შევარდნაძის პერიოდის მოკლე დახასიათება: “დემოკრატია” დემოკრატების გარეშე.
სააკაშვილის პერიოდის მოკლე დახასიათება: “დემოკრატები” დემოკრატიის გარეშე.
პროლოგი: ეს გახლავთ ვერდაშინებული, ღირსებავერაყრილი და აფიქრებული ხალხის ნაფიქრალი. იმ ხალხის, რომელსაც მაინც ეგონა, რომ აზრის გამოთქმა დემოკრატიული საზოგადოების განუყოფელი ნაწილია და რომელიც გაზის შიშინში, სხვადასხვა ზომისა და მასალის ხელკეტების ტრიალში, გაურკვეველი მანქანების წუილში და ფორმიანი და გადაცმული ადამიანების მიერ განხორციელებულ გავეშებულ ნადირობაში, კიდევ ერთხელ და უკვე საბოლოოდ დარწმუნდა, რომ არადემოკრატები დემოკრატიულ პრინციპებს პატივს არ და ვერც სცემენ.
მთავრობის არგუმენტი: დემოკრატია რომ არ არსებობდეს ამ ქვეყანაში, ვინ მიცემდა ამდენ ხალხს ქუჩაში გამოსვლისა და მიტინგის ჩატარების უფლებას?
არგუმენტი უსუსურია: ბატონებო, საქართველოს მოსახლეობა, ის ხალხი თქვენთვის რომ დღეს, უკაცრავად – წინასაარჩევნო პერიოდამდე `ჩარეცხილები” იყვნენ, მიტინგებსა და დემონსტრაციებს შუაგული და აყვავებული სოციალიზმის დროსაც მართავდა და გასაოცარი მხოლოდ ის არის, რომ კომუნისტურ ხელისუფლებას 1978 წელსაც კი არ დაურბევია მიტინგი. თუ თქვენ იმის თქმა გინდათ, რომ მაშინ საქართველოში დემოკრატია ყვაოდა, ვერ დაგეთანხმებით, ხოლო თუ ამის თქმას არ აპირებთ, ახლანდელ გამოსვლებსაც თქვენი `დემოკრატიის” მონაპოვრად ნუ მიიწერთ. საქართველოს მოსახლეობა ამას ბედავდა მაშინაც და ბედავს დღესაც. ეს ჩვენი, საქართველოს მოსახლეობის მონაპოვარი და მისი ხასიათია. სამწუხაროა, რომ არც ადრე და არც ახლა, საკუთარი ხალხის ხასიათი ვერ გაგიგიათ. ვერ გაგიგიათ, რომ ამ ხალხის `ტვინების გამორეცხვა” თავისუფლების ინსტიტუტის შესაძლებლობებს ნამდვილად აღემატება.
როგორც გაზეთი ეკონომისტი 2007 წლის 15 ნოემბრის გამოშვებაში წერს: “Now Georgia, which until recently was one of the few bright prospects left, risks turning into yet another ill-run country with a corrupt elite squabbling over the spoils of office. This is not a total surprise”. საქართველოს მოსახლეობის იმ ნაწილისათვის, რომელმაც ინგლისური ენის შესწავლა სათანადო დონეზე ჯერ ვერ მოახერხა, ნება მიბოძეთ, გადავთარგმნო ეს ფრიად საინტერესო ამონარიდი: `ახლა კი საქართველო, რომელიც ცოტა ხნის წინ განვითარების საუკეთესო პერსპექტივის მქონე მცირერიცხოვანი ქვეყნებიდან ერთ-ერთს წარმოადგენდა, დღეს დგას რისკის წინაშე – გადაიქცეს კიდევ ერთ, ცუდად-მართულ ქვეყნად, სადაც კორუმპირებული ელიტის წარმომადგენლები ძალაუფლებისა და ფულის გამო, ერთმანეთში ვეღარ რიგდებიან. ეს არ იყო სრული მოულოდნელობა”. ანუ, არ იყო სრული მოულოდნელობა ის, რაც საქართველოში 7 ნოემბერს მოხდა.
იმისათვის, რომ ჩვენივე ხელისუფლებამ, ჩვენ - მოსახლეობას და მათ ანუ ევროპასა და ამერიკას დაუმტკიცონ, რომ ეს ნამდვილად მოულოდნელი იყო, რომ ეს არ არის კორუმპირებული ელიტა, რომ ეს არ არის ქვეყნის კურსი და რომ ეს იყო სუპერ-აუცილებელი, საჭიროა დაამტკიცონ, რომ იყო შეიარაღებული გადატრიალების მცდელობა.
ამის განხორციელებას კი `დემოკრატები” ავადმოსაგონარი შინაგან საქმეთა სახალხო კომისარიატის, ე.წ. ნკვდ-ს `საუკეთესო ტრადიციების” გახსენებით და პრაქტიკაში განხორციელებით ცდილობენ. სრული შთაბეჭდილება იქმნება, რომ მათი ბაგეთაგან ძერჟინსკის სული გვესაუბრება. მათი მჭერმეტყველების აზრი და მიზანი კი დაშინებაა: ილაპარაკებ ტელეფონით? – დაგიჭერ! არ ილაპარაკებ? – მაღალი ხარისხის ეჭვის საფუძველზე დაგიჭერ! არ მოგწონვარ? – დაგიჭერ და საერთოდაც, სულ ერთია – მაინც დაგიჭერ!
