пятница, 1 апреля 2011 г.

მართლმსაჯულების ხარისხი ქუთაისურად


ანუ
1. სასამართლო პატიმრების გარეშე
2. სავარძელზე წამოწოლილი მოსამართლე სირაძე და...
3. ღიმილისთვის დაჯარიმებული ადვოკატები


სასამართლო _ პატიმრების გარეშე, კოკაინით ვაჭრობა _ კოკაინის გარეშე და აუდიოექპერტიზა _ ხმის იდენტიფიკაციის გარეშე........................

თამარ ლეფსვერიძე


დღე პირველი

''მართლმსაჯულების ხარისხი და მისი თანამედროვე გამოწვევები'', - ასეთი სახელწოდებით ჩატარდა კონფერენცია ''შერატონ მეტეხი პალასში,'' რომელსაც ქართული მართლმსაჯულების ყველა ლიდერი ესწრებოდა. ქართული სასამართლოს რეფორმატორი ''მამები'' უცხოელი კოლეგებისა და დონორი ორგანიზაციების წინაშე მიღწეული შედეგებით იწონებდნენ თავს.
''მაღალი ხარისხის საქმის წარმოება საჭიროა იმისთვის, რომ მიღებული იქნეს მაღალი ხარისხის გადაწყვეტილება'' განაცხადა კონფერენციის ორგანიზატორმა… და უცებ ისეთი შეგრძნება დამეუფლა, თითქოს ქუთაისელი მოსამართლე მარინა სირაძე თავის ჩაქუჩს თავში მირტყამდა. ვისაც საკუთარი თვალით არ უნახავს რა ძალითა და ენერგიით არტყამს მოსამართლე სირაძე ჩაქუჩს, ვისაც საკუთარი ყურით არ მოუსმენია რა გამაყრუებელი ხმაურით აკეთებს ამას, ის ვერასდროს გაიგებს ჩემს შეგრძნებას. მთელი პროცესის განმავლობაში ვოცნებობდი, რომ ჩაქუჩის ნაცვლად მსაჯების სასტვენი ჰქონოდათ მოსამართლეებს, სხვაგან თუ არა ქუთაისის აპელაციაში მაინც...
თვალწინ დამიტრიალდა ქუთაისის სააპელაციო სასამართლო და მოსამართლე მარინა სირაძე... რას წარმოვიდგენდი, კონფერენციის მეორე დღე სწორედ ამ სასამართლო პროცესის განხილვას თუ მიეძღვნებოდა.

დღე მეორე

ქართული სასამართლოს ტოპ-ხუთეულისთვის (კოტე კუბლაშვილი, ზაზა მეიშვილი, გიორგი ჩინჩალაძე, მამია ფხაკაძე და მალხაზ გურული), ადვოკატ მანანა კობახიძის სიტყვები, - აგერ ვარ ბატონებო და თუ ჩემს საქმეზე მსჯელობთ, მეც ვითხოვ სიტყვას, - მეხის გავარდნის ტოლფასი იყო.
ადვოკატთა ასოციაციის თავმჯდომარემ, ზაზა ხატიაშვილმა ზემოთხსენებულ კონფერენციაზე, თავის მოხსენებაში რამდენიმე სიტყვით ახსენა ქუთაისის სააპელაციო სასამართლოში ღიმილის გამო დაჯარიმებული ადვოკატები.
უცებ, გაირკვა, რომ უზენაესი სასამართლოს თავმჯდომარის პირველი მოადგილე ზაზა მეიშვილი და ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს თავმჯდომარე მალხაზ გურული, ჩემს მიერ ხსენებული მარინა სირაძის მიერ წარმოებული პროცესის შესახებ დეტალურად ფლობდნენ ინფორმაციას.
არადა, პროცესს არცერთი მათგანი არ დასწრებია და რაც მთავარია, არც სასამართლო ოქმია ხელმისაწვდომი, რადგან განაჩენი ჯერ არ დამდგარა. დეტალები კი, რომელზედაც მალხაზ გურულმა ისაუბრა, პრესითაც არ გავრცელებულა, რადგან მედიის წარმომადგენლებიდან, აღნიშნულ პროცესს მხოლოდ მე ვესწრებოდი.
ვის კაბინეტში და რატომ ხდება ამ საქმის განხილვა? რატომ აბარებენ ზემდგომებს მიმდინარე პროცესის დეტალურ ანგარიშს? საჯაროდ, კონფერენციაზე რატომ აფიქსირებს პოზიციას 2 სასამართლოს ხელმძღვანელი პირი?
ბოლოსდაბოლოს, სადაური წესია 5 მოსამართლე მამაკაცი ერთი ადვოკატი ქალის წინააღმდეგ? პატივცემულ მოსამართლეებს შეჯიბრობითობის პრინციპი არც აქ გახსენებიათ...
უცხოელებისთვის ნაფოფინები კონფერენციის იდილია დაირღვა. მანანა კობახიძეს 10 წუთი (იძულებით) დაუთმეს. ტოპ-ხუთეულს 20 წუთის წინანდელი რიხისა და პათოსისგან აღარაფერი შერჩა. გამომსვლელი ადვოკატისთვის არც კითხვის დასმის სურვილი გასჩენიათ და არც შეხედვის. კონტრარგუმენტებზე საუბარიც ზედმეტია.
სამაგიეროდ, გაფართოებული თვალებითა და დიდი ყურადღებით აკვირდებოდა ამ ყველაფერს დრეზდენის სააპელაციო სასამართლოს თავმჯდომარე, ულრიხ ჰაგენლოხი.
სწორედ ამ ისტორიულ-საკონფერენციო სასამართლო პროცესის რეპორტაჟის მაგალითზე მინდა განვიხილო ქართული მართლმსაჯულების ხარისხი.

