06.03.2009
რა ბედი ელის ,,დიდ ათეულს``, ,,ცხოვრება მშვენიერიას`` და რამდენ გადაცემას გააჩერებს მაუწყებელი?
თამარ ლეფსვერიძე
საზოგადოებრივი მაუწყებლისა და მისი გენერალური დირექტორის, ლევან ყუბანეიშვილის გარშემო, აშკარად შავმა ღრუბლებმა მოიყარა თავი. სკანდალი გარდაუვალია! თავზეხელაღებული თავხედობა და დიდი დოზით კანონების ფეხქვეშ გათელვა - გამაოგნებელია. შედეგის დადგომა კი ქართულ სასამართლოზეა დამოკიდებული. აი, ქართული თემიდას ამბავი კი მხოლოდ ღმერთმა უწყის...
ფაქტი ის არის, რომ ლევან ყუბანეიშვილმა, გადაცემების შესარჩევი ტენდერი, რომელსაც თავად თავმჯდომარეობდა, კანონის სრული დარღვევით ჩაატარა. ტენდერი ბათილად ითვლება და სულ მალე, საზოგადოებრივ მაუწყებელზე, ძალიან ბევრი გადაცემა, შესაძლოა, გაჩერდეს!
როგორ და რა ფორმით მოხდა ლევან ყუბანეიშვილის დანიშვნა საზოგადოებრივი მაუწყებლის დირექტორის თანამდებობაზე და რა როლი ითამაშა ამ ყველაფერში ახლა დემოკრატიის დედად წოდებულმა ნინო ბურჯანაძემ, ყველამ კარგად იცის და ამაზე აღარ შევჩერდებით. უბრალოდ, ერთ რამეს კი შევახსენებთ, _ როდესაც მედიისა და სიტყვის თავისუფლებაზე ეპისტოლარული სტილით გვიწყებს დამოძღვრას, კარგად გაიხსენოს, რა მოლაპარაკებები აწარმოა და ვისთან საზოგადოებრივი მაუწყებლის საბოლოოდ დასასამარებლად. თან, ნურც ის დაავიწყდება, რომ იმ პერიოდისთვის, მაუწყებელი ერთადერთი შანსი იყო საქართველოს სატელევიზიო მედიასივრცეში, თავისუფალი სიტყვის შესანარჩუნებლად.
ბურჯანაძეს, როგორც ყოველთვის, რაც დაავალეს, ის გააკეთა. მის სიებს ხომ არ ეხებოდა საქმე, პროტესტი რომ გამოეთქვა. მაგრამ ლევან ყუბანეიშვილმა რომ უკადრებელი იკადრა, _ ფაქტია, თანაც შავით თეთრზე დაწერილი და ხელმოწერილი. ერთი სიტყვით, ნინოც გააწბილა და თვით ჯოზეფ ქეიც...
მიძინებული ,,თიბისი-ტვ``-ს ,,ფენომენი`` და შენგელია-ყუბანეიშვილის ბიზნეს ინტერესები
ლევან ყუბანეიშვილი, საზოგადოებრივი მაუწყებლის დირექტორად რომ დაენიშნათ, ამის გამო, სამეურვეო საბჭომ, თავისი მუშაობა დარღვევებით დაიწყო. მოულოდნელად, ყოველგვარი არგუმენტაციის გარეშე, მან გენერალური დირექტორის ვაკანტურ თანამდებობაზე განაცხადების მიღების ვადა, ერთი კვირით გაახანგრძლივა, რითაც კანდიდატები არათანაბარ პირობებში ჩააყენა. სწორედ ამ ერთ კვირაში შეიტანა განაცხადი ლევან ყუბანეიშვილმა. მაშინ ოპოზიციამ, ამაზე ყურებიც არ შეიბერტყა და იმიტომააცაა, მხოლოდ ,,კავკასიის`` ეთერში რომ ენაცვლებიან დღეს ერთმანეთს.
