четверг, 21 октября 2010 г.

ექსკლუზიურად უკანონო პატიმრისგან... პატივისცემით, ირაკლი კერესელიძე



ნოტარიულად დამოწმებული სქემა, რომლითაც პატიმრებს სტრასბურგიდან საჩივრის გამოტანას აიძულებენ.

თამარ ლეფსვერიძე


ირაკლი კერესელიძე,"თავისუფალი გაზეთისთვის" გამოგზავნილ წერილში, რომელიც სრულდება სიტყვებით _ "ექსკლუზიურად უკანონო პატიმრისგან", წერს: 2010 წლის 29 სექტემბერს, მე დავასრულე საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის მიერ საბოლოოდ დადგენილი სასჯელის კალენდარული მოხდა და მიუხედავად იმ ფაქტისა, რომ აღნიშნული სასამართლოს გადაწყვეტილება საბოლოო გახლდათ და მისი გამოტანის შემდგომ, ჩემს მიმართ ახალი ბრალდების წაყენების ფაქტს (თუნდაც ფორმალურად) ადგილი არ ჰქონია, მე მაინც არ ვიქენი გათავისუფლებული პატიმრობიდან. 30 სექტემბერს კი, ბადრაგირებული ვიქენი საქალაქო სასამართლოში, ჩემთვის სასჯელის ვადის გადავადების თაობაზე, შუამდგომლობის განხილვის მიზნით. ის ფაქტები, რაც აღნიშნულ დღეს ქ. თბილისის საქალაქო სასამართლოს შენობაში მოხდა, ორგანიზებული იქნა მმართველი რეჟიმის მიერ და მიზნად ისახავდა, ჩემში შიში, დაუცველობის სინდრომი გამოეწვია და ის შედეგი მიეღოთ, რასაც ელოდნენ.
რადგან ჩემი საჯარო განცხადება იმ დღისით მომხდართან მიმართებაში უკვე მიეწოდა მასმედიას და მასში თანმიმდევრულადაა აღწერილი 30 სექტემბრის მოვლენები, მე აქ მხოლოდ იმას დავძენ, რომ იძულება, ხელი მომეწერა ნოტარიულად დამოწმებული დოკუმენტისთვის, რომლითაც მე სტრასბურგიდან ჩემს განაცხადს გამოვიტანდი და იმას დავადასტურებდი, რომ ჩემს მიმართ წაყენებულ ყველა ბრალდებაში, თავს დამნაშავედ ვცნობდი, რომლის შემდეგაც მე გადამივადებდნენ სასჯელს და შევძლებდი ჩემი ოჯახის ერთადერთი წევრის,73 წლის მძიმე ჯანმრთელობის მდგომარეობის მქონე დედის მონახულებას...
ანუ, თუ მმართველი რეჟიმის მიმართ არ ვიქნებოდი მორჩილი, მოხდებოდა პატიმრობაში ჩემი იმდენი ხნით დატოვება, რამდენიც მოესურვებოდათ. ის ფაქტი კი, რომ ჩემზე ზეწოლას სახელმწიფო სამსახურში მყოფი ოფიციალური პირები ახორციელებდნენ, მიმართული იყო ჩემში პატიმრობიდან გათავისუფლების სურვილის ისეთ დონეზე კულტივირებისაკენ, რომ ჩემთვის, ფაქტობრივად, სულერთი გამხდარიყო, თუ რის, ან რა ფასად მოვიპოვებდი თავისუფლებას..."
ეს არის კიდევ ერთი ფაქტი (იმ უამრავიდან), როდესაც სტრასბურგიდან საქმის გამოტანას აიძულებენ პატიმრებს.
გადავწყვიტეთ, დეტალურად მაგაწოდოთ ირაკლი კერესელიძის საქმისა და სასამართლოს ბუნდოვანება-უზუსტობის დეტალები. ვფიქრობთ, ზედმეტი თავის მტვრევის გარეშე მიხვდებით, რამდენი ადამიანის ინტერესი დევს იმაში, რომ ეს საქმე დაყვავებით, ცდუნებით, ნებით თუ იძულებით, მაგრამ როგორმე, სტრასბურგიდან გამოთხოვილი იქნას.