რა არის მართლმსაჯულების ხარისხი?! - მარინა სირაძის აზრით, ეს არის პროცესი პატიმრების გარეშე!


საქმეთა განხილვის ხარისხის პირველი სამი პარამეტრი, ფინური კრიტერიუმით!!! (ქალბატონო მარინა), კანონიერება,სამართლიანობა და დასაბუთებულობაა. კანონზე დაყრდნობა, ამავე კრიტერიუმით, გულისხმობს მოსამართლის მიერ ევროპის ადამიანის უფლებათა კონვენციის გამოყენებას!

ქუთაისის სააპელაციო სასამართლოში ნუგზარ ბოჭორიშვილის, გიორგი ჩეჩელაშვილის, მევლუდ სვანიძის, ანასტასია ზაუტაშვილისა და სხვათა გახმაურებული საქმე იხილება. ქართულ საზოგდოებას კარგად ახსოვს სოფელ ტყაჩირში, სათბურში ამოღებული 1.7 მილიონი ევრო, რომელიც ქართველმა სამართალდამცავებმა კოკაინით ვაჭრობას დაუკავშირეს, ოღონდ კოკაინის გარეშე. რადგან 220 კილო კოკაინი, რაზედაც საბრალდებო დასკვნაშია საუბარი, ბუნებაში არ არსებობს. ერთადერთი მტკიცებულება მოწმე ლევან კოჩაძის ღრძილებია (რომელიც თურმე კოკაინმა დაგემოვნების დროს გაუცივა).
საქმეში არსებული სხვა''მტკიცებულებები'' მხოლოდ ვარაუდებზეა აგებული. ამ ვარაუდების მიხედვით კი 220 კილო კოკაინს, 10, 20, 30, 40,120 კილოდ დაფასოებულს, თვეების განმავლობაში წინ და უკან ''დააპორწიალებდნენ'' ოთხი ქვეყნის საზღვარზე.
ასე უმოწყალოდ წაიბილწა მინიმუმ ოთხი ქვეყნის საბაჟოს ავტორიტეტი, რომ არაფერი ვთქვათ საკუთარი ქვეყნის (კიდევ ერთხელ) ნარკოსატრანზიტო კორიდორად გამოცხადებაზე.
ღრძილებზე დაყრდნობილი ვარაუდების მიუხედავად, 5 ადამიანს ისეთ უმძიმეს დანაშაულში ედება ბრალი, რომელიც ითვალისწინებს უვადო თავისუფლების აღკვეთას, 30 წელს, 24 წელს... თითოეულ მათგანს, სრული უფლება აქვს არა მხოლოდ დაესწროს, არამედ მონაწილეობაც მიიღოს იმ სასამართლო პროცესებში, სადაც მათი საქმე იხილება. ეს უფლება მათ მინიჭებული აქვთ საქართველოს სისხლის სამართლის პროცესის 531-ე და ევროკონვენციის მე-6 მუხლით.
მაგრამ ეს ''უნიკალური'' პროცესი პატიმრების გარეშე ტარდება და მოსამართლე მარინა სირაძის ქმედებებისა და განწყობის მიხედვით თუ ვიმსჯელებთ, ევროკონვენციის მე-6 მუხლმა ქუთაისის აპელაციაში ჩაილურის წყალი დალია...
მანანა კობახიძე: ''უზენაესი სასამართლოს თავმჯდომარის პირველი მოადგილის, ბატონი ზაზა მეიშვილისა და ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს თავმჯდომარის ბატონი მალხაზ გურულის გასაგებად მინდა ვთქვა, რომ მე და ლალი აფციაურმა ერთ-ერთი სხდომა პროტესტის ნიშნად სწორედ იმიტომ დავტოვეთ, რომ თქვენი სასამართლო ართმევს პატიმრებს კანონით მინიჭებულ უფლებას, მიიღონ მონაწილეობა სასამართლო განხილვაში. სხდომის დატოვების მიზეზი ეს იყო და არა ის, თითქოს ლექციაზე მაგვიანდებოდა, როგორც თქვენ განაცხადეთ ბატონებო ამ რამდენიმე დღის წინ გამართულ კონფერენციაზე, სადაც აღნიშნული საქმე და პროცესი საჯარო განხილვის თემად აქციეთ.
კიდევ ერთხელ ვიმეორებ, საქართველოს სისხლის სამართლის პროცესის 531-ე მუხლის, ევროკონვენციის მე-6 მუხლისა და მე-7 დამატებითი ოქმის თანახმად, მინიმუმ 2 ინსტანციის სასამართლოში, მსჯავრდებულებს უფლება აქვთ მონაწილეობა მიიღონ სასამართლო განხილვაში და თავადაც დაკითხონ მოწმეები, ექსპერტები. იქნებ, მათ სასამართლოსთვის ჩვენების მიცემის სურვილიც გაუჩნდეთ. ეს ყველაფერი სასამართლო გამოძიების ინტერესებში არ უნდა შედიოდეს?!''
ვერ გეტყვით, რომელ ინტერესებზეა საუბარი, რადგან მოსამართლეს ისე კოდირებულად ჰქონდა ჩადებული, - ადვოკატთა შუამდგომლობა პატიმრების მიყვანაზე არ დაეკმაყოფილებინა, რომ დაავიწყდა, აზრი პროკურორისთვისაც ეკითხა. იქნებ ბრალდება თანახმა იყო პატიმრების დასწრებაზე? იქნებ სასწაული ხდებოდა? ადვოკატ ლალი აფციაურის განცხადებით, ეს აცილების ერთ-ერთი მიზეზია და ასეთი უნიკალური ხარვეზები პროცესებზე ხშირად არ ხდება.
ასეთი გამაყრუებელი ხმაურითაც არცერთი მოსამართლე ურტყამს ჩაქუჩს!