ბოლო მომენტამდე, ყუბანეიშვილი გახლდათ ,,თიბისი-ტვ``-ს ერთ-ერთი მეწილე და დირექტორი. იმ პერიოდში, მას ძალიან დიდი მისია ეკისრა _ ტელეკომპანია ,,იმედიდან``ჟურნალისტების გადაბირება ამ სტუდიაში. ამის შესახებ, გამოცდილი ჟურნალისტი და ექსპერტი სატელევიზიო სივრცეში, ზვიად ქორიძე, ჯერ კიდევ მაისის თვეში, საკმაოდ სერიოზულ და როგორც ახლა ირკვევა, წინასწარმეტყველურ განცხადებას აკეთებდა ,,თავისუფალი გაზეთისთვის`` მიცემულ ინტერვიუში:
,,თიბისი`` სტუდია, დღეს უკვე ფართო სპექტრითაა წარმოდგენილი ,,საზოგადოებრივ მაუწყებელზე.`` ამ სტუდიის ერთ-ერთი მეპატრონე ლევან ყუბანეიშვილი გახლდათ, რომელმაც უკვე ოფიციალურად მიყიდა კუთვნილი წილი თავის ბიზნესპარტნიორს, ზაზა შენგელიას.
ლევან ყუბანეიშვილს, საზოგადოებრივი მაუწყებლის გენერალური დირექტორის წინასაარჩევნო პერიოდში, დებატებში არა ერთხელ უთქვამს, რომ მისი მთავარი პრინციპი გახლდათ გარე სტუდიების წახალისება. ,,თიბისი``-ს ყველა პროდუქცია დღესვე არ გადმოვა ,,საზოგადოებრივ მაუწყებელზე``, მაგრამ ივნისის ბოლოს, როდესაც დასრულდება ევროპის ჩემპიონატი ფეხბურთში, დაიწყება ამ არხის თვისობრივი რეორგანიზაცია. სექტემბერში კი, ახალი სეზონიდან, ,,თიბისი`` ტვ-ს ბევრ პროგრამას ვიხილავთ საზოგადოებრივ მაუწყებელზე.
,,თავისუფალი გაზეთის`` კითხვაზე: _ რატომ გახდა ,,თიბისი ტვ`` ბოლო პერიოდში ასეთი პოპულარული? _ ზვიად ქორიძემ განაცხადა:
_ ,,თიბისი`` სტუდიამ ძალიან დიდი როლი ითამაშა ტელეკომპანია ,,იმედის`` დანგრევაში. ბევრი ჟურნალისტი, რედაქტორი, პროდიუსერი და ასევე ტექნიკური პერსონალი, რომელიც ,,იმედიდან`` წამოვიდა, სამუშაოდ სწორედ ამ სტუდიაში გადმოვიდა. ბევრი არ გადმოსულა ,,თიბისი``-ში, მაგრამ ამას მნიშვნელობა არა აქვს. მათი დავალიანებები, პირგასამტეხლოები ,,იმედის`` წინაშე, კერძო ხასიათის სხვადასხვა კრედიტები, რომელიც თითოეულ მათგანს ჰქონდა აღებული და დასაფარი იყო, მათი სამუშაო ადგილები, ახალი ხელფასები და პროექტები, ეს ყველაფერი ,,თიბისი`` სტუდიის გავლით მოხდა. ამხელა ფინანსურმა ნაკადმა იმოძრავა ერთი არაფრით გამორჩეული სატელევიზიო სტუდიის მეშვეობით. მართალია ,,თიბისი`` კარგა ხანია რეგისტრირებულია, მაგრამ გახსენდებათ ბოლო ხუთი ან რვა წლის განმავლობაში ამ სტუდიის მიერ წარმოებული პროდუქცია?
ეს მიძინებული სტუდია, 2007 წლის 7 ნოემბრის შემდეგ, უცებ აღსდგა და ამ სტუდიის თანამშრომლებს, მეპატრონეებს მოეძალათ ძალიან დიდი შემოქმედებითი ენერგია. უცებ, ეს სტუდია გახდა კრეატიული და დაიწყო ათასგვარი პროგრამის წარმოება, ფილმების კეთება და ორი სატელევიზო არხის ძირითადი გადაცემები, _ პოლიტიკური, საზოგადოებრივი თუ შემეცნებითი, ამ სტუდიაში მზადდება...