22 აგვისტოს, გარდაბნის პოლიციამ, ლოჭინის ხეობაში ორი ადამიანის დანაწევრებული გვამი აღმოაჩინა. სხეულის დანარჩენ ნაწილებს, რამდენიმე დღის შემდეგ, წმინდა ბარბარეს სასაფლაოს ტერიტორიაზე მიაგნეს.
პოლიციამ დააკავა საქართველოს რესპუბლიკის მინისტრთა კაბინეტის აპარატის უფროსის თანაშემწე, 20 წლის ირაკლი კერესელიძე. გამოძიებამ განაცხადა, რომ კერესელიძემ დანაშაული აღიარა, მაგრამ ჩვენებები აბსურდული და ურთიერთგამომრიცხავი იყო.
დაკითხვების პერიოდში, კერესელიძის ბინაში ორჯერ ჩატარდა ჩხრეკა. პოლიციამ იატაკიც აყარა, მაგრამ ბინაში არანაირი სამხილი არ აღმოჩნდა.
ორჯერ პირწმინდად გაჩხრეკილ ბინაში, გამოძიებამ კიდევ ერთი ჩხრეკა დანიშნა და ამოიღო სისხლიანი ხერხი, რითაც, გამოძიების ვერსიით, კერესელიძემ გვამები დაანაწევრა...
უზენაესმა სასამართლომ, ირაკლი კერესელიძეს, მსჯავრი დასდო ორი ბიზნესმენის მკვლელობისთვის, რომლებიც, განაჩენის მიხედვით, ხელისუფლების წარმომადგენლებთან დაახლოვების გზით, საკუთარი წარმოების სახელმწიფო სესხით დაკრედიტებას ცდილობდნენ. კერესელიძეს სასჯელის უმაღლესი ზომა _ დახვრეტა მიუსაჯეს.
კერესელიძესთან ერთად, დანაშაულის დაფარვისთვის, გაასამართლეს მისი დედა, ელენე ჩიკვაიძე. Mმას, დანაშაულის დაფარვისთვის, მუხლით გათვალისწინებული სასჯელის მაქსიმალური ზომა, ხუთი წლით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯეს.
პატიმრობის პირველ წლებში, დედა-შვილი, სასამართლო გადაწყვეტილების გასაჩივრებას ვერ ახერხებდა. მიდიოდა თუ არა მათი წერილები ადრესატამდე, დღემდე არ იციან. უზენაესი სასამართლოს პირველი ინსტანციით მიღებული სასიკვდილო განაჩენი ისე შევიდა ძალაში, რომ არ გასაჩივრებულა.
2001 წელს, ირაკლი კერესელიძემ, სკანდალური განცხადებებით სცადა ყურადღების მიქცევა. გაზეთმა ალიამ და გადაცემა `60 წუთმა” ეს განცხადებები გაახმოვანეს. კერესელიძე, მკვლელობას სპეცსამსახურებს, მაღალი თანამდებობის პირებსა და მისტიკურ რიტუალებს უკავშირებდა. ამას, საზოგადოების მწვავე რეაქცია და სასამართლო პროცესები მოჰყვა. შედეგად, მედიამ ფინანსური სანქციები მიიღო, კერესელიძეს კი კიდევ ერთი ბრალდება - გაქცევის მცდელობა წაუყენეს.
კერესელიძემ, დანაშაულები არ აღიარა. მან, სიკვდილმისჯილთა საკანში, ერთი წელი და ხუთი თვე, განაჩენის აღსრულების მოლოდინში გაატარა. მთლიანად თავისუფლების აღკვეთის ადგილებში კი 14 წელი დაჰყო.
ოთხმოცდაათიანი წლების მეორე ნახევარში, საქართველოს ხელისუფლებამ, ევროსაბჭოში გაწევრიანების წინ, სასიკვდილო განაჩენების აღსრულებაზე, ჯერ მორატორიუმი გამოაცხადა, შემდეგ კი სასჯელის ეს ზომა საერთოდ გააუქმა.
1997 წელს, დახვრეტამისჯილი პატიმრები, საქართველოს პრეზიდენტის ბრძანებულებით შეიწყალეს და სასჯელი 20 წლიანი პატიმრობით შეეცვალათ. კერესელიძე, სიკვდილმისჯილთა საკნიდან გამოიყვანეს და 2015 წლის 24 აგვისტოს, თავისუფლებაც უნდა მიეღო.

მართლმსაჯულების არითმეტიკით 2002+13 =2016

2006 წელს, კერესელიძე გაქცევის მცდელობისთვის გაასამართლეს. გაქცევის მცდელობის და მკვლელობის სასჯელების ნაწილობრივი შეკრების პრინციპით, საქალაქო სასამართლომ, მას სასჯელად 13 წელი და 6 თვე დაუდგინა. მოსამართლემ განაჩენში ჩაწერა, რომ სასჯელის ათვლა უნდა დაწყებულიყო 2002 წლის 29 მარტიდან და სასჯელის მოხდის დასასრულად უნდა განსაზღვრულიყო 2016 წლის 29 სექტემბერი.
ეს გადაწყვეტილება მოსამართლე დალი მეტრეველმა გამოიტანა, რომელიც სააკაშვილის ხელისუფლებაში მოსვლისთანავე, ჯერ გაგრის მოსამართლედ დაინიშნა, ხოლო 2006 წელს, პრეზიდენტმა თბილისის საქალაქო სასამართლოში დააწინაურა.
დაწინაურებულმა მოსამართლემ დაუშვა აშკარა არითმეტიკული შეცდომა – ორიათას ორს მიუმატა ცამეტი და მიიღო ორიათას თექვსმეტი. შესაბამისად, განაჩენში 2015-ის ნაცვლად, 2016 წელი ჩაწერა.
თუმცა, მოსამართლემ არითმეტიკული შეცდომა ერთი თვის შემდეგ თვითონვე გამოასწორა და გამოცა დადგენილება განაჩენში უზუსტობის აღმოფხვრის თაობაზე. ამჯერად, მან 2002-ს უშეცდომოდ მიუმატა ცამეტნახევარი და სასჯელის დასრულების ვადად, დაადგინა 2015 წლის 29 სექტემბერი.
მოსამართლემ დაუშვა ლოგიკური შეცდომაც: სასჯელის ნაწილობრივი შეკრების დროს, გამოიყენა ორი ციფრი. ერთი მხრივ, 4 წელი და 6 თვე, რაც კერესელიძეს შეუფარდა გაქცევის მცდელობისთვის და მეორე მხრივ, 9 წელი რაც ოცწლიანი სასჯელის მოუხდელ ნაწილად იგულისხმა.
2006 წელს, კერესელიძეს უკვე მოხდილი ჰქონდა 11 წელი და განაჩენის გამოტანის დროს, მას მართლაც 9 წელი ჰქონდა დარჩენილი, რასაც მოსამართლემ დაუმატა გაქცევის მცდელობისთვის შეფარდებული ოთხწელიწადნახევარი და ჯამში, მოსახდელი სასჯელის სახით, ცამეტი წელი და ექვსი თვე დაადგინა. თუმცა, განაჩენში არ მიუთითა, მოუხდელ ნაწილს მეორე განაჩენით დადგენილი სასჯელის რა ნაწილი მიუმატა, ვინაიდან თუკი საბოლოო ზომად 13 წელი და 6 თვე დაადგინა, რაც 9 ისა და 4,6 სრულ ჯამს წარმოადგენს, მაშინ ვიღებთ იმას, რომ პირველი განაჩენით დადგენილი სასჯელის მოუხდელი ნაწილი და ახლად დანიშნული, არა ნაწილობრივ, არამედ სრულად შეუკრებია,
განაჩენში, ბუნდოვანი იყო სწორედ ამ სასჯელის ათვლის თარიღი. სასჯელის დაწყების თარიღად, მოსამართლემ 2002 წელი მიუთითა. ამ დროისთვის კი, კერესელიძეს მოსახდელი ჰქონდა არა ცხრა, არამედ 13 წელი. 2002 წლიდან ათვლის შემთხვევაში, ჯამური სასჯელი ჩვიდმეტწელიწად ნახევარი იქნებოდა და კერესელიძეს, სასჯელის ვადა 2019 წლის 29 სექტემბერს გაუვიდოდა და არა 2015 წელს.
მანანა კობახიძე: იმის მიუხედავად, რომ ამ განაჩენში დაშვებული იყო როგორც არითმეტიკული, ასევე ლოგიკური შეცდომები, განაჩენით ცალსახად იყო განსაზღვრული სასჯელის ზომა, მისი დასაწყისი და მისი დასასრული. რეალურად, არსებულ დარღვევებთან დაკავშირებით, ცვლილების შეტანა მსჯავრდებულის საუარესოდ, შესაძლებელი იყო მხოლოდ პროკურორის მხრიდან ამ დარღვევების გასაჩივრების შემთხვევაში. და რადგან ეს საკითხები პროკურატურას სადავოდ არ გაუხდია, ცვლილების შეტანა ამ განაჩენში, დაუშვებელი იყო.
თუმცა, არც ისაა გამორიცხული, რომ მოსამართლეს სასჯელის დაანგარიშებისას, საკუთარი მოტივაცია ჰქონოდა და იქნებ ამაზე მიუთითებს ის გარემოებაც, რომ პრეზიდენტის რჩეული მოსამართლის ალოგიკურ მსჯელობას, სამართლებრივი რეაგირება არ მოჰყოლია. 2015 წლის 29 სექტემბერი კი, როგორც კერესელიძის სასჯელის დასრულების თარიღი, კანონიერ ძალაში შევიდა.