რა არის დასაბუთებულობის ხარისხი? - მოსამართლე სირაძე U.S.A-ს სახელმწიფო დეპარტამენტის წინააღმდეგ!

''სასამართლო გადაწყვეტილებების ხარისხი ძირითადად დამოკიდებულია დასაბუთებულობის ხარისხზე. მხარეთა არგუმენტებზე პასუხის გაცემა არის უმთავრესი გარანტია, რომ მოსამართლემ განიხილა და მხედველობაში მიიღო მისი არგუმენტები.''

ქართული სასამართლოს პარამეტრების მიხედვით კი ამერიკის სახელმწიფო დეპარტამენტის ოფიციალური ანგარიში, რომელიც თავდაყირა აყენებს მთელს საქმეს, სათვალავში ჩასაგდებიც არ არის. განხილვას კი საერთოდ არ ექვემდებარება.
მარინა სირაძის აზრით, ადვოკატების ლალი აფციაურისა დ მანანა კობახიძის მიერ წარდგენილი მტკიცებულება საქმის გარემოებას არ ცვლის. შეჯიბრებითობის პრინციპს თავი დავანებოთ (სასამართლოსთან პრინციპებს რა ხელი აქვს) და შედარებითობის პრინციპს მივმართოთ. შეგახსენებთ, რომ ინფორმაცია, რომელიც აღნიშნულ ანგარიშშია გამოქვეყნებული და საქართველოში ნარკოტიკული და ქიმიური პრეპარატების კონტროლს ეხება, აშშ-ს საქართველოს შსს-მ მიაწოდა ოფიციალურად.
იპოვეთ 3 განსხვავება.
1. ქართული საბრალდებო დასკვნის მიხედვით, ნუგზარ ბოჭორიშვილსა და ორგანიზებულ ჯგუფს, ბრალად ედებათ 220 კილოგრამი კოკაინის შემოტანა.

1.1 აშშ-ს სახელმწიფო დეპარტამენტის ანგარიშის მიხედვით, ნუგზარ ბოჭორიშვილსა და ორგანიზებულ ჯგუფს ბრალად ედებათ 90 კილოგრამი კოკაინის შემოტანა.

2. ქართული საბრალდებო დასკვნის მიხედვით, ამოღებულია 133,8642 გრ კოკაინი მევლუდ სვანიძის (ბოჭორიშვილის სიძე) ავტომანქანიდან სოფელ ტყაჩირში.

2.1. აშშ-ს სახელმწიფო დეპარტამენტის ანგარიშის მიხედვით, საქართველოში, 2010 წელს, მთლიანად ამოღებულია 0.099 გრამი კოკაინი, ოღონდ არ არის დაკონკრეტებული, რომელი საქმიდან. რაც შეეხება ბოჭორიშვილის საქმეს, ანგარიშის თანახმად, კოკაინის ამოღება ვერ მოხერხდა ქართველი სამართალდამცავების მხრიდან დაგვიანების გამო.

3. ქართული საბრალდებო დასკვნის მიხედვით, კოკაინმა ექსპერტიზა ჯერ კოჩაძის ღრძილებზე გაიარა, შემდეგ კი აგრონომ ინა თევზაიას ხელში.

3.1 აშშ-ს სახელმწიფო დეპარტამენტს

კოკაინის ექსპერტიზა ჯერ არ ჩაუტარებია, რადგან ქართველი სამართალდამცავებს ე. წ კოკაინი ჯერ არ მიუწოდებიათ.



