четверг, 18 марта 2010 г.

პანიკა საქართველოში ყალბი ,,ახალი ამბების,,შემდეგ



ენდრიუ კრამერი

ზოგიერთებმა სასწრაფო დახმარების სამსახურს მიმართეს და გულის შეტევის შესახებ იუწყებოდნენ, სხვები პანიკაში პურის საყიდლად დახლებს მიაწყდნენ, ერთ–ერთი საზღვრისპირა სოფლის მოსახლეობამ სახლები მიატოვა და თავშესაფრის ძებნა დაიწყო – ეს ყველაფერი მას შემდეგ მოხდა, რაც ქართულმა ტელეარხმა შაბათს საღამოს ეთერში ცრუ „ახალი ამბები“ გადასცა, რომელიც იუწყებოდა, რომ ქვეყენაში რუსული ინტერვენცია დაიწყო.
გადაცემა, როგორც ჩანს პოლიტიკური სატირის სახით იყო ჩაფიქრებული, თუმცა თხრობა იმდენად რეალისტური და შთამბეჭდავი გახლდათ (2008 წლის აგვისტოს რუსულ–ქართულ ომზე მოგონებები ჯერ კიდევ ცოცხალია), რომ მაყურებლები სიტუაციის გარკვევასაც აღარ შეეცადნენ და შესაბამისი ზომების მიღება დაიწყეს.
ტელკომპანია „იმედის“ პროდუსერებმა გადაცემა საღამოს საინფორმაციო გამოშვების სტუდიაში ჩაწერეს, ის მაყურებლისთვის ნაცნობ წამყვანს მიყავდა. გადაცემა ეთერში შაბათს საღამოს 8 საათზე წინასწარი გაფრთხილებით გავიდა, თუმცა მაყურებლების უმრავლესობამ, ეს გაფრთხილება როგორც ჩანს გამოტოვა.
წამყვანმა, რომელიც აღგზნებული ჩანდა და ტექსტს დაბნეული კითხულობდა, ახდენდა რა ქაოტური ახალი ამბების იმიტაციას, გამოაცხადა, რომ შეტაკებები დედაქალაქის ქუჩებში დაიწყო, რომ რუსები საავიაციო დაბომბვებს აწარმოებდნენ და სატანკო ბატალიონი დაიძრა.
ეთერში აჩვენებდნენ ტანკებს რომლებიც გზებზე გადაადგილდებოდნენ, რეაქტიულ გამანადგურებლებს და ბომბებს რომლებიც ციდან ცვიოდა.
„ხალხი პანიკაში ჩავარდა“, – განაცხადა „იმედის“ ყოფილმა დირექტორმა ბიძინა ბარათაშვილმა სატელეფონო ინტერვიუში თბილისიდან. მან ცრუ „ახალი ამბების“ გამოშვება და მოსახლეობაზე მისი გავლენა მარსიანელების ინტერვენციაზე ორსონ უელსის ცნობილ რადიო ადაპტაციას „სამყაროთა ომს“ შეადარა.
ხელისუფლებამ განაცხადა, რომ ნავთობგასამართ სადგურებთან რიგები გაჩნდა და გახშირებული ზარების გამო სატელეფონო ქსელი გადაიტვირთა. ქალაქში ატეხილმა პანიკურმა შესყიდვებმა ნაწილობრივ რეალობად აქცია ის, რის აღწერასაც ცრუ „ახალი ამბების“ გამოშვება ცდილობდა.
შაბათ საღამოს, მას შემდეგ რაც რუსული ინტერვენციის შესახებ ხმები გავრცელდა, თბილისში რესტორნები დაიხურა. ამას დაემატა ისიც, რომ ადამიანები ამ ხმების გადამოწმებას ტელეფონით ამაოდ ცდილობდნენ, რადგან ქსელი გადატვირთვის გამო არ მუშაობდა.
„თუკი თქვენ იგებთ, რომ ომი დაიწყო, რა თქმა უნდა, პირველ რიგში ბანკომატთან გარბიხართ და შემდეგ სახლში, ეს ბუნებრივია“, გვიყვება სატელეფონო ინტერვიუში თბილისელი ტაქსის მძღოლი ჯუმბერ ჯიქიძე, რომელმაც ის სიტუაცია, რომელიც დაახლოებით სამი საათის განმავლობაში გაგარძელდა „პატარა ქაოსად“ დაახასიათა. რადიომ „ეხო მოსკვი“ განაცხადა, რომ გორის მცხოვრებლებმა (ქალაქი, რომელიც რუსეთთან აგვისტოს ომის დროს იბომბებოდა) სახლები მიატოვეს და ქუჩებში გავიდნენ, რადგან გადაცემის წამყვანი რუსული ბომბდამშენების მოახლოების შესახებ იუწყებოდა.