ვინ შეისწავლის საზოგადოებრივი მაუწყებლის საქმეს _ კონტროლის პალატა თუ პროკურატურა?
პირველი, რაც ლევან ყუბანეიშვილმა ,,საზოგადოებრივ მაუწყებელზე`` მისვლისთანავე გააკეთა, საერთოდ ამოაგდო ლოტიდან საგანმანათლებლო-შემეცნებითი გადაცემები და ბიუჯეტიდან თითქმის ერთი მილიონის მობილიზება, სწორედ თავის სტუდიაში მოახდინა. ოღონდ, ამას აკეთებდა ნელ-ნელა, ეტაპობრივად და კანონების უხეში დარღვევით.
რომ არა შპს ,,სიგმა პლიუსი``, რომლის დირექტორიც ჟურნალ რეიტინგის რედაქტორი მანანა ღოღობერიძე გახლავთ და გადაცემა ,,ეტალონი``, და ,,დიდი პერსპექტივა`` რომელთა პროექტიც სწორედ ,,სიგმა პლიუსს`` ეკუთვნის, ეს დარღვვები, გარიგებები და თავზეხელაღებული თავხედობა ისე ჩაივლიდა, რომ კაციშვილი არც განმკითხავი იქნებოდა და არც მომკითხავი. ვინაიდან, საგანმანათლებლო-შემეცნებით გადაცემებზე ლოტი საერთოდ არ არსებობდა, ,,სიგმა პლუსი`` იძულებული გახდა, განაცხადი თავისუფალ ლოტზე შეეტანა. ყუბანეიშვილმა, ,,ეტალონიც`` დაიწუნა, ,,დიდი პერსპექტივაც`` და სხვა მიზეზებს, ფინანსური უკმარისობაც დაუმატა. როგორც ჩანს, დღეს, საპატრიარქოს მოწონებული ყველაფერი მიუღებელია ,,საზოგადოებრივ მაუწყებელზე``, დაწუნებული კი პირიქით _ ტაშ-ფანდურით მისაღები.
ტენდერის თავმჯდომარე, თავად ლევან ყუბანეიშვილი გახლდათ. ამავე ტენდერში, მონაწილეობას იღებდა ,,თიბისი ტვ``, რომელმაც, რა თქმა უნდა, გაიმარჯვა. სახელმწიფო შესყიდვების შესახებ კანონის თანახმად კი, როდესაც ცხადდება ტენდერი ამა თუ იმ მომსახურების შესყიდვაზე, სატენდერო კომისიის წევრი, ისევე როგორც, რა თქმა უნდა, თავმჯდომარე, არ შეიძლება იყოს ის პირი, რომელიც კონკურსანტი ორგანიზაციის თანამშრომელი, ან მისი მეწილე იყო ბოლო სამი წლის განმავლობაში.
ეს კიდევ არაფერი, კანონის თანახმად, ტენდერი კიდევ ორჯერ უნდა ჩატარებულიყო, მაგრამ ამას ლევან ყუბანეიშვილმა ამჯობინა, პირდაპირ, ყოველგვარი ტენდერის გარეშე, ერთ პირთან მოლაპარაკების გზით, კონტრაქტი გაეფორმებინა ,,თიბისი ტვ``-სთან ორ საკმაოდ მსხვილბიუჯეტიან გადაცემაზე. ერთ-ერთი გახლავთ ,,დიდი ათეული``, რომლის ბიუჯეტი 517 000 ლარია და მეორეა ,,ცხოვრება მშვენიერია ნინო ქაჯაიასთან ერთად``, რომლის ბიუჯეტიც (5 თვეზე) 175 000 ლარია.
და ეს მაშინ, როდესაც ,,ეტალონს`` უარი უთხრეს იმ მოტივით, რომ საკმარისი თანხა არ იყო. ძირითადი მოტივი კი ალბათ ის გახლდათ, რომ ,,საზოგადოებრივ მაუწყებელზე, საგანმანათლებლო გადაცემები მეასეხარისხოვანია და პრაქტიკულად, არც არსებობს.