აბა რა, ეს ფაქტორები სულ არ ცვლის გარემოებას! მარტივი არითმეტიკის მიხედვით კი 220_90 =…130. თვალსა და ხელს შუა, დოკუმენტაციებში დაკარგული 130 კილოგრამი კოკაინის ამბავი ზრდილობის გამო მაინც უნდა გაერკვია ალბათ მოსამართლეს.
ამოცანა გვეკითხება, ვინ სტყუის ასე ურცხვად?
- ქართული შსს თუ მეგობარი აშშ?
ლალი აფციაური:
''ან ჩვენ გვატყუებს შსს, ან ამერიკის სახელმწიფო დეპარტამენტს. მაგრამ რაღაც არა მგონია, იმხელა სტრუქტურას ატყუებდნენ და თავს შარში იგდებდნენ. ამიტომ, სიყალბე ისაა, რაც ჩვენ წარმოგვიდგინეს საქმეში.
წარმოდგენილი ანგარიში საყოველთაოდ აღიარებული ფაქტია, რომელსაც მტკიცებაც კი არ ჭირდება. ამიტომ, პროკურატურას ბევრი აქვს გასარკვევი შსს-სთან.
მეგობარი სახელმწიფო კია ამერიკა, მაგრამ მხოლოდ მისი ლამაზი თვალების გამო არ მიაწოდა შსს-მ ეს ინფორმაცია. საქმე ისაა, რომ გაეროს გარდა, რომელიც ნარკოტიკების უკანონო ბრუნვას აკონტროლებს, ნარკოტიკული და ქიმიური საშუალებების კონტროლს ამერიკის სახელმწიფო დეპარტამენტიც ახდენს. ყველა ის ქვეყანა, ვინც მიერთებულია ამ ხელშეკრულებას, ვალდებულია წარუდგინოს ანგარიში, თორემ მეგობრობა აქ არაფერ შუაშია. სწორედ ამ ვალდებულებაშია ასახული, რომ ჩვენს ქვეყანაში, 2010 წელს არ ამოღებულა ნარკოტიკული საშუალება კოკაინი, რომელიც მევლუდ სვანიძეს ედება ბრალად. ნარკოტიკის არსებობის შემთხვევაში, ამერიკის სახელმწიფო დეპარტამენტი, ნიმუშისთვის ოფიციალურად გაითხოვს გარკვეულ ნაშთს და მასზე ტარდება ექსპერტიზა მწარმოებელი ქვეყნის დადგენაზე. აბსოლუტურად ყველა ქვეყნის ინტერესში შედის, გაიგოს ვისი წარმოებულია ნარკოტიკი. სვანიძის ავტომანქანის ჩხრეკისას, სინამდვილეში რომ ყოფილიყო კოკაინი ამოღებული, აუცილებლად ჩაუტარებდნენ ექსპერტიზას და ამის გაკეთებას აგრონომ ინა თევზაიას არავინ ანდობდა''

სასამართლო _ პატიმრების გარეშე, კოკაინით ვაჭრობა _ კოკაინის გარეშე და აუდიოექპერტიზა _ ხმის იდენტიფიკაციის გარეშე........................

არც ამერიკის სახელმწიფო დეპარტამენტია მარინა სირაძისთვის ავტორიტეტი, არც მისი ოფიციალური დასკვნაა მტკიცებულება, არც ჭეშმარიტება აინტერესებს, არც შეჯიბრებითობა და საერთოდ, ბალი ათი შაური...
სამაგიეროდ, ასეთი გამაყრუებელი ხმაურით, არცერთი მოსამართლე ურტყამს ჩაქუჩს!


მოსამართლის მხრიდან ეთიკისა და ნორმების დარღვევის კულმინაციამ მაშინ მიაღწია პიკს, როცა დასაკითხად შსს-ს ექსპერტები დაიბარეს.
სიტუაცია იყო დაახლოებით ასეთი: გახსოვთ ალბათ სუყველას, ბავშვობაში ომზე ფილმებს რომ ვუყურებდით. აქეთ იყვნენ ჩვენები (საბჭოთა ჯარი) და იქეთ მტრები (გერმანელი ფაშისტები).
მოსამართლე სირაძეს საერთოდ დაავიწყდა სად იმყოფებოდა, როცა თავისიანები (შსს-ს ექსპერტები) დაინახა და ადვოკატებს ღია ომი გამოუცხადა. ეთიკის ნორმების მსგავსი დარღვევა მხარეებთან კომუნიკაციისას, არასდროს და არცერთ სასამართლო პროცესზე მინახავს. ექსპერტების დაკითხვისას, პროცესში აქტიურად ჩაერთო სასამართლო შემადგენლობის მეორე წევრი, დავით სვანაძე, რომელმაც შსს-ს ექსპერტების ადვოკატის ფუნქცია ისე შეითავსა, დამსწრე საზოგადოებისა და მედიის წინაშე უხერხულობის გრძნობასაც კი არ შეუწუხებია.
პროცესის დასრულების შემდეგ, მოსამართლეთა ავტობიოგრაფიულ ცნობებს გადავხედე.