გადაცემის დროს ნაჩვენები ვიდეოს ნაწილში გამოსახულებები ნამდვილი იყო, თუმცა მათ ყალბი ხმა ფარავდა.
ოპოზიციის ლიდერებმა რეპორტაჟს საქართველოს პრეზიდენტის, მიხეილ სააკაშვილის ტრიუკი უწოდეს, რომლის მიზანიც მისი პოლიტიკური ოპონენტების დისკრედიტაცია იყო – გადაცემაში ოპოზიციონერი ლიდერები დამპყრობელ რუსებთან თანამშრომლობდნენ. „იმედის“ დირექტორი სააკაშვილის მთავრობის ყოფილი ჩინოვნიკია.
„მთავრობის მხრიდან საკუთარი ხალხის დაშინება, აღმაშფოთებელია“, – განაცხადა ნინო ბურჯანაძემ, ოპოზიციის ლიდერმა, რომელიც ცრუ რეპორტაჟის კადრებში რუსებს გაღიმებული სახით ესალმებოდა, იუწყება სააგენტო „ფრანს პრესი“.
„იმედი“ კერძო ტელეკომპანიაა. გადაცემის ეთერში გასვლის შემდეგ ბატონი სააკაშვილის პრესმდივანმა მანანა მანჯგალაძემ დაგმო გადაცემა, რომელმაც მაყურებელი შეაშინა.
კვირას, ბატონმა სააკაშვილმა კრიტიკა გაიმეორა, თუმცა დასძინა, რომ ხალხი იმის გამო შეშინდა, რომ ფილმში საქართველოს რეალისტური მომავალი იყო აღწერილი, თუკი რუსეთი ჩვეულ გზას განაგრძობს.
„მიუხედავად ნერვიული რეაქციისა, მჯერა, რომ გუშინდელი რეპორტაჟი მათ საკუთარი გეგმების განხორციელებაში ხელს შეუშლის“, – განაცხადა მან კვირას, იუწყება რუსული საინფორმაციო სააგენტი „ინტერფაქსი“.
მანამდე სააკაშვილმა ბურჯანაძე ამ თვის დასაწყისში პრემიერ–მინისტრ პუტინთან შეხვედრის გამო გააკრიტიკა. ბატონ სააკაშვილს „იმედის“ მაუწყებლობაში ჩარევის უფლება არ აქვს, განაცხადა პრეზიდენტის პრესსამსახურის დირექტორმა ალანა გაგლოევამ.
ტელეარხმა გადაცემის დასაწყისში მკაფიოდ განმარტა, რომ პროგრამა ფიქტიური იყო. თუმცა, გაფრთხილებული ის მაყურებლიც უნდა ყოფილიყო, რომელმაც არხზე მოგვიანებით გადართო. მაგალითად, ბრძოლის კადრები, რომელიც ტელევიზიით გადაიცემოდა, ზაფხულის იყო და არა მარტის. რეპორტაჟის სცენარის მიხედვით, რუსეთი საქართველოში შიდა არეულობის ფონზე შემოიჭრა, რომელიც სადაო არჩევნებს მოჰყვა და მხარი დაუჭირა ოპოზიციის ლიდერების „სახალხო მთავრობას“ რომელმაც ბატონი სააკაშვილი დაამხო. შოუში, პრეზიდენტი ობამა თეთრი სახლის წინ ტრიბუნასთან განცხადებას აკეთებს და ხმა რომელიც მას ახმოვანებს, რუსეთის წინააღმდეგ სანქციებს ითხოვს.
მას შემდეგ რაც რეაქცია ცხადი გახდა, „იმედმა“ განმარტება გააკეთა, რომ „ახალი ამბები“ სიმულაცია იყო და ბოდიში მოიხადა.
პანიკა დაახლოებით 15 წუთს გაგრძელდა, განაცხდა შინაგან საქმეთა სამინისტროს ანალიტიკური ცენტრის დირექტორმა შოთა უტიაშვილმა. სამედიცინო დახმარების სამსახურში, შაბათს, ჩვეულებრივზე სამჯერ მეტი გამოძახება დაფიქსირდა. უმრავლესობა მათ გულის შეტევის სიმპტომებით მიმართავდა, განაცხადა მან.
„ნამდვილი პანიკა იყო“, – თქვა უტიაშვილმა.