აქვე იმასაც გეტყვით, რომ ,,დიდი ათეულისთვის`` გაფორმებულ კონტრაქტს, (2008 წლის 15 ოქტომბერი), საფუძვლად გადაუდებელი აუცილებლობა უდევს. რას გულისხმობს ეს, არავინ იცის, მათ შორის არც ამ პროექტის ქართული ვარიანტის ავტორმა და მთავარმა პროდიუსერმა, დაჩი გრძელიშვილმა.
იმ დროს, ჩვენთან ომი აღარ იყო, არც რაიმე სტიქიური უბედურება ან რევოლუციები გვატყდა თავს და ასეც რომ ყოფილიყო, ვითომ ეს გადაცემა რამეს შეცვლიდა?! რა ვიცი, იქნებ ძალიან მიამიტური კითხვაა, მაგრამ სერიოზულ პასუხს თუ ვინმე გაგვცემს, დიდი ინტერესით მოვუსმენთ.
შპს ,,სიგმა პლიუსის`` ადვოკატს, მანანა კობახიძეს ძალიან აინტერესებს, რატომ მიენიჭა ,,ცხოვრება მშვენიერია``-ს ექსკლუზიური უფლება და რა განსაკუთრებული სტუდია და ტექნოლოგიები ჭირდებოდა მსგავსი ფორმატის გადაცემის მომზადებას.
_ ქალბატონო მანანა, მოდით პირდაპირ გკითხავთ, _ ეს ტენდერი, რომლის თავმჯდომარეც, ლევან ყუბანეიშვილი გახლავთ, ითვლება თუ არა ბათილად?
_ სახელმწიფო შესყიდვების შესახებ საქართველოს კანონის თანახმად, როდესაც ცხადდება ტენდერი ამა თუ იმ მომსახურების შესყიდვაზე, სატენდერო კომისიის წევრი, ისევე როგორც, რა თქმა უნდა, თავმჯდომარე, არ შეიძლება იყოს ის პირი, რომელიც კონკურსანტი ორგანიზაციის თანამშრომელი, ან მისი მეწილე იყო ბოლო სამი წლის განმავლობაში. ეს კანონში იმიტომაა ჩადებული, რომ გამოირიცხოს ინტერესთა კონფლიქტის ნებისმიერი შესაძლებლობა. რა თქმა უნდა, წინასწარ არავინ იცის, ვინ მიიღებს კონკურსში მონაწილეობას. მაგრამ, როდესაც შემოდის განაცხადები და ირკვევა, რომ ერთ-ერთი ეკუთვნის იმ კომპანიას, სადაც შენ იყავი დამფუძნებელი და დირექტორი, მითუმეტეს არ გასულა სამი წელი, კანონი პირდაპირ გავალდებულებს თვითაცილების საკითხის დაყენებას. წინააღმდეგ შემთხვევაში, შენი მონაწილეობა სატენდერო კომისიაში, აბსოლუტურად კანონსაწინააღმდეგოა.
_ ამის შესახებ, `საზოგადოებრივი მაუწყებლის~ გენერალურ დირექტორს, სულ მცირე, წარმოდგენა მაინც უნდა ჰქონოდა. რატომ გარისკა ასე ძალიან ლევან ყუბანეიშვილმა?
_ აბსოლუტურად გაუგებარია, რატომ გააკეთა ეს ლევან ყუბანეიშვილმა. დავუშვათ, არ იცოდა ამის შესახებ, მაგრამ მას იურიდიული სამსახური იმისთვის ჰყავს, რომ საქმის კურსში ჩაეყენებინა. თუ იცოდა და მაინც დარჩა კომისიაში, თან თავმჯდომარედ, მაშინ უფრო სერიოზულ დარღვევასთან გვაქვს საქმე, _ როდესაც იცი, რომ ეს კანონით იკრძალება და მაინც იღებ კონკურსში მონაწილეობას. მოდით ასე ვთქვათ, _ ,,თიბის-ტვ``-დან ლევან ყუბანეიშვილი პირდაპირ `საზოგადოებრივი მაუწყებლის~ გენერალურ დირექტორად მივიდა. სამი წელი კი არა, სამი თვეც არ იყო გასული მას შემდეგ.