ვინ არის დავით სვანაძე?

1977 წელს დაამთავრა საყულიის საშუალო სკოლა.
1986 წელს დაამთავრა ყოფილი საბჭოთა კავშირის შინაგან საქმეთა. სამინისტროს მოსკოვის მილიციის უმაღლესი სკოლა.
1978-80 მსახურობდა სამხედრო სავალდებულო სამსახურში.
1977-78 მუშაობდა ქუთაისის ელექტრომექანიკურ ქარხანაში მუშად.
1982 წლამდე მუშაობდა წყალტუბოს შინაგან საქმეთა საქალაქო განყოფილებაში მილიციელად.
1986 წელს მუშაობდა ზესტაფონის შინაგან საქმეთა რაიონულ განყოფილებაში გამომძიებლის თანამდებობაზე.
1988-90 წწ. მუშაობდა წყალტუბოს შს საქალაქო განყოფილების მოკვლევის სამსახურის უფროსი ინსპექტორის თანამდებობაზე.
1990-93 წწ. იმავე განყოფილების საგამოძიებო ქ/განყოფილების გამომძიებლად.
1993-94 წწ. მუშაობდა საქართველოს შს საქმეთა სამინისტროს საგზაო პოლიციის სამმართველოს იმერეთის საგამოძიებო ჯგუფის უფროს გამომძიებლად.
1994-995 წწ- სატრანსპორტო საგამოძიებო სამმართველოს ქუთაისის განყოფილების უფროსად.
1995 წელს დაინიშნა საქართველოს შს სამინისტროს საგამოძიებო დეპარტამენტის იმერეთის მხარის საგამოძიებო განყოფილების უფროსად.
1996 - დან განყოფილების უფროსის მოადგილედ.
1998 - წლიდან სამმართველოს საგამოძიებო სამსახურის უფროს გამომძიებლად.
1999 წლიდან არის თადარიგის მაიორი.
2000 წლის 1 აგვისტოდან მუშაობდა ქუთაისის საოლქო სასამართლოში მოსამართლის თანაშემწედ.
საქართველოს პრეზიდენტის 2001 წლის 22 მაისის №476 განკარგულებით დაეკისრა ქუთაისის საოლქო სასამართლოს მოსამართლის უფლებამოსილების განხორციელება 18 თვის ვადით.
საქართველოს პრეზიდენტის 2002 წლის 12 დეკემბრის №522 ბრძანებულებით დაინიშნა ქუთაისის საოლქო სასამართლოს მოსამართლედ 10 წლის ვადით.

ვინ არის მარინა სირაძე?

1978 წელს დაამთავრა ქ. ქუთაისის მეორე საშუალო სკოლა.
1992 წელს დაამთავრა კრასნოიარსკის სახელმწიფო უნივერსიტეტის იურიდიული ფაკულტეტი.
1982-1991 წლებში მუშობდა კრასნოიარსკის შს სამხარეო სამმართველოს საინფორმაციო განყოფილებაში, უფროსი ინსპექტორის თანამდებობაზე.
1992 წლიდან იყო საქართველოს ადვოკატთა კოლეგიის წევრი.
საქართველოს პრეზიდენტის 1999 წლის 7 მაისის №255 ბრძანებულებით დაინიშნა ქუთაისის საოლქო სასამართლოს მოსამართლედ
საბჭოთა კავშირის მილიციის თანამშრომლები და შევარდნაძის დანიშნული მოსამართლეები... ასეთი სურათი გვაქვს ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს ოფიციალურ ვებ-გვერდზე განთავსებული ოფიციალური ავტობიოგრაფიული მონაცემების მიხედვით.