სასამართლო დავების ისტორია
განაჩენი უნდა იყოს მკაფიო და დასაბუთებული.
ევროკონვენციის მეექვსე მუხლი



ირაკლი კერესელიძემ, უზენაეს სასამართლოს მიმართა და პრეზიდენტის შეწყალება იმ მოტივით გაასაჩივრა, რომ ბრძანებულების გამოცემის დროს, სისხლის სამართლის კოდექსი, ოცწლიან სასჯელს არ ითვალისწინებდა. სიკვდილით დასჯის შემდეგ, მაქსიმალური სასჯელი 15 წელი იყო.
საქართველოს უზენაესმა სასამართლომ, დააკმაყოფილა კერესელიძის საჩივარი, ჩამოაკლო მას მკვლელობისთვის მისჯილი 20 წლიდან 5 წელი და ამ დანაშაულისთვის სასჯელის ზომად, 15 წლით თავისუფლების აღკვეთა განუსაზღვრა.
ეს განჩინება გამოიტანა უზენაესი სასამართლოს სამეულმა იური ტყეშელაშვილმა, ზაზა მეიშვილმა და დავით სულაქველიძემ. უზენაესი სასამართლოს სამი მოსამართლის მიერ გამოტანილი გადაწყვეტილება, მანანა კობახიძის თქმით, ხარვეზიანი და ბუნდოვანი იყო.
მანანა კობახიძე: სასამართლო ვალდებული იყო, დაედგინა არა მხოლოდ მოსახდელი სასჯელის ზომა, არამედ ზუსტად მიეთითებინა სასჯელის მოხდის დასაწყისი და დასასრული, რათა მსჯავრდებულისთვის ცნობილი ყოფილიყო, როდის დაასრულებდა სასჯელის მოხდას. რადგან 2006 წლის საბოლოო განაჩენის მიხედვით, იგი უნდა გათავისუფლებულიყო 2015 წელს და უზენაესი სასამართლოს მიერ ხუთი წლით სასჯელის ვადის შემცირება, პირველი ინსტანციის მიერ მიღებულ განაჩენში, ავტომატურად არ აისახებოდა.~
კერესელიძემ, უზენაეს სასამართლოს საჩივრით მიმართა. მას სურდა, რომ მკვლელობისთვის მისჯილი სასჯელის 5 წლით შემცირება ასახულიყო იმ განაჩენზე, რომლის მიხედვითაც, სასჯელის ვადა 2015 წლის 29 სექტემბერს ეწურებოდა და სასამართლოს ერთხელ და სამუდამოდ დაედგინა სასჯელის ამოწურვის ვადა.
სასამართლომ გამოცა განჩინება ბუნდოვანების აღმოფხვრის შესახებ: "პალატა აღნიშნავს, რომ მსჯავრდებულის საჩივარი საფუძვლიანია და უზენაესი სასამართლოს 2007 წლის 20 აპრილის განჩინებაში, ი. კერესელიძის მიმართ დაშვებულია ბუნდოვანება უზუსტობა. კერძოდ, არ არის დაზუსტებული მსჯავრდებულისთვის საბოლოოდ მოსახდელი სასჯელი და მისი ათვლის თარიღი, რაც უნდა გასწორდეს.”
შესაბამისად, სასამართლომ, კერესელიძის ცამეტწელიწად ნახევრიან სასჯელს 5 წელი გამოაკლო, საბოლოოდ განუსაზღვრა სასჯელი 8 წლითა და 6 თვით და ათვლის თარიღად, 2002 წლის 29 მარტი დაადგინა. რის შედეგადაც, სასჯელის დასრულების ვადამ 2015 წლის 29 სექტემბრიდან, 2010 წლის 29 სექტემბერზე გადმოინაცვლა.