გვიშველეთ, რუსები მოდიან!


მანფრედ ქიურინგი

ტელეარხი დიდი მეზობლის თავდასხმის ინსცენირებას ახდენს – პანიკა საქართველოში
შაბათს ქართულმა ტელეკომპანია „იმედ“-მა 30 წუთიანი გადაცემა მიუძღვნა შესაძლო რუსულ ინტერვენციას, რომელიც სავარაუდოდ აგრესიული ოპოზიციის ქართულ პოლიციასთან შეტაკებას მოჰყვება.
თბილისისკენ მომავალი ტანკების ამსახველმა კადრებმა, განცხადებებმა რუსული ავიაციის მიერ საქართველოს აეროპორტების დაბომბვაზე, ცნობამ ისტორიულ დედაქალაქ მცხეთასთან შეტაკებაზე მაყურებელი ისევე დააშინა, როგორც ინფორმაციამ სააკაშვილის სავარაუდო მკვლელობასა და ოპოზიციის ლიდერის, ნინო ბურჯანაძის ქმედებაზე, რომელმაც ჯარს ბუნტისკენ მოუწოდა.
პირველ რიგში პანიკამ სამხრეთ-ოსეთის საზღვართან მდებარე ქალაქი გორი და დედაქალაქი თბილისი მოიცვა. „ვიფიქრეთ, რომ ომი დაიწყო“ – განაცხადა თბილისში ”კავკასიური სახლი”-ს ხელმძღვანელმა ნაიარა გელაშვილმა. მობილური სატელეფონო ქსელი ნაწილობრივ გაითიშა, სასწრაფო დახმარების სამსახურები სრული დატვირთვით მუშაობდნენ, გულის შეტევის და გულის წასვლის მრავალი შემთხვევა დაფიქსირდა“. მხოლოდ ნახევარსაათიანი გადაცემის დასრულების შემდეგ ითქვა, რომ პროგრამა ფიქცია იყო და მასში 2008 წლის აგვისტოს ომის კადრები გამოიყენეს. მოგვიანებით, არხმა ბოდიში მოიხადა. ის რაც სხვებისთვის უხეში ხუმრობაა, ქართველებისთვის მგრძნობიარე თემაა. იქ ნებისმიერი ჭორისთვის ნოყიერი ნიადაგია, რომელიც რუსების ინტერვენციას ეხება. როგორც სჩანს ოპოზიციის დისკრედიტაციისთვის ამ ეფექტის გამოყენება სააკაშვილს აბსოლუტურად მისაღებად მიაჩნია.

