვტკივა, განვიცდით და ვლოცულობთ იმისათვის, რომ რუსული აგრესიის პირობებში, ეკლესიისა და სახელმწიფო ერთიანობის სიმშვიდისა და დათმენის მაგალითი მივცეთ ქვეყანაში მცხოვრებ ყველა ადამიანს, რადგანაც ჩვენი ქვეყნის სახელმწიფოებრიობა ყოველთვის პირდაპირ დაკავშირებულ იყო ეკლესიისა და ხელისუფლების ერთიანობასთან. მადლობას გიხდით მატერიალური თუ მორალური მხარდაჭერისთვის, ეს იქნება ახალი ეკლესიების მშენებლობა თუ უძველესი სულიერ-კულტურული ძეგლების შენარჩუნება, როგორც საქართველოში ისე მის ფარგლებს გარეთ. სამშობლოს მოყვარული ადამიანისთვის, ადვილად შესამჩნევია ის თავდაუზოგავი შრომა, რომელსაც აკეთებენ ადგილობრივი თვითმმართველი ორგანოები ქალაქებსა და სოფლებში ინფრასტრუქტურის განვითარებისთვის. მოგმართავთ თხოვნით იმ ქალაქიდან, სადაც დაბრძანებულია ღვთისმშობლის კვართი და სხვა ქრისტიანული სიწმინდეები, რომელიც ბევრჯერ გადაურჩა უამრავ შიდა თუ გარე მტრის ავ განზრახვას, ქალაქიდან, რომელიც ღვთის შეწევნითა და ხელისუფლების აქტიურობით, დღითიდღე ლამაზდება და მშვენდება.
აღსანიშნავია, რომ უახლოეს წარსულში, ჩვენი ქვეყნის ჰიმნი არ იცოდა მოსახლეობის ერთმა პროცენტმაც კი, ხოლო სახელმწიფოს უპირველესი სიმბოლო, დროშა, არ გამოირჩეოდა ესთეტიური თვალსაზრისით, მასზე ნაკლებად აისახებოდა ქვეყნის ისტორიულ-პატრიოტული მოტივაცია. ჩვენი ხუთჯვრიანი დროშა საამაყოა თითოეული ჩვენთაგანისთვის და მას სიამაყით ეპყრობა თოთოეული ქართველი.
არის საკითხები, რომელიც აუცილებელია დაიცვას ყველა ქრისტიანმა და მისი შეუსრულებლობა წარმოადგენს ცოდვას, რომელიც გადმოდის თითოეულ ჩვენთაგანზე. ცნობილი ფაქტია, რომ 1227 წელს, ხვარაზმელმა დამპყრობლებმა მტკვარზე გადებულ ხიდთან მიიყვანეს თბილისის მოსახლეობა, შუაში დაალაგეს ხატები და ჯვრები, მის გასწვრივ კი ხვარაზმელი მეომრები განლაგდნენ დაშიშვლებული ხმლებით და მათ მიეცათ ბრძანება მხოლოდ ისინი გაეშვათ იქ შეყრილი ხალხისგან, ვინც ხატებზე და ჯვრებზე გადაივლიდა. დაუმორჩილებლობის შემთხვევაში, მათ თავის მოკვეთით დაემუქრნენ, სულთნის მეომრები ადგილზე სჯიდნენ ყოველს, ვინც მათ ბრძანებას არ ასრულებდა. ამ დღეს ასი ათასი ქართველი მორწმუნე ქრისტიანი დასაჯეს, ვინც მათი ბრძანება არ შეასრულა, რწმენა არ უარყო და საკუთარი ქრისტიანული ვალის მოსახდელად სიცოცხლე გაწირა.