შსს-ს კრიმინალისტიკური სამმართველოს ექსპერტებს ეთერ კუნელაშვილი და გიორგი ხიზანაშვილი წარმოადგენდნენ. დასკვნა, რომელსაც ეს ორი ახალგაზრდა აწერს ხელს, ეხება ერთ-ერთ უმნიშვნელოვანეს მტკიცებულებას, აუდიოჩანაწერს, რომლის საფუძველზეც ანასტასია ზაუტაშვილს ბრალი ედება უმძიმეს დანაშაულში _ დამამძიმებელ გარემოებებში განზრახ მკვლელობის მომზადებაში. შეგახსენებთ, რომ ანასტასია ზაუტაშვილს სასჯელის ზომად 30 წელი განესაზღვრა.
ექსპერტიზის დადგენილება იმის შესახებ, რომ აღნიშნული ჩანაწერი მონტაჟი არ ყოფილა, არ გამკვირვებია. მაგრამ გაოცებისგან თვალები ნამდვილად გამიფართოვდა, როდესაც ადვოკატ მანანა კობახიძის კითხვაზე, - ჩატარდა თუ არა ხმის ნიმუშზე პიროვნების იდენტიფიკაცია, ეთერ კუნელაშვილმა უპასუხა,- არა, რადგან ჩემთვის გამოძიებას მაგ კითხვით არ მოუმართავს. გთავაზობთ კითხვა-პასუხის ციტირებას:
მანანა კობახიძე - შეიძლება თუ არა, სრულყოფილი იყოს ფონოსკოპიური ექსპერტიზა თუ პიროვნების ხმის ნიმუშის იდენტიფიკაცია არ მომხდარა?
ეთერ კუნელაშვილი - ხმის ნიმუშის აღების გარეშე, პიროვნება პიროვნებას ვერ შედარდება.
ვისმენდი ამ ყველაფერს და თავ-ზარ-დაცემული ვფიქრობდი, _ რომ გამოჩნდეს ვინმე კარგი პაროდისტი (ნიჭიერ ადამიანებს რა დალევს ჩვენს ქვეყანაში) და ჩემი ხმით ისაუბროს ათას უბედურებაზე, ისე დამიჭერენ, გამასამართლებენ, გადამასახლებენ, რომ იმასაც არ დაადგენენ ნამდვილად ჩემი ხმა იყო თუ არა (?!) რატომ დავსვი ეს კითხვა-ძახილის ნიშანი არ ვიცი, იმიტომ რომ კითხვის პასუხი უკვე ვიცი.
არც ხმის ნიმუშის ექსპერტიზას ჩამიტარებენ და არც ლინგვისტურს!
არადა, მონტაჟის ნიშნების გამოსარკვევად, კომპლექსური ექსპერტიზა უნდა ჩატარდეს, მათ შორის ლინგვისტურიც.
მანანა კობახიძე - ქალბატონო ეთერ, ჩაატარეთ თუ არა ლინგვისტური ექსპერტიზა?
ეთერ კუნელაშვილი - არა.
მანანა კობახიძე - რატომ?
ეთერ კუნელაშვილი - ლინგვისტი არ გვყავს!
საბოლოო ჯამში, ისეთი ამბავი გაირკვა, სად წავსულიყავი, აღარ ვიცოდი. Fფონოსკოპიური ექსპერტიზის ჩატარებისას, ხელმძღვანელობენ კოვალის ცნობილი მეთოდით. თუმცა, გარდა კოვალისა, სხვა გამოჩენილ ავტორთა ნაშრომებიც არსებობს. მათ შესახებ ინფორმაციას ეთერ კუნელაშვილი არ ფლობს, ამიტომ კოვალის შემდეგ იყენებს თავის პირად ნაშრომს სახელწოდებით, _ ყველაფერი ტექნიკური ექსპერტიზის შესახებ.
მოკლედ, პირველი კოვალია საქართველოში (კიდევ კარგი) და მეორე ეთერ კუნელაშვილი!
ადვოკატებს პირველი 10 კითხვა ისე მოუხსნა მოსამართლე სირაძემ, თვალიც არ დაუხამხამებია. შეკითხვები ექსპერტიზის მეთოდიკას ეხებოდა.