_ ამ სატენდერო კომისიის ერთ-ერთი წევრი, საზოგადოებრივი მაუწყებლის იურისტი, ზაზა ჯაფარიძე გახლავთ. ხომ არ ფიქრობთ, რომ კანონის არცოდნის ვარიანტი, აბსოლუტურად გამორიცხულია ამ შემთხვევაში?
_ დიახ, იურისტი თანამდებობრივადაც ვალდებული იყო, ეს ყველაფერი კომისიისთვის განემარტა. სატენდერო კომისიამ სახელმწიფო შესყიდვების შესახებ კანონი რომ უნდა იცოდეს, ეს არის ძალიან მარტივი ჭეშმარიტება. მივედით იმ რეალობამდე, რომ აღნიშნული კომისია იმ შემადგენლობითაა წარმოდგენილი, რომელიც პირდაპირ ეწინააღმდეგება კანონის მოთხოვნას.
_ და რა ხდება ამ შემთხვევაში კანონის თანახმად?
_ ამ შემთხვევაში, ნებისმიერი ადმინისტრაციული აქტი, რომელიც მომზადებულია ამ კომისიის მიერ, არის ბათილი. ანუ, ყველა შედეგი, რომელიც ამ ტენდერის საფუძველზე დადგა, ყველა ის ხელშეკრულება რომელიც დაიდო და ყველა ის გადაცემა, რომელიც ამ ტენდერში გამარჯვებული კომპანიების მიერ მომზადდა, შესაბამისად ბათილად ითვლება, ვინაიდან ამ კომისიის თავმჯდომარე არღვევდა შესყიდვების შესახებ სახელმწიფო კანონს. ამიტომ ჩვენ, სასამართლოში ვითხოვთ ამ აქტის ბათილობას.
_ თუ სასამართლომ დააკმაყოფილა თქვენი სარჩელი, `საზოგადოებრივი მაუწყებელი~ გადაცემების გარეშე დარჩება?
_ აბსოლუტურად საფუძვლიანად შეიძლება აღმოვჩნდეთ იმ რეალობის წინაშე, რომ ხვალიდან ამ ტენდერში გამარჯვებული არცერთი გადაცემა აღარ გავიდეს `საზოგადოებრივი მაუწყებლით.~ იმიტომ რომ, კანონით ეს ასე უნდა მოხდეს. ლევან ყუბანეიშვილმა კანონი იცოდა თუ არა, ეს მისი პრობლემაა. კანონის არცოდნა, მას პასუხისმგებლობისგან არ ათავისუფლებს. მთავარი ის არის, რომ ეს ტენდერი დარღვევით შედგა. არცოდნას და მიამიტი ბავშვის პოზიციას არავინ გაიზიარებს. რას იტყვის ყუბანეიშვილი, _ მაპატიეთ, არ ვიცოდი და მეტს აღარ ვიზამო?!
_ ამ ყველაფერს მოჰყვა ის რომ, `თიბისი-ტვ~-სთან ყოველგვარი ტენდერის გარეშე, დაიდო ორი საკმაოდ მსხვილბიუჯეტიანი ხელშეკრულება. საუბარია, ნინო ქაჯაიას გადაცემაზე `ცხოვრება მშვენიერია~ და `დიდ ათეულზე~. ამ შემთხვევაში თუ იკვეთება ინტერესთა კონფლიქტი?
_ ძალიან დიდი საფუძველი გვაქვს ვიეჭვოთ, რომ გარკვეულ ლოტზე, შეიძლება შეგნებულად არ გაამარჯვებინეს რომელიმე კომპანიას, რათა შემდგომ, ექსკლუზიური უფლება გაეფორმებინათ `თიბისი-ტვ~-სთან. ყველაფერს რომ თავი გავანებოთ, მე ვარ `საზოგადოებრივი მაუწყებლის~ მომხმარებელი, რადგან ეს ტელევიზია ფინანსდება ბიუჯეტიდან, რომელსაც ჩვენ ვავსებთ. აქიდან გამომდინარე, ჩვენი ინტერესია იყოს ისეთი გადაცემა, რომელმაც ნამდვილად გაიმარჯვა ტენდერში. `სიგმა პლუსისთვის~ და `ეტალონისთვის~ არ აღმოჩნდა ფინანსები და უცებ, ექსკლუზიურად, ორ გადაცემაში 700 ათასი ლარი ჩაიდო?! საუბარია ისეთი სტილის საგანმანათლებლო-შემეცნებით გადაცემაზე, რომელსაც მთელი საქართველო უყურებდა და ნამდვილად მაღალრეიტინგული იყო. ამას მოწმობს `ეტალონის~ რეიტინგებიც და უამრავი სარეკომენდაციო წერილიც.