მოკლედ, როგორც ბულატ ოკუჯავა ამბობდა, ქვეყნად ასე ყოფილა, არაფერი იცვლება, ყველაფერი მეორდება, დღესაც აღმართს დაღმართი ცვლის და ერთ ჭკვიანზე ერთი სულელი მოდის. თუმცა, უკაცრავად, მე როგორც ვხვდები, ახლა ფიქრობენ, რომ ერთ-ორ ჭკვიან ხელისუფალზე მთელი სულელი საქართველო მოდის, რომელსაც ურტყამ, მოწამლავ, იმედს დაუმსხვრევ და მერე ისევ მას დააბრალებ _ კარავი გაშალე და ჩემს დამხობას ცდილობდიო. არადა, ისე ჩვენც კარგები ვართ. აბა რა უნდა თქვან? ვერ გიტანთ, იმიტომ რომ აზროვნებთ, ვერ გიტანთ იმიტომ რომ ჩვენს საყვარელ ტელევიზიას (ხელისუფლების), სხვისი ტელევიზია გირჩევნიათ, ვერ გიტანთ იმიტომ, რომ დამოუკიდებელი სასამართლო გინდათ, ვერ გიტანთ იმიტომ, რომ რეალური თვითმმართველობა გინდათ, ვერ გიტანთ, ვერ გიტანთ იმიტომ რომ ლევან რამიშვილის არ გჯერათ...…
ყოფილ პრეზიდენტსა და მის ოპერატიულ გარემოცვას დავესესხები და ამუშავდა `სიცრუის მანქანა”, რკინის სამკუთხედის სახით.
რკინაც არის და რკინაც. რკინის სამკუთხედიც განსხვავებული მიზნებიდან გამომდინარე იქმნებოდა და იქმნება. აქვე მაინც დავაყოლებ, რომ რკინის სამკუთხედი მაშინ იქმნება, როცა აღმასრულებელი, კანონმდებელი და ინტერესთა ჯგუფი ერთი ინტერესის ან აზრის გამო ერთიანდება და მის გატარებას ყველა მექანიზმის გამოყენებით ცდილობს. ეს ზოგადი განმარტებაა იმ მეცნიერებიდან, რომელსაც სახელმწიფო მართვა ჰქვია.
რკინაც ასეთი უნდა, სამკუთხედიც, გაერთიანებაც და ინტერესთა ჯგუფიც. მიზანი კი საკუთარი გაუმართლებელი საქციელის გამართლების მცდელობის დამტკიცებაა. მექანიზმი? მექანიზმი ასეთი გახლდათ: დაგეშილი ადამიანების მიქსევა ჟურნალისტებზე, ტელევიზიის დალეწვა, დამტრევა, განადგურება და საბოლოოდ, ყველაფრის ისევ ტელევიზიაზე გადაბრალება, ზუსტად ისევე, როგორც იმ ასორმოცდაათი ათას თუ ასი ათას ადამიანს, რომელიც ნოემბრის თვეში ქუჩაში იმის იმედით გავიდა, რომ ხალხის ხმა დანიშნულების ადგილს მიაღწევდა, კონსტიტუციური წყობის დამხობას აპირებდითო - დააბრალეს. ბატონო ყოფილო პრეზიდენტო, ეს არ არის სიმართლე და თქვენ ამით შეურაცხყოფას აყენებთ 7 ნოემბერს თქვენგან ერთხელ უკვე შეურაცხყოფილ ხალხს, რომელმაც, რაც არ უნდა უთხრათ თქვენ, უკეთ იცის რას აპირებდა. აი, სად ამუშავდა რკინის სამკუთხედი, ამ შემთხვევაში -სიცრუის მანქანა.
ეპილოგი:დაიჯერა თუ არა საქართველომ ზღაპრები და სიზმრები? მოდის თუ არა ხელისფლების ორ-სამ ჭკვიან წევრზე მთელი სულელი საქართველო?
ხელისუფლებას მტკიცება და ნამუსის მოწმენდა საერთაშორისო საზოგადოების წინაშე ჭირდება, რადგან Pოწერ-Pოინტ -ის ფორმატში გაკეთებული პრეზენტაცია წარმატებული დემოკრატიის შესახებ, დარბეულ უფლე;ბებსა და გაწითლებულ წყალს თავად გაატანა. მტკიცება კი იმისთვის ჭირდება, რომ ისინი დაარწმუნოს შეიარაღებული შეთქმულების თეორიის რეალურ და არა მოგონილ საფრთხეში. სამწუხაროა, რომ ისინიც, ჩვენს ხელისუფლებას, საქართველოს მოსახლეობის მსგავსად, თავისებურად ინტერპრეტირებულ გონებრივ კატეგორიაში გაჰყავს. ბედნიერებაა ის, რომ ეს ასე არ არის და დემოკრატიული საზოგადოების წარმომადგენლებისათვის `ლეღვის ფოთლის” როლში ყოფნა მიმზიდველ პერსპექტივას ნამდვილად არ წარმოადგენს.
მე ისევ გამიჩნდა სიამაყის გრძნობა, რადგან ძალიან კარგად ვიცი, რომ ღირსება არც ფულზე და არც ტომარა ფქვილზე იყიდება. ისიც ვიცი, რომ დუმილს ხშირად ოქროს ფასი აქვს და ისიც ვიცი, რომ ამ დუნიაზე იდეისათვის თავგადადებული ადამიანები რომ არ ყოფილიყვნენ, მიუხედავად მათი კოცონზე დაწვისა, კაცობრიობის სულიერი ფასეულებები ასეთი ღირებული არ იქნებოდა და ჩვენც ალბათ, ისევ ბლის კურკების სროლაში ვიქნებოდით.
среда, 17 февраля 2010 г.
Подписаться на:
Сообщения (Atom)