ომის დაწყებაზე ცრუ ინფორმაციის გავრცელებას, საქართველოში პანიკა მოჰყვა

საქართველო მასობრივმა პანიკამ მას შემდეგ მოიცვა, რაც შაბათს საღამოს ტელევიზიით ცრუ „ახალი ამბების“ გამოშვება გადაიცა. გადაცემა იუწყებოდა, რომ სამხრეთ-კავკასიის რესპუბლიკაში რუსეთის არმიამ ხელახალი ინტერვენცია წამოიწყო და თითქოს საქართველოს პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი მოკლულია. უამრავი ქართველი პანიკამ მოიცვა
სააკაშვილის მიერ კონტროლირებადმა ტელეკომპანია „იმედ“-მა მხოლოდ გადაცემის ბოლოს განაცხადა, რომ სინამდვილეში ახალი ომი არ დაწყებულა და რეპორტაჟი მოვლენების მხოლოდ შესაძლო განვითარებას ასახავდა. რუსეთი, ოპოზიცია და პოლიტიკური ექსპერტები სკანდალზე ალაპარაკდნენ.
მასობრივი საინფორმაციო საშუალებები იუწყებოდნენ, რომ მოსახლეობაში ქაოსის ნიშნები გაჩნდა, ხალხი საწვავის შესაძენად ბენზინგასამართ სადგურებს მიაწყდა. სერიოზული მღელვარება დაიწყო ქალაქ გორში, რომელიც 2008 წლის აგვისტოს ომის დროს რუსეთის არმიამ დაიკავა. სასწრაფო დახმარების სამსახურები სერიოზული დატვირთვით მუშაობდნენ. პარლამენტის დეპუტატის დიმიტრი ლორთქიფანიძის ინფორმაციით, ერთ–ერთი ქართველი ჯარისკაცის დედა, რომელიც ამ დროს ტელევიზორს უყურებდა გულის შეტევით გარდაიცვალა.
რუსეთის საინფორმაციო სააგენტო „ინტერფაქს“-მა „იმედ“-ზე დაყრდნობით ომის შესაძლო დაწყებაზე გაავრცელა ინფორმაცია, თუმცა იმავდროულად დასძინა, რომ ამ ცნობას მხოლოდ ეს სატელევიზიო სადგური ავრცელებდა. „იმედი“ კი ომის კადრების ფონზე ამტკიცებდა, რომ საქართველოში რუსეთის არმია შეიჭრა და სააკაშვილი მოკლეს. რეპორტაჟის მიხედვით, ხელისუფლების დამხობის შემდეგ ქვეყნის ოპოზიციამ ახალი მთავრობა ჩამოაყალიბა. ის რომ ეს ინფორმაცია მცდარი იყო, მხოლოდ გადაცემის დასრულების შემდეგ ითქვა.
ქართულმა ოპოზიციამ და რუსმა პოლიტიკოსებმა სააკაშვილი მოსახლეობის შეშინების მცდელობაში დაადანაშაულეს. „ის მძიმედ დაავადებული და საშიში ადამიანია, რომელიც კრიმინალივით მოქმედებს“ – განუცხადა სააგენტო „ინტერფაქს”-ს ნატო-ში რუსეთის წარმომადგენელმა დიმიტრი როგოზინმა. თბილისში მოწყობილ ქუჩის სტიქიურ გამოსვლებში დემონსტრანტები პასუხისმგებელი პირების დასჯას მოითხოვდნენ. მოგვიანებით ტელეკომპანიამ მაყურებელს ბოდიში მოუხადა.