კიდევ ერთი საჩივარი


მკვლელობის ნაწილში, სასჯელის ოდენობაზე საჩივრის დაკმაყოფილების შემდეგ, კერესელიძემ სასჯელი გაქცევის მცდელობის ნაწილშიც გაასაჩივრა.
გაქცევის საქმე, თავის დროზე, გლდანი-ნაძალადევის რაიონულმა სასამართლომ განიხილა და კერესელიძეს 3 წლით თავისუფლების აღკვეთა მიესაჯა. თუმცა, საქმე გამოძიებაში დაბრუნდა, 2006 წელს, საქალაქო სასამართლოში მოსამართლე დალი მეტრეველმა, საქმე ხელმეორედ განიხილა და როგორც უკვე აღვნიშნეთ, კერესელიძეს ოთხწელიწად ნახევარი მიუსაჯა.
სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის მიხედვით, სასამართლოს უფლება არ აქვს, დანიშნოს უფრო მკაცრი სასჯელი, თუ საქმის გადასინჯვა ხდება მსჯავრდებულის საჩივრის საფუძველზე და საჩივარი არ შეუტანია პროკურორს, დაზარალებულს ან ბრალდების მხარის წარმომადგენელ პროცესის სხვა მონაწილეს.
გაქცევის მცდელობის საქმე, ძიებაში სწორედ მსჯავრდებულის ანუ კერესელიძის საჩივრის საფუძველზე დაბრუნდა და მოსამართლე მეტრეველის მიერ სასჯელის წელიწადნახევრით დამძიმება, აშკარა უკანონობა იყო.
კერესელიძე, განაჩენს სწორედ ამ მოტივით ასაჩივრებდა და ეს მოთხოვნა რომ სრულიად კანონიერი იყო, უზენაესი სასამართლოს განჩინებამ დაადასტურა. კერესელიძეს, ოთხწელიწადნახევრიდან, წელიწადნახევარი ჩამოაკლეს.
ამ განჩინების შემდეგ, კერესელიძეს არითმეტიკულად, ლოგიკურად და სამართლებრივად, 7 წლიანი საპატიმრო ვადა 2002 წლიდან ათვლის პირობით, 2009 წლის 29 მარტს უნდა გასვლოდა.
მაგრამ, კერესელიძე ისევ ციხეშია და მისი სასჯელის ათვლისა და გასვლის ვადა, ჯერ კიდევ დაუდგენელია.
მაშინ, როდესაც უზენაესი სასამართლო იხილავდა კერესელიძის საჩივარს და სისხლის სამართლის საქმეც ფიზიკურად უზენაეს სასამართლოში ინახებოდა, სააპელაციო სასამართლომ, საკუთარი ინიციატივით წამოიწყო წარმოება.
მანანა კობახიძე;" სამი მოსამართლე, მაია თეთრაული, ნაირა გიგიტაშვილი და მაია ივანიძე, 3 აპრილს სხდებიან და მაშინ როცა, საქმე ფიზიკურად ხელთ არ აქვთ, რადგან საქმე სასამართლოს შენობაშიც კი არ იყო, ოთხი თვის წინათ გამოტანილ განაჩენში, შეაქვთ ფორმალურად დაზუსტება, მაგრამ სინამდვილეში, არსებითად ცვლიან განაჩენს. მოსამართლეებმა, კერესელიძის სასჯელის ვადის ათვლის თარიღი, 2002 წლიდან გადმოიტანეს 2006 წელში. მართალია, საპროცესო კანონმდებლობა ითვალისწინებს განაჩენში უზუსტობის აღმოფხვრის პროცედურას, მაგრამ უპირველესად, ეს უნდა ხდებოდეს საქმის მასალებზე დაყრდნობით და არ უნდა ცვლიდეს განაჩენის არსს და მით უმეტეს, სასჯელის ზომას."
ამ ეგრეთ წოდებული უზუსტობის აღმოფხვრით, მოსამართლეებმა: თეთრაულმა, გიგიტაშვილმა და ივანიძემ, საქმის მასალებისა და საპროცესო კანონმდებლობის გვერდის ავლით, კერესელიძეს სასჯელი ოთხი წლით მოუმატეს. და მისი გათავისუფლების თარიღმა, 2009 წლის 29 მარტიდან გადაიწია 2013 წლის 12 აპრილამდე.
მანანა კობახიძე: "იმის გარდა, რომ სააპელაციო სასამართლომ ოთხი წლით სრულიად უკანონოდ დაუმძიმა სასჯელი კერესელიძეს, ამ განჩინებით, განახორციელა კიდევ ერთი უხეში დარღვევა. მან სამართლებრივად და ფაქტობრივად, შეცვალა უზენაესი სასამართლოს მიერ ერთი წლით ადრე დადგენილი, კანონიერ ძალაში შესული გადაწყვეტილება. სადაც წერია, რომ განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება და რომ კერესელიძეს სასჯელის მოხდა, 2002 წლიდან უნდა დაწყებოდა".
სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება, რომ მართლაც უკანონო იყო, უზენაესი სასამართლოს სამმა მოსამართლემ; მაია ოშხარელმა, პაატა სილაგაძემ და ლევან მურუსიძემ, საკუთარი ხელმოწერით დაადასტურა განჩინებაში, სადაც აშკარა პრეტენზია გამოხატეს სააპელაციო სასამართლოს მისამართით: "სააპელაციო სასამართლომ, კერესელიძის მიმართ, სასჯელის საბოლოო ვადის განსაზღვრისას, არ გაითვალისწინა უზენაესი სასამართლოს განჩინება _ ირაკლი კერესელიძეს საბოლოოდ განესაზღვროს თავისუფლების აღკვეთა 8 წლითა და ექვსი თვით, რომლის მოხდა დაეწყოს 2002 წლის 29 მარტიდან."

უზენაესის ბუნდოვანებანი და უზუსტობანი...

მსჯავრდებული ირაკლი კერესელიძე, რომელიც 1995-96 წლებში უნდა დაეხვრიტათ და 2009 წელს უნდა გაეთავისუფლებინათ, რომლის სასჯელის ვადების არასწორი ათვლის გამო, სააპელაციო სასამართლოს მოსამართლეებს უზენაესი სასამართლოს მოსამართლეებმა ღია შენიშვნით მიმართეს, ისევ სასჯელის ბუნდოვანების აღმოფხვრის საჩივრებს ამუშავებს, რადგან უზენაესი სასამართლოს შავმანტიანმა მოსამართლეებმა, რომლებმაც ფაქტობრივად, დააკანონეს კერესელიძის 2009 წლის 29 მარტს გათავისუფლების თარიღი, იმავე განჩინებაში, რომელშიც ეს თარიღი კანონიერად აღიარეს, ჩაწერეს, რომ კერესელიძეს 7 წლიანი სასჯელის ათვლა არა 2002 წელს, არამედ 2006 წლიდან უნდა დაწყებოდა.
ეს გადაწყვეტილება, შავმანტიანმა მოსამართლეებმა, 2009 წლის 7 აპრილს მიიღეს, მაშინ როცა კერესელიძე, ფაქტობრივად, 8 დღის უკანონო პატიმარი იყო.