ადვოკატმა ლალი აფციაურმა განაცხადა, რომ მოსამართლე ხელს უშლიდა მოწმის დაკითხვაში და შუამდგომლობა დააყენა კოლეგიის აცილების თაობაზე.
ლალი აფციაური:"ვაცხადებ, რომ მოსამართლე ხელს გვიშლის მოწმის დაკითხვაში, ამიტომ ვაყენებ შუამდგომლობას კოლეგიის აცილების შესახებ".
ამასთან დაკავშირებით, მარინა სირაძემ განაცხადა, აცილება მას შემდეგ დაეყენებინათ, რაც მოწმის დაკითხვა დასრულდებოდა.
ამ განცხადებას ადვოკატის პროტესტი მოყვა:"ქალბატონო მარინა, სწორედ იმიტომ ვაყენებ თქვენი აცილების შუამდგომლობას, რომ ამ მოწმის დაკითხვის საშუალებას არ მაძლევთ..." და უცებ პასუხად "დაბრძანდით ქალბატონო ლალი, დაბრძანდით, თქვენს თავს მაინც ეცით პატივი, საზოგადოებას თუ არ სცემთ!'
არ ვიცი, შუმდგომლობის დაყენება საკუთარი თავისა და საზოგადოების უპატივცემულობა თუ იყო, პირველად ქუთაისის სააპელაციოში გავიგე. არადა, სასამართლო პროცესზე პირველად ნამდვილად არ ვყოფილვარ...
როცა ლალი აფციაურმა მოწმე ეთერ კუნელაშვილს სთხოვა, ხმამაღლა ესაუბრა, რადგან არ ესმოდათ, მოსამართლე სირაძის ფამილარულობამ დარბაზში მხიარულებაც კი გამოიწვია, _ "ძალიან კარგად საუბრობს, ძალიან კარგად გვესმის... თქვენ ახლა სხვა რამეზე ფიქრობთ ქალბატონო ლალი..."
და გამახსენდა ორი წუთის წინ ნათქვამი სიტყვები: "თქვენს თავს მაინც ეცით პატივი, საზოგადოებას თუ არ სცემთ!"
გაეცინა საზოგადოებას, მათ შორის ლალი აფციაურსაც და ამას მყისიერად მოჰყვა ჩაქუჩის ბრახუნი და ჯარიმა...
მეორე ექსპერტი, გიორგი ხიზანაშვილი 22 წლის გახლავთ და ერთწლიანი სტაჟით...
მისი დაკითხვის მთელმა პროცედურამ ამ განწყობით ჩაიარა: ადვოკატის კითხვა მოხსნილია, პროკურორის პროტესტი დაკმაყოფილებულია! ადვოკატის კითხვა მოხსნილია, შემდეგი კითხვა! ადვოკატის კითხვა მოხსნილია, ფეხები ჩამოწიეთ ქვევით! (ეს შენიშვნა დარბაზში მსხდომს ეხებოდა)!
ექსპერტის ასაკის გაგებაზე და ზედიზედ მოხსნილ კიდევ 10 კითხვაზე, (ამ დროს მოსამართლე მარინა სირაძე სავარძელზე "გადაწოლილი" იყო) ადვოკატ მანანა კობახიძეს გაეღიმა.
"ქალბატონო მანანა, თქვენი ღიმილი სასამართლოს უპატივცემულობის გამომხატველია!", _ განაცხადა მოსამართლემ და კიდევ ერთხელ გაისმა ჩაქუჩის გამაყრუებელი ბრახუნი 100 ლარიან ჯარიმასთან ერთად...
სანქციები ამით არ დასრულებულა. ლალი აფციაური 200 ლარით სიტყვა "მარაზმის" გამოყენებისთვის დაჯარიმდა, იგივე თანხით დაჯარიმდა მანანა კობახიძე 21 წლის ექსპერტისთვის უნდობლობის გამოცხადების გამო, რაც სასამართლომ ექსპერტის შეურაცხყოფად ჩაუთვალა.
არადა, იმ დიდ კონფერენციაზე რითაც სტატიის წერა დავიწყე, ევროპული, ამერიკული და ქართული კრიტერიუმითაც, სასამართლოს სერვისის ხარისხში თავაზიანობაც შედის!