ინსცენირების დიდი ოსტატის მიერ დადგმული საქართველოს ომი



მარიტა ტკალე

წარმოიდგინეთ, რომ მთავრობის საქმიანობაზე კარგად ინფორმირებული გერმანული ტელეარხი ეთერს წყვეტს და აცხადებს, რომ ის ახლა პირდაპირ ეთერში რთავს ფრანკფურტის აეროპორტს, სადაც ერთ-ერთი ყველაზე მასშტაბური ტერაქტი განხორციელდა ეთერში გადაიცემა ნანგრევების, დასისხლიანებული მსხვერპლის, სასწრაფო დახმარების ავტომანქანების კადრები და ნახევარ საათში დიქტორი ამბობს, რომ ეს ყველაფერი ფიქცია იყო და არხს ამით მოსალოდნელი საფრთხის და უშიშროების სფეროში ახალი კანონის მიღების აუცილებლობის დემონსტრირება სურდა, წარმოუდგენელია.
პრეზიდენტმა მიხეილ სააკაშვილმა მსგავსი ექსპერიმენტი სულ ახლახანს საკუთარ ხალხზე ჩაატარა. მასთან დაახლოებულმა ტელეარხმა შაბათს საღამოს მაყურებელს რუსული ინტერვენციის შესახებ აცნობა. არხი იუწყებოდა, რომ ქვეყანა იბომბება, სააკაშვილი მოკლულია და ოპოზიცია ხელისუფლებაში მოვიდა. ამ ადამიანის საშიშმა უგუნურებამ პიკს მიაღწია. 2008 წლის კავკასიური ომიც მისი პროვოცირებული იყო. 2008 წლის ნოემბერში მან პოლონეთის პრეზიდენტი კაჩინსკი სამხრეთ-ოსეთის საზღვართან მიიყვანა, სადაც სროლის ინსცენირება მოაწყო. ახლა როგორც სჩანს ოპოზიციონერებზე განრისხებულმა, რომლებიც სიტუაციის სტაბილიზაციის მიზნით რუსეთის პრემიერ-მინისტრ ვლადიმერ პუტინს შეხვდნენ, გარკვეული აქციების განხორციელება გადაწყვიტა. მშვიდობა? დღეს აბსოლუტურად ცხადია, რომ სააკაშვილის რეჟიმი უზარმაზარი რისკების შემცველია. ის არ არის დასავლეთის მოკავშირე.

ყალბი სატელევიზიო ომი

მიხაელ ლუდვიგი

შაბათს საღამოს, რუსეთ-საქართველოს ომის დაწყება აბსოლუტური მოულოდნელობა იყო, განსხვავებით 2008 წლის ზაფხულისგან, როდესაც კონფლიქტს წინ უძღოდა მრავალრიცხოვანი შეტაკებები და სიტყვიერი დაპირისპირება. საბედნიეროდ ეს მხოლოდ სატელევიზიო ომი აღმოჩნდა, რომელიც საგანგებოდ მომზადდა და მომავლის შესაძლო საფრთხეს ასახავდა
მაგრამ ეს მხოლოდ იმ ქართველებმა იცოდნენ, ვინც ტელეკომპანია „იმედი“-ს საინფორმაციო გამოშვება „ქრონიკ”-ის დაწყებამდე მოკლე გაფრთხილებას მოუსმინეს, რადგან სანახაობა საოცრად რეალისტური იყო. რეპორტაჟი რუსეთ-საქართველოს ომის დაწყების შესახებ იუწყებოდა და მთელი ქვეყნის მასშტაბით მოსახლეობაში პანიკა დაიწყო.
იმის გამო, რომ 30 წუთის განმავლობაში არავის უთქვამს, რომ გამოშვება ინსცენირებული იყო, ბევრმა რეალობად აღიქვა ის, რაც მთავრობის მიერ კონტროლირებად სატელევიზიო არხზე იხილა: სამხრეთ-ოსეთის ლიდერზე ედუარდ კოკოითზე თავდასხმა განხორციელდა, ქართველი ოპოზიციონერი ლიდერები ნინო ბურჯანაძე და ზურაბ ნოღაიდელი ცხინვალში ჩავიდნენ და რუსეთის წარმომადგენლებთან ერთად ამ დანაშაულზე პასუხისმგებლობა საქართველოს მთავრობას დააკისრეს. რუსეთის პრეზიდენტმა დიმიტრი მედვედევმა საქართველოს პრეზიდენტის მიხეილ სააკაშვილისგან მომავალი საფრთხის განეიტრალებაზე ბრძანება გასცა. რუსეთის ჯავშანტექნიკა სამხრეთ-ოსეთიდან და სომხეთიდან თბილისისკენ დაიძრა. რუსებმა საქართველოს დაბომბვა დაიწყეს და თბილისის, გორის და სხვა ქალაქების მოსახლეობამ სახლები დატოვა და გაიქცა. გადაცემის ცნობით არეულობა თბილისის შემოგარენშიც დაფიქსირდა და რუსების ხელმძღვანელობით ქალბატონმა ბურჯანაძემ და ნოღაიდელმა „სახალხო მთავრობა“ შექმნეს და პრეზიდენტი სააკაშვილი მოკლულია. ამას მოჰყვა ცნობა იმის თაობაზე, რომ სააკაშვილი ცოცხალია და უსაფრთხო ადგილას იმყოფება. ამით ნახევარსაათიანი „სპეციალური გამოშვება დასრულდა.