პ.ს ზემოთჩამოთვლილი ფაქტების საფუძველზე, 2009 წელს, სტუდია "რეპორტიორის" მიერ, მომზადდა ფილმი სახელწოდებით "თემიდას ბუნდოვანება"

"ლენტი მინისტრმა (ვანო მერაბიშვილმა) გაჭრა... "

ანუ
გაუმჭვირვალე ფული პოლიციის გამჭვირვალე შენობებისთვის



კახეთის რეგიონში, პოლიციის სამმართველოების 5 ახალი შენობა, ზარ-ზეიმით, პირადად შინაგან საქმეთა მინისტრმა, ვანო მერაბიშვილმა გახსნა.
მიუხედავად იმისა, რომ პოლიციის დაფინანსება ადგილობრივი ბიუჯეტიდან აკრძალულია, თანამედროვე სტანდარტების გამჭვირვალე შენობების მშენებლობა, მუნიციპალური ბიუჯეტებიდან, საკმაოდ სოლიდური თანხით დაფინანსდა.
საერთო ჯამში, ადგილობრივი ბიუჯეტებიდან გამოყოფილი თანხა, 300 000 ლარზე მეტია.
შუშის გამჭვირვალე შენობები თელავის რაიონის სოფელ ნაფარეულში; დედოფლისწყაროს რაიონის სოფელ არხილოსკალოში; საგარეჯოს რაიონის სოფელ იორმუღანლოში; გურჯაანის რაიონის სოფელ კაჭრეთსა და სიღნაღის რაიონის დაბა წნორში გაიხსნა.


"თავისუფალი გაზეთის" ექსკლუზიური ინფორმაციით, დედოფლისწყაროს ბიუჯეტიდან, არხილოსკალოს განყოფილების მშენებლობის სამუშაოები, 67 ათასი ლარით დაფინანსდა. ამის შესახებ გადაწყვეტილება, მუნიციპალიტეტის საკრებულომ მიიღო.
Mმედია-საშუალებების წარმომადგენლების გაოცება იმ ფაქტმა გამოიწვია, რომ ყველაფრის მიუხედავად, შს სამინისტროში საეჭვოდ ირწმუნებიან, თითქოს აღნიშნული პროექტის დასაფინანსებლად, 30 განყოფილების მშენებლობაზე, 2 500 000 ლარი ცენტრალური ბიუჯეტიდან გამოიყო. დედოფლისწყაროს გამგეობის მიერ გამოცემული ოფიციალური ბრძანებებით, სულ სხვა ციფრი ირკვევა. გამგეობის პრეს-სამსახური რატომღაც შეცვლილ მონაცემებს ავრცელებს და პოლიციის დაფინანსების შესახებ, შემცირებულ თანხას აქვეყნებს.
დედოფლისწყაროს მუნიციპალიტეტის საკრებულოს ბოლო სხდომაზე, ქედების ზონის პოლიციის განყოფილებისთვის თანამედროვე სტანდარტების შუშის გამჭვირვალე შენობის ასაგებად, ადგილობრივი ბიუჯეტიდან 67 000 ლარის გამოყოფას, მხარი უკლებლივ ყველა დეპუტატმა დაუჭირა.
ექსპერტების განცხადებით, „ადგილობრივი თვითმმართველობის შესახებ“ ორგანული კანონისა და „ადგილობრივი თვითმმართველი ერთეული ბიუჯეტის შესახებ“ საქართველოს კანონით, ადგილობრივი თვითმმართველობის უფლებამოსილებებს არ განეკუთვნება ისეთი დაწესებულებების დაფინანსება, რომელიც კანონით, ცენტრალური ბიუჯეტიდან ფინანსდება. პოლიციის რაიონული სამმართველოები კი, ცენტრალური ბიუჯეტიდან ფინანსდებიან.
ყველაფრის მიუხედავად, დედოფლისწყაროს საკრებულოში, ამ ნაბიჯს საზღვრისპირა სოფლების სპეციფიურობით ხსნიან და მიაჩნიათ, რომ ამ ნაბიჯით, კანონი არ დარღვეულა. დედოფლისწყაროს მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარე, ლევან ბაღაშვილი გადაწყვეტილებაში კანონდარღვევას ვერ ხედავს.