პროკურორის საკვანძო კითხვა, ქალბატონი თამარი და მოგვიანებით კიდევ ბევრი რამ...


დაცვის მოწმეებს სოფელ ტყაჩირის მცხოვრებლები, მევლუდ სვანიძის მეზობლები: ქალბატონი ციალა ბოჭორიშვილი, თამარ ბოჭორიშვილი და ბონდო გოგაძე წარმოადგენდნენ.
ქალბატონმა თამარმა, სასამართლოს წინაშე 9 შვილთაშვილი დაიფიცა, რომ ილაპარაკებდა სიმართლეს და არაფერს სიმართლის გარდა.
შეიძლება ქალბატონმა თამარმა არ იცის, როგორ გამოიყურება 50 ლარიანი და ვისი გამოსახულებაა ზედ, მაგრამ 9 შვილთაშვილს ტყუილზე არ დაიფიცებდა...
გეგუთის პოლიციის განყოფილების უბნის ინსპექტორ-გამომძიებლის, დავით ადამიას მიერ მიცემული ჩვენების თანახმად, "2010 წლის 02 ივნისს, მას და მის თანამშრომლებს ნიკოლოზ ცერაძეს და იაკობ ინანეიშვილს, დაევალათ ნარკოტიკული დანაშაულის ჩადენაში ეჭვმიტანილი მევლუდ სვანიძის ადგილსამყოფელის დადგენა. მათ მიიღეს ოპერატიული ინფორმაცია, რომ მ.სვანიძე იმყოფებოდა წყალტუბოს რაიონის სოფელ ტყაჩირში "ბოჭორიშვილების უბანში", რის შემდეგაც შსს კონსტიტუციური უსაფრთხოების დეპარტამენტის გამომძიებელ მალხაზ აბულაძესთან ერთად, გავიდნენ მის დასაკავებლად. სოფელ ტყაჩირში მისვლისას "ბოჭორიშვილების უბანში", ტყის მასივის დასაწყისში, სადაც უკვე მთავრდებოდა მოსახლეობა, შენიშნეს მევლუდ სვანიძე, რომელიც ჩქარი ნაბიჯებით მიდიოდა, როცა მიუახლოვდნენ, გაყვნენ ფეხით. მას ახლო მანძილიდან დაუძახეს, ისიც გაჩერდა, წარუდგინეს სამსახურებრივი მოწმობები და დააკავეს."
ქალბატონ თამარ ბოჭორიშვილს კი დეტალურად ახსოვს ამ ე.წ "დაკავების" ისტორია: წინა საღამოს ჩემმა შვილიშვილმა მოიყვანა ცოლი და მევლუდმა ისინი ფოთში წაიყვანა. პოლიციელები რომ მოვარდნენ და ერთი ამბავი შეიქნა, მე იქ ვიყავი დილის 8 საათიდან...~
ასევე დეტალურად ახსოვს მოწმეს, რომ სახლში დაბრუნებულმა მევლუდმა, როგორც კი თავის ეზოში პოლიცილები დაინახა, ხელები აწია და თავად ჩაბარდა.
დღემდე ვერავინ გაიგო, რომელ ტყეში დასდევდნენ მევლუდ სვანიძეს, რადგან სოფელ ტყაჩირში ტყე არ არის. საკმაოდ მჭიდროდ დასახლებული სოფელია და სახლები ერთმანეთზეა მიწყობილი. სათბურებს თუ მოიხსენიებენ ტყედ, ვერ გეტყვით, მაგრამ ტყე ხეების გარეშე რომ არ არსებობს, ესეც ჭეშმარიტებაა.
დავით ადამიას მიერ მიცემული ჩვენების თანახმად,"გამომძიებელმა მალხაზ აბულაძემ დაიწყო მევლუდ სვანიძის პირადი ჩხრეკა. გამომძიებელმა მათი თანდასწრებით მ.სვანიძეს ჯინსის შარვლის უკანა მარჯვენა ჯიბიდან ამოუღო პირადობის მოწმობა და მართვის მოწმობა, შარვლის წინა მარცხენა ჯიბიდან კი ამოუღო 50 ლარიანი ბანკნოტი და ე.წ. "სკოჩში" შეხვეული ნივთიერება. (მოგვიანებით, ამ ნივთიერებას "ჰეროინი" ეწოდა სახელად. ავტ)"
თამარ ბოჭორიშვილს კარგად ახსოვს, რომ პოლიციელმა ამოიღო მხოლოდ 50 ლარი და ყველას დაანახა. არანაირი "სკოჩში" შეხვეული ნივთიერება ადგილზე ჩხრეკისას არ ამოუღიათ.
პროკურორი დეტალურად დაინტერესდა ამოღებული 50 ლარიანი კუპიურით და არაერთგზის ჰკითხა ქალბატონ თამარს, იცოდა თუ არა საერთოდ როგორი იყო 50 ლარიანი. ასევე არაერთგზის აუხსნა ქალბატონმა თამარმა, რომ ამის შესახებ მათ აცნობა პოლიციელმა, მაინც რომ ვერ გააგებინა, მოკლედ მოუჭრა, - მე, ბებია ვიცნობ ოხრახუშს და ცერეცოს, მითხრა პოლიციელმა, მაჩვენა და არ უნდა დამეჯერებინა?
ეს ერთადერთი ღიმილიანი ეპიზოდი იყო ამ სასამართლო პროცესზე...
მაგრამ, არც მთლად ასეა საქმე. თამარ ბოჭორიშვილს პოლიციის ყველაფერი არ სჯერა, რადგან ცხადად ახსოვს, მანქანის გასაჩხრეკად შესულმა პოლიციელებმა, პირველად, როდესაც მანქანა ნაწილებად დაშალეს, ვერაფერი აღმოაჩინეს. თავიდან შებრუნდნენ ავტოსადგომში და ქალბატონმა თამარმა საკუთარი თვალით დაინახა, როგორ დააგდეს რაღაც `სკოჩში~ გახვეული. ამის გამო უსაყვედურა კიდეც მათ, აქაურობა სუფთა იყო, არაფერი ეგდო და ეს საიდან გაჩნდაო.
გამოძიების მასალების მიხედვით კი: MERCEDES BENZ C180ავტომანქანის ძრავის სახურავის, ე.წ. "კაპოტი"-ს ახსნისას აღმოჩნდა, რომ ძრავსა და მის დამცავ ფარს შორის იყო რაღაც მოთავსებული, რის გამოც მოხსნილი იქნა ძრავის დამცავი ფარი, რომელიც დამაგრებული იყო ჭანჭიკებით. მოხსნის შედეგად, ძრავსა და მის დამცავ ფარს შორის აღმოჩნდა ე.წ. "სკოჩში" შეფუთული ნივთიერება.
მოგვიანებით, ამ ნივთიერებას `კოკაინი~ ეწოდა სახელად.
მოგვიანებით ისიც აღმოჩნდა, რომ ამ კლასისა და მოდელის ავტომანქანებს, ძრავის ქვემოთ დამცავი ფარი საერთოდ არ გააჩნია.
მოგვიანებით, კიდევ ბევრი რამ აღმოჩნდება, როგორც ჩანს...
ეს მოგვიანებით კი შეიძლება სულ მალე იყოს... დღეს კიდევ ერთხელ შეიკრიბება იგივე კოლეგია, იმავე საქმეზე...


    პ.ს. საქმეზე ნივთმტკიცებად ცნობილი მევლუდ სვანიძის 50 ლარი კუდ-ში ინახება და საქმეზე საბოლოო გადაწყვეტილების მიღების შემდეგ, მის კანონიერ მესაკუთრეს დაუბრუნდება. მილიონ შვიდასიათასი ევრო ნივთმტკიცება არ იყო? თუ საქმეზე საბოლოო გადაწყვეტილება უკვე მიღებულია?! ასე გამოდის, რადგან პრეზიდენტის პრეს-სპიკერმა, მანანა მანჯგალაძემ ამ თანხის გახარჯვის შესახებ უკვე ოფიციალურად განაცხადა.