ქართული ტელევიზია: მოსკოვი მას პროვოკაციად აფასებს.

„ეს პროვოკაციაა და საერთაშორისო თანამეგობრობამ ის უყურადღებოდ არ უნდა დატოვოს“ – ორშაბათს რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს სპეციალურმა წარმომადგენელმა ანდრეი ნესტერენკომ განაცხადა შაბათს საღამოს ქართული ტელეკომპანია „იმედი“-ს ეთერში „ახალი ამბების“ სპეციალური გამოშვების სახით გასულ გადაცემაზე, რომელიც რუსეთთან ახალი ომის დაწყების შესახებ იუწყებოდა
მართალია ეს ფიქცია იყო და როგორც სჩანს მისი ავტორების მიზანი ქვეყანაში მაისში დაგეგმილი ადგილობრივი არჩევნების შემდეგ მოსალოდნელი ცვლილებებისგან თავის დაზღვევა გახლდათ, თუმცა ის რომ გადაცემა მოდელირებული იყო, ტელეარხმა ამის შესახებ მხოლოდ გადაცემის დასრულების შემდეგ განაცხადა, როდესაც ქვეყანაში პანიკა უკვე დაწყებული იყო.
ნესტერენკოს თქმით, გადაცემამ ამ ისედაც მშფოთვარე რეგიონის უსაფრთხოებასა და სტაბილურობას ზიანი მიაყენა. დიპლომატის თქმით, ხელისუფლების თანხმობის გარეშე, არხი ამ გადაცემის ეთერში გაშვებას ვერ გაბედავდა. ანალოგიურად მიაჩნია ოპოზიციასაც. პრეზიდენტ მიხეილ სააკაშვილის შეფასებით, გადაცემის შინაარსი „რეალობასთან ძალიან მიახლოებულია“. ევროკავშირში რუსეთის ელჩმა ვლადიმერ ჩიჟოვმა განაცხადა, რომ ეს რეჟიმის მხრიდან საკუთარი ხალხის აბუჩად აგდებაა.

რუსები მოდიან!.. თუ არა?