ლევან ბაღაშვილი (დედოფლისწყაროს საკრებულოს თავმჯდომარე): ,,2009 წლის 27 მარტს, ადგილობრივი თვითმმართველობის კანონში შესულია ცვლილება, რომელიც შესაძლოა, ბევრმა ჯერ კიდევ არ იცოდეს... ცვლილებების მიხედვით, საკრებულოს ნება ეძლევა, 2011 წლის 1 იანვრამდე, განსაკუთრებულ შემთხვევებში, ამგვარი სტრუქტურების დაფინანსების თაობაზე გადაწყვეტილება თავად მიიღოს... ასე რომ, ეს კანონი, იანვრამდე ჯერ კიდევ ძალაშია და სწორედ მასზე დაყრდნობით ვიმოქმედეთ, როცა საზღვრისპირა სოფლებში, პოლიციის განყოფილების გამჭვირვალე შენობის ასაგებად თანხა გამოვყავით... საკრებულოს და პირადად ჩემი პოზიცია არის ის, რომ ეს საზღვრისპირა სოფლები სპეციფიურობით გამოირჩევა, განსაკუთრებულ მიდგომას საჭიროებს და ჩვენი მხრიდან გამოვხატეთ მზადყოფნა, რომ იქ თანამედროვე ტიპის განყოფილება აშენდეს, რაც დანაშაულის რიცხვს მკვეთრად შეამცირებს და დადებით შედეგებს მოგვცემს... ეს იყო ჩვენი მიზანი, რომელსაც საკრებულოს წევრებიც დაეთანხმნენ. ამ გადაწყვეტილებაში, არამართებულს ვერაფერს ვხედავთ და როგორც ჩანს, არც კანონი დაგვირღვევია...~-აცხადებს ბაღაშვილი.
ადგილობრივი ბიუჯეტიდან საკმაოდ სოლიდური თანხით დაფინანსდა ქედების ზონის განყოფილებისთვის ავტომობილის შესყიდვაც. ამჯერად, გამგეობამ, პოლიციის სამმართველოს, მანქანის შესაძენად 21 570 ლარი ჩაურიცხა
დედოფლისწყაროს მუნიციპალიტეტის გამგებლის, ნიკოლოზ შანშიაშვილის 2010 წლის 13 აგვისტოს #378-ე ბრძანების საფუძველზე, ფიზიკურ პირს, დავით გელაშვილს საზოგადოებრივი წესრიგისა და უსაფრთხოების უზრუნველსაყოფად, დედოფლისწყაროს ბიუჯეტიდან 21 570 ლარი შსს-სთვის 1 ერთეული მერსედეს-ბენც შ-500 საქონლის შესყიდვისთვის ჩაერიცხა.
დედოფლისწყაროში, ადგილობრივი ბიუჯეტიდან პოლიციის განყოფილების მოწყობისთვის ზრუნვა, ამით არ დასრულებულა `თავისუფალი გაზეთის~ კახეთის ბიურომ გამგებლის კიდევ ერთი ბრძანება მოიპოვა, რის მიხედვითაც, პოლიციის განყოფილებას 17 ათას ლარზე მეტი ჩაერიცხა.
კერძოდ, დედოფლისწყაროს მუნიციპალიტეტის გამგებლის, ნიკოლოზ შანშიაშვილის 2010 წლის 6 სექტემბრის # 498-ე ბრძანების საფუძველზე, შპს „ტექნოთერმსს“ საზოგადოებრივი წესრიგისა და უსაფრთხოებისთვის გათვალისწინებული თანხებიდან, ადგილობრივი ბიუჯეტიდან 17 114 ლარი გამოეყო...
როგორც ცნობილია, სოფელ არხილოსკალოში, პოლიციის განყოფილების ახალი, თანამედროვე სტანდარტების შუშის შენობის მშენებლობაც ადგილობრივი ბიუჯეტიდან ფინანსდება. როგორც გაირკვა, ფინანსების გამოყოფა კვლავ გრძელდება. ექსპერტები და არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლები კი მიიჩნევენ, რომ ადგილობრივი ბიუჯეტიდან ისეთი სტრუქტურების დაფინანსება, რომლებიც ცენტრალურ ბიუჯეტიდან ფინანსდებიან - კანონდარღვევაა.
საყურადღებოა ერთი მნიშვნელოვანი დეტალი. დედოფლისწყაროს მუნიციპალიტეტის გამგეობის პრეს-სამსახურმა, ადგილობრივი ბიუჯეტიდან პოლიციის დაფინანსების შესახებ გავრცელებულ ცნობებში, თანხა მნიშვნელოვნად შეამცირა.
„არხილოსკალოს ქვეგანყოფილება, რომელიც 14 თანამშრომლით არის დაკომპლექტებული, თანამედროვე სტანდარტების ტიპიურ გამჭვირვალე შენობაში დაიდებს ბინას. დედოფლისწყაროს მუნიციპალიტეტის ხელმძღვანელობამ, ქვეგანყოფილების შენობის ეზოს კეთილმოწყობისთვის, ადგილობრივი ბიუჯეტიდან 42 785 ლარი გამოყო, რომელიც სრულად იქნა ათვისებული“, _ წერს დედოფლისწყაროს გამგეობის საზოგადოებასთან ურთიერთობის სპეციალისტი ანა ბენაშვილი, ადგილობრივ გაზეთ „შირაქში“ ახლახან გამოქვეყნებულ სტატიაში, რომლის სათაურია: „ლენტი მინისტრმა გაჭრა“.
სტატიის კითხვისას, მკითხველს რჩება შთაბეჭდილება, თითქოს ადგილობრივი ბიუჯეტიდან, არხილოსკალოს განყოფილებისთვის, მხოლოდ 42 785 ლარი დაიხარჯა. არადა ჯერ ინტერნეტ-გაზეთ „ქიზიყსა“ და მოგვიანებით რამდენიმე გამოცემაში ზედიზედ დაიბეჭდა ინფორმაციები იმის შესახებ, რომ დედოფლისწყაროს გამგეობამ, პოლიციის ახალ განყოფილებას ჯერ 67 000 ლარი ჩაურიცხა, შემდგომ 22 ათას ლარად ღირებული ავტომობილიც შეუძინა და დამატებით, სხვა ბრძანების მიხედვით, 17 114 ლარიც გამოყო.
გაზეთ „შირაქში“, ანა ბენაშვილის მიერ ახლახან გამოქვეყნებულ სტატიაში კი არაფერია ნათქვამი არც ახალ ავტომობილზე და არც რამდენჯერმე გამოცემულ ბრძანებებზე, რომელშიც საკმაოდ მსხვილი ციფრებია მოცემული.
„თავისუფალი გაზეთი“ ვითარების გარკვევას, პირადად სტატიის ავტორთან შეეცადა. ანა ბენაშვილი, "თავისუფალ გაზეთთან" ამ საკითხის კომენტირებისას, ხაზგასმით ირწმუნება, რომ დედოფლისწყაროს ბიუჯეტიდან მხოლოდ 42 785 ლარი გაიხარჯა.
ანა ბენაშვილი: „ეს ციფრი, მე გამგეობის საფინანსო სამსახურმა მომაწოდა. ანუ, ეს არის თანხა რომელიც უშუალოდ გაიხარჯა, ეზოსა და ინფრასტრუქტურის მოსაწყობად. ჯერჯერობით, არხილოს ქვეგანყოფილებაში, 42 785 ლარი დაიხარჯა...
_ კი მაგრამ, საკრებულოს სხდომას პირადად თქვენც ესწრებოდით, სადაც რამდენჯერმე დაფიქსირდა, რომ არხილოსკალოს ქვეგანყოფილებისთვის, 67 ათასი ლარი გამოიყო. სტატიაში ასევე არსადაა დაფიქსირებული, რომ ამავე განყოფილებისთვის, ახალი ავტომობილის შესაძენად, ადგილობრივმა ბიუჯეტმა 22 ათას ლარამდე გადარიცხა...
--
არ ვიცი... მე ეს მასალა საფინანსო სამსახურზე დაყრდნობით მოვამზადე... ოფიციალურად ასეთი მონაცემები მომაწოდეს“....
ცნობისთვის: გამგეობის მიერ გამოცემულ ოფიციალურ ბრძანებებშიც შავით თეთრზე წერია:
1) თავდაპირველად გამოიყო 67 ათასი ლარი,
2) 13 აგვისტოს # 378-ე ბრძანება - 21 570 ლარი ავტომობილისთვის,
3) 6 სექტემბრის # 498-ე ბრძანება - 17 114 ლარი...