ცნობილ მარაბდის ბრძოლაში, სადაც შაჰ-აბასის ურიცხვი ჯარის წინააღმდეგ იბრძოდნენ ქართველი მეომრები, ხალხის თქმულებით ამ ბრძოლის გმირებს, ცხრა ძმა ხერხეულიძეს, დედა გვერდიდან არ მოშორებია, ამხნევებდა მათ. როცა შვილები იღუპებოდნენ, სასიკვდილოდ დაჭრილი შვილების ხელიდან ხელში, დროშა დედას გადაჰქონდა, როგორც გამარჯვებისა და დაუმარცხებლობის სიმბოლო, რომელიც დაბლა არ უნდა დაცემულიყო.
ქალაქ ზუგდიდის ცენტრს ნამდვილად ამშვენებს მოცეკვავე შადრევანი, სადაც პატარები ერთობიან მზიან ამინდში, მაგრამ სამწუხარო ფაქტია და ამავე დროს, როგორც ქრისტიანული, ასევე სახელმწიფოებრივი მნიშვნელობით მიუღებელია ის ფაქტი, რომ შადრევანის ფონს წარმოადგენს დროშა ხუთი ჯვრით, რომელზეც ბუნებრივად ხდება ფეხის დაბიჯება. რამდენადაც ჩვენთვის ცნობილია, არის ქვეყნები, სადაც დროშის ძირს დაგდება სისხლის სამართლის დანაშაულად ითვლება.
ჩვენი მოთხოვნაა, შადრევანზე შეიცვალოს აღნიშნული სიმბოლიკა, რათა ცოდვა, რომელიც საუკუნის წინ მტერმა ძალის გამოყენებით ვერ ჩაგვადენინა, დღეს ჩვენი უნებური საქციელით არ ჩავიდინოთ.
ჩვენ იმედი გვაქვს კეთილგონიერების.
ჩვენ ვლოცულობთ ჩვენი ქვეყნისა და თქვენს მიერ დასახული მომავალი გამარჯვებისთვის.''
პ.ს. ეს მცირე ისტორიული მიმოხილვა კი ყურებში ბამბა დაცულთა და თვალებზე ხელ აფარებულთა გასაგონად და წასაკითხად გვინდა მოვიყვანოთ. მათთვის, ვინც უზარმაზარი თხრილის წინაშე დგას და ვერ გრძნობენ. უფრო მეტად კი მისთვის, ვისაც ბავშვობისას 9 ძმა ხერხეულიძის თავდადების ამბავი არც წაუკითხავს და არც გაუგონია...
1625 წლის 1 ივლისი. საზიარებლად გაემზადა ქართველთა ლაშქარი: წესისამებრ, მეომრები ომის დაწყების წინ ქრისტეს წმიდა სისხლსა და ხორცს ეზიარებოდნენ ცოდვათა მისატევებლად და ბრძოლაში წარმატების საწინდრად.
მეომართა გვერდით იარაღით შეჭურვილი სამღვდელოებაც დამდგარიყო, რადგან ესეც წესად იყო დადებული: ყოფნა-არყოფნის ზღვართან მყოფ საქართველოს ჯვრით და მახვილით იცავდა ერი და ბერი.
რუისელმა ეპისკოპოსმა დალოცა მხედრობა, თვითონაც, აბჯრით შეჭურვილი, მეწინავე რაზმში ჩადგა. გორგასლიან-დავითიან-თამარიან დროშას ცხრა ძმა ხერხეულიძე დაუყენეს დარაჯად.
შეტევა გარიჟრაჟზე დაიწყო. მცირერიცხოვან ქართველთა სიმამაცემ ყიზილბაშები უკუაქცია, მაგრამ გამოცდილმა მთავარსარდალმა ისა-ხან ყორჩიბაშმა არ დათმო ბრძოლა.
ცხრა ძმა ხერხეულიძის ხელში გადაინაცვლა ქართულმა დროშამ, ცხრა ძმა გმირულად დაეცა მარაბდის ველზე, შემდეგ ნაბოლარამ - ერთადერთმა დამ იპყრა ხელთ დიდგორსა და ბასიანში გამოვლილი დროშა და როცა იმანაც ჩაიმუხლა, დედამ აღმართა ქართველთა უკვდავების სიმბოლო.
Комментариев нет:
Отправить комментарий