მორიც გატმანი

საზღვრისპირა სოფლების მოსახლეობამ სახლები მიატოვა, მობილური სატელეფონო კავშირი გაწყდა: ხელისუფლებასთან დაახლოებულმა არხმა საქართველოზე რუსეთის თავდასხმის ინსცენირება მოახდინა და მოსახლეობაში რეალური პანიკა დათესა. რუსეთი გაღიზიანებულია: პრეზიდენტ სააკაშვილს „თავი აუდუღდა“
ცაში რუსული ბომბდამშენები, დაბომბილი სასაზღვრო პუნქტები, მტვრიან გზაზე ჯავშანტექნიკის კოლონა – ვინც შაბათს საღამოს 8 საათზე ტელეკომპანია „იმედი“-ს არხზე გადართო, ცოცხლად და CNN–ის სტილში მომზადებულ რეპორტაჟს იხილავდა იმის თაობაზე, რომ რუსეთის არმიამ პატარა კავკასიური რესპუბლიკა დაიპყრო. დიქტორი სერიოზული გამომეტყველებით აცხადებს: სამხრეთ-ოსეთში აფეთქების შემდეგ, რუსეთმა საქართველოს ომი გამოუცხადა და ტანკები დედაქალაქისკენ დაძრა, მთავრობა ევაკუირებულია.
შემდეგ ჩნდება რუსეთის პრეზიდენტი დიმიტრი მედვედევი. ის წიგნის თაროების ფონზე ზის და მის ხმას ქართული თარგმანი ფარავს – „სააკაშვილი ტერორისტია და ჩვენ საქართველო მისგან უნდა გავათავისუფლოთ“. პრეზიდენტი ობამაც კი აკეთებს განცხადებას: თეთრი სახლის კიბეებთან, ტრიბუნასთან დგას და გმობს რუსულ ინტერვენციას. რამდენიმე წუთში ჩნდება საგანგებო ინფორმაცია: პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი მოკლულია, ოპოზიციამ რუსების თანხმობით „სახალხო მთავრობა“ ჩამოაყალიბა. ამ ყველაფერს ფონად გასდევს ღამის აფეთქების კადრები და ტიტრი – „რუსული სამხედრო ავიაცია სტრატეგიულ ობიექტებს ბომბავს“.
რუსების ინტერვენცია მოულოდნელად 20:30 საათზე დასრულდა: წამყვანმა გამოაცხადა, რომ ეს ყველაფერი „მოვლენების შესაძლო განვითარების იმიტაცია“ იყო, იმ მოვლენებისა რომლებიც რეალურად განვითარდება, თუკი „ქართული საზოგადოება რუსულ გეგმას კონსოლიდირებული არ შეხვდება“. ამის შემდეგ რუსეთის საფრთხეზე სტუდიაში დისკუსია დაიწყო. იმიტაციის თაობაზე, დიქტორმა მაყურებელი გადაცემის დაწყებამდე გააფრთხილა, თუმცა მაყურებლის უმრავლესობამ, როგორც სჩანს ეს მომენტი გამოტოვა.

„ყველას იმის გაგება სურდა, რუსები მართლა შემოჭრნენ თუ არა!“

„ჩვენ ჟურნალისტები რა თქმა უნდა მივხვდით, რომ ეს მხოლოდ ბოროტი ხუმრობა შეიძლებოდა ყოფილიყო“ – განაცხადა „საქართველოს ამბები“-ს მთავარმა რედაქტორმა ელენე იმედაშვილმა, თუმცა მოქალაქეებს პანიკური რეაქცია ჰქონდათ: მედია-საშუალებების ცნობით, საზღვრისპირა ქალაქ გორის მცხოვრებლები სახლებს სტოვებდნენ, საზღვრისპირა სოფლებიდან ქალები და ბავშვები გაიყვანეს და ბენზინგასამართ სადგურებთან ავტომობილების რიგები გაჩნდა. „მობილური სატელეფონო ქსელი გაითიშა“ – ჰყვება იმედაშვილი. მის სააგენტოში უამრავი ადამიანი რეკავდა: „ყველას აინტერესებდა, მართლა შემოიჭრნენ თუ არა რუსები!“ თბილისში ხმები გავრცელდა და იმასაც კი ამბობდნენ, რომ ქალაქში იარაღის დარიგება დაიწყო. დეპუტატ დიმიტრი ლორთქიფანიძის თქმით, ერთ–ერთი ჯარისკაცის დედა, რომელმაც გადაცემა ნახა გულის შეტევით გარდაიცვალა.
პრეზიდენტმა სააკაშვილმა სიტუაციის სერიოზულობა გააცნობიერა და ხალხის დასამშვიდებლად, ტელეკომპანია „იმედი“-ს სტუდიაში საკუთარი პრეს-სპიკერი გააგზავნა: არა, არანაირი რუსული ინტერვენცია არ მომხდარა და არხს მკაფიოდ უნდა მიეთითებინა, რომ ეს „ინსცენირება“ იყო. მეორე დღეს კომენტარი თავად სააკაშვილმა გააკეთა: ფილმი „უსიამოვნო“ იყო, მაგრამ „მაქსიმალურად მიახლოებული იყო რეალობასთან და იმასთან, რაც საქართველოს მტრებს აქვთ ჩაფიქრებული“.
ამ ფაქტს, ქართულმა საზოგადოებამ აღშფოთებით უპასუხა: იმავე საღამოს, ტელეკომპანია „იმედი“-ს ოფისთან ოპოზიციის რამდენიმე წამყვანი ლიდერი და ასობით მოქალაქე შეიკრიბა და ტელევიზიის წინააღმდეგ სანქციებს მოითხოვდა. ოპოზიციის ლიდერმა, ნინო ბურჯანაძემ, რომელიც გადაცემაში სამშობლოს მოღალატედ იყო წარმოდგენილი, განაცხადა რომ არხს სასამართლოში უჩივლებს. ხელისუფლება „ხალხს აშინებს“ – ამბობდა ის. ოპოზიციამ ხალხს კვირას, დღის მეორე ნახევარში, თბილისის ცენტრში მიტინგზე შეკრებისკენ მოუწოდა.