ილია მარტყოფლიშვილი

როდის დაიწყებენ საქართველოში გვამების დონორებად გამოყენებას?


 ტრანპსლანტაცია – სიცოცხლის გადარჩენის თანამედროვე მეთოდი

ტრანსპლანტაცია, იგივე ორგანოთა გადანერგვა, დღესდღეობით სიცოცხლის გადარჩენის ერთ-ერთ ყველაზე მნიშვნელოვან სამედიცინო მეთოდს წარმოადგენს. მსოფლიოში, წელიწადში, ორგანოთა გადანერგვის დაახლოებით 100 ათასი ოპერაცია ტარდება და ამდენივე სიცოცხლის შენარჩუნება ხდება. 1995 წლიდან მოყოლებული, "საქართველოს ტრანსპლანტოლოგთა ასოციაციის" ეგიდით, უკვე 108 ტრანსპლანტაცია გაკეთდა, აქედან 101 შემთხვევა თირკმლის გადანერგვა იყო, ხოლო 7 – ღვიძლის.


ტრანსპლანტაციას, საქართველოში, 2000 წელს მიღებული კანონი არეგულირებს, რომლის მიხედვითაც, ორგანოს ცოცხალი დონორი შეიძლება იყოს პაციენტის მეუღლე ან გენეტიკური ნათესავი. მართალია, კანონი გვამურ დონაციას არ კრძალავს, მაგრამ ჩვენთან ტრანსპლანტაციის ოპერაცია, გარდაცვლილის ორგანოების გამოყენებით, დღემდე არ ჩატარებულა. როგორც სპეციალისტები განმარტავენ, ამ შემთხვევაში, პრობლემა უფრო ქართულ მენტალიტეტშია
საქართველოში, ორგანოთა გადანერგვასთან დაკავშირებულ პრობლემებსა და არსებულ მდგომარეობაზე, უროლოგიის ეროვნული ცენტრის თირკმლის გადანერგვის პროგრამის ხელმძღვანელი, პროფესორი არჩილ ჩხოტუა გვესაუბრება:
_ თირკმლის ტრანსპლანტაციის აუცილებლობა განპირობებულია პაციენტის მძიმე მდგომარეობით, რაც გამოიხატება თირკმლის უკმარისობით, როცა მისი არცერთი თირკმელი ადექვატურად არ ფუნქციონირებს. ამ ორგანოს ძირითადი მისიაა უზრუნველყოს ორგანიზმის გაწმენდა ნივთიერებათა ცვლის მთელი რიგი საბოლოო პროდუქტებისგან. როდესაც თირკმელი ამ მისიას ვეღარ უზრუნველყოფს და მუშაობას წყვეტს, ხდება მისი ფუნქციის ჩანაცვლება, რომელსაც მედიცინაში თირკმელით ჩანაცვლებითი თერაპია ჰქვია. არსებობს ამ პრობლემის დაძლევის ორი ფორმა, დიალიზით თერაპია და თირკმლის ტრანსპლანტაცია, რომელიც დიალიზით მკურნალობის ალტერნატიული მეთოდად განიხილება.
_ აღნიშნეთ, რომ დიალიზით მკურნალობის ალტერნატიული მეთოდია ტრანსპლანტაცია, რამდენად ეფექტურია და აუმჯობესებს თუ არა ადამიანის ცხოვრების ხარისხს?
_
გადანერგვის შემდეგ, პაციენტის ცხოვრების ხარისხი რადიკალურად იცვლება უკეთესობისკენ. დიალიზზე მყოფი პაციენტი განიხილება როგორც ინვალიდი და ფიზიკურად მაქსიმალურად შეზღუდულია. ტრანსპლანტაციის შემდეგ, მისი ჯანმრთელობის მდგომარეობის რეაბილიტაცია ხდება. ფაქტობრივად, პარალელურად მიმდინარეობს მისი სოციალური რეაბილიტაციაც. თითოეული ეს მაჩვენებელი ნორმალიზდება. ორგანოს გადანერგვის შემდეგ, ისინი ხდებიან აქტიურები, ზოგიერთი მათგანი სპორტითაც კი ინტერესდება.
_ თუ ენიშნება თირკმელგადანერგილ პაციენტს სპეციფიური პოსტოპერაციული მკურნალობა?
_
ოპერაციის შემდეგ, პაციენტს ენიშნება სპეციალური მედიკამენტები იმუნური შეუთავსებლობის დასაძლევად, რათა პაციენტის იმუნურმა სისტემამ, შეტევა არ მიიტანოს და არ გაანადგუროს ახალი ორგანო ანუ მათთვის უცხო ბიოლოგიური ორგანიზმი. მკურნალობის სპეციფიკა იმაში მდგომარეობს, რომ მათ მთელი ცხოვრების განმავლობაში, შესაბამისი მედიკამენტები უნდა მიიღონ. ეს სჭირდება ყველა თირკმელგადანერგილ პაციენტს, გარდა ერთი გამონაკლისისა, _ თუ პაციენტს გადანერგილი აქვს თავისივე იდენტური ტყუპისცალის ორგანო. თუ ისინი გარეგნულად ერთნაირები არიან, მაშინ მათი ორგანიზმი გენეტიკურად იდენტურია და პაციენტის იმუნური სისტემა, მას უცხო ორგანოდ ვერ აღიქვამს. სხვა შემთხვევაში, სჭირდებათ მედიკამენტური მკურნალობა, მუდმივად, ვიდრე ეს ორგანო ფუნქციონირებს.