„ფსიქოლოგიური ტერორის კულმინაცია“

ზოგიერთმა პოლიტიკოსმა პრეზიდენტი დაადანაშაულა და განაცხადა, რომ ის ამ ამბის უკან იდგა. „ეს ფსიქოლოგიური ტერორის კულმინაციაა, რომელსაც სააკაშვილი უკვე მეექსვე წელია, რაც საკუთარი ხალხის მისამართით აწარმოებს. ვერც ერთი ჟურნალისტი ვერაფერ მსგავსს ვერ მოამზადებდა სააკაშვილის თანხმობის გარეშე. ასეთი ავადმყოფური რამ შეიძლება მხოლოდ პრეზიდენტს მოსვლოდა თავში“ – აცხადებდა ოპოზიციის ერთ–ერთი ლიდერი სოზარ სუბარი. მართლაც, წარსულში ოპოზიციური არხი დღეს პრეზიდენტის რუპორადაა მიჩნეული. „იმედი“-ს გენერალური დეირექტორი გიორგი არველაძე ერთ დროს სააკაშვილის პრეს-სპიკერი იყო.
თავის მხრივ, არველაძემ, საკუთარ ბლოგზე ბოდიში მოიხადა. „თუმცა მე იმედი მაქვს, რომ ჩვენ ერთად ვიბრძოლებთ იმისთვის, რომ ის რაც გადაცემაში იყო, ტრაგიკულ რეალობად არ იქცეს“ – ნათქვამია სააკაშვილის ახლო მეგობრის კომენტარში.
რუსეთ–საქართველოს ომის შემდეგ, ადამიანებს ქვეყანაში დიდი მეზობლის ხელახალი შემოჭრის შიში არ უნელდებათ. „ახალი ამბების ყველა სიუჟეტი ოკუპაციის და ინტერვენციის თემით იწყება“ – ამბობს ჟურნალისტი იმედაშვილი – „ხალხი მუდმივად მსგავსი მოვლენების მოლოდინშია“.
ინსცენირებას რუსი პოლიტიკოსებიც გამოეხმაურნენ. დუმას საგარეო ურთიერთობების კომიტეტის თავმჯდომარე კონსტანტინე კოსაჩოვმა 2008 წლის აგვისტოში რუსეთ–საქართველოს შორის ომის დაწყებამდე პერიოდი გაიხსენა – „თბილისი მაშინაც ძაბავდა სიტუაციას და ქმნიდა შთაბეჭდილებას, თითქოს რუსეთის ან სამხრეთ-ოსეთის მხრიდან პროვოკაციები გარდაუვალი იყო“. მას შთაბეჭდილება ექმნება, რომ სააკაშვილს თავში ყველაფერი წესრიგში არა აქვს.