_ ვინ შეიძლება იყოს დონორი და რამდენი წელი ფუნქციონირებს გადანერგილი თირკმელი?
_
საქართველოში, 2000 წელს მიღებული კანონის შესაბამისად, დონორი შეიძლება იყოს როგორც ცოცხალი, ისე გარდაცვლილი ადამიანი. ცოცხალი დონორი შეიძლება იყოს მხოლოდ გენეტიკური ნათესავი ან მეუღლე. გადასანერგად, გარდაცვლილი ორგანოების გამოყენება დასაშვებია, თუმცა დღემდე არცერთი გადანერგვა არ განხორციელებულა. რაც შეეხება გადანერგილი თირკმლის ფუნქციონირების ხანგრძლივობას, ეს დამოკიდებულია თუ რომელი დონორიდან არის აღებული ორგანო. რა თქმა უნდა, ცოცხალი დონორი უკეთესია. ამ შემთხვევაში, ორგანო 20-23 წელი ფუნქციონირებს, ხოლო გვამური, _ რამდენიმე წლით ნაკლები.
გვამი დონორის შემთხვევაში, ოპტიმალურად ითვლება თავის ტვინის სიკვდილით გარდაცვლილის ორგანოების გადანერგვა, რადგან მათში სისხლის მიმოქცევა ჯერ კიდევ შენარჩუნებულია და ჟანგბადი მიეწოდება. ეს კი დადებითად მოქმედებს გადანერგვის შემთხვევაში, ტრანსპლანტანტის ფუნქციონირების ხანგრძლივობაზე.
_ რა შემთხვევაში ფიქსირდება თავის ტვინის სიკვდილი?
_
საქართველოში, თავის ტვინის სიკვდილის კრიტერიუმი 2000 წელს შემუშავდა, ხოლო ცნება მის შესახებ, საქართველოს კანონში `ჯანმრთელობის დაცვის შესახებ~ 1997 წლიდან არის ჩადებული. თავის ტვინის სიკვდილი, გულისხმობს მის დადასტურებას ორჯერ, მინიმუმ 12 საათიანი ინტერვალით, _ კლინიკური გასინჯვისა და ინსტრუმენტული გამოკვლევის საფუძველზე. როდესაც ადამიანის თავის ტვინის სიკვდილი დასტურდება, მისი ორგანიზმიც კვდება. ეს შეუქცევადი პროცესია. ის აქტივობები, რომელიც ორგანიზმში მიმდინარეობს, დროებითია.
_ ყველა პაცინეტის ორგანო განიხილება დონორად, თუ მას თავის ტვინის სიკვდილი დაუდგინდა?
_
რა თქმა უნდა, არა. მხოლოდ იმ პაციენტების ორგანოები გამოიყენება ტრანსპლანტაციისთვის, რომლებიც რეანიმაციაში გარდაიცვალნენ. აღნიშნული პაციენტები, უკვე გამოკვლეულია და ცნობილია მათი გარდაცვალების მიზეზებიც. აუცილებელია, რომ ეს დასაბუთებული იყოს ანალიზების საფუძველზე, რათა შემგომში, გადანერგილმა ორგანომ პრობლემები არ შეუქმნას პაციენტს. დონოროებად არ განიხილებიან ის პაციენტები, რომლებიც გარდაიცვალნენ გულსისხლძარღვთა სისტემის პათოლოგიებით, _ ინსულტით, ინფარქტით, ონკოლოგიური დაავადებებით, ინფექციური პათოლოგიებით (რადგან, ნებისმიერი ინფექცია მიიჩნევა უკუჩვენებად) და სხვა ქრონიკული დაავადებებით. საბოლოოდ, რჩება ძალიან მცირე კონტიგენტი, რომელსაც განვიხილავთ პოტენციურ დონორად. ავტოავარიისა და დახურული ტრამვების შედეგად და ასევე დასაშვებია, თანდაყოლილი ანომალიების მიზეზით გარდაცვლილთა ორგანოების გამოყენება დონორებად.
_ რამდენად მნიშვნელოვანია საქართველოშიც დაიწყოს ეს პროცესი?
_
რა თქმა უნდა, ეს მნიშვნელოვანია. ეს საკითხი, იურიდიულად დარეგულირებულია. პირველ რიგში, უნდა შეიცვალოს საზოგადოების განწყობა. ამისთვის კი აუცილებელია, მათი სწორად ინფორმირება. შესაბამისად, მედიკოსებიც, ფრთხილად უნდა მოვეკიდოთ ამ საკითხს.
_ რას გულისხმობთ საზოგადოების სწორად ინფორმირებაში?
_
ამისთვის, საზოგადოება უნდა მოვამზადოთ. ამას უნდა მივაღწიოთ ნელ-ნელა და ფრთხილად. მსგავსი ოპერაციები, განვითარებულ ქვეყნებში, ყოველდღიურად კეთდება, ეს ჩვენთვის იქნება ნოვაცია. უნდა გავიაზროთ, რომ ამ დაავადების მაჩვენებლი კატასტროფულია და ყოველდღიურად იზრდება. დიალიზზე მყოფ პაციენტთა 80 პროცენტს, შესაძლოა ტრანსპლანტაცია გაუკეთდეს, თუმცა დონორების სიმცირის გამო, ამას ვერ ვახერხებთ. სამწუხაროდ, ვერ ვახერხებთ მათი სიცოცხლის გადარჩენას. აი, ეს არის გასააზრებელი...

მადინა მაღრაძე