დავიჯეროთ, რომ `ცხოვრება მშვენიერიას~ ფორმატის გასართობ გადაცემას სხვა სტუდია ვერ დაამზადებდა? რატომ მაინცდამაინც `თიბისი-ტვ~. იმიტომ ხომ არა, რომ მისი დირექტორი, სწორედ ლევან ყუბანეიშვილი იყო და რამდენიმე დღით ადრეც კი, სანამ ის ,,საზოგადოებრივ მაუწყებელზე`` დაინიშნებოდა.
_ გადავიდეთ მეორე გადაცემაზე, რომლის ბიუჯეტი ნახევარმილიონზე მეტს შეადგენს. საუბარია ,,დიდ ათეულზე``. ჩვენს მიერ მოპოვებული საბუთების თანახმად, ლევან ყუბანეიშვილი, არა მხოლოდ ,,თიბისი-ტვ``-ს, არამედ ,,ჯი ელ-ტვ``-ს დირექტორიც გახლდათ ბოლო მომენტამდე. ეს სტუდია ,,საზოგადოებრივ მაუწყებელზე`` ამზადებდა გადაცემა ,,7 დღეს``. ,,დიდი ათეული`` სწორედ ამ გუნდითაა დაკომპლექტებული.
_ ეს უფრო ჟურნალისტური გამოძიების თემაა. თუმცა არ ვიცი, კონტროლის პალატის, ან პროკურატურის შესასწავლი თემაცაა. შეიძლება, ადგილი ჰქონდეს კორუფციულ გარიგებას. ეს ჩემი ვარაუდი გახლავთ.
ზვიად ქორიძემ ისე განჭვრიტა წინასწარ ყველაფერი, რომ გადავწყვიტეთ, კიდევ ერთხელ გვეკითხა აზრი კონკრეტულ ფაქტებთან დაკავშირებით.
_ ბატონო ზვიად, თქვენ სატელევიზიო სივრცის ექსპერტი ბრძანდებით, როგორ ფიქრობთ, რა ხდება მოცემულ შემთხვევაში?
_ თავისი ტექნიკური შესაძლებლობებით, ,,თიბისი-ტვ`` არის ერთ-ერთი ყველაზე კარგად უზრუნველყოფილი სტუდია საქართველოში. ამ სტუდიას, თავისუფლად შეეძლო სატენდერო პირობების დაკმაყოფილება და მოგებაც. მაგრამ, როდესაც ჩნდება ინფორმაციები იმის შესახებ, რომ ,,საზოგადოებრივი მაუწყებელი`` ამ სტუდიას ყოველგვარი ტენდერის გარეშე, ექსკლუზიურად გადასცემს 517 ათას და 175 ათას ლარიან გადაცემებს, ეს იმას ნიშნავს, რომ მას კონკრეტული ინტერესი ამოძრავებს. ელემენტარული კორუფციული ნიშნები, აშკარად იკვეთება, რაზეც სერიოზული გამოძიებაა ჩასატარებელი. ამ სტუდიის ყოფილი მმართველი და აღმასრულებელი დირექტორი, ამჟამად ,,საზოგადოებრივი მაუწყებლის`` გენერალური დირექტორია. დიდი ეჭვი მაქვს, რომ სატენდერო კომისიაზე შეგნებულად არ გაიტანეს ძვირადღირებული პროდუქტები, რათა შემდგომ ექსკლუზიურად გადაეცათ ,,თიბისი-ტვ``-ისთვის. მართალია, ხელშეკრულებაში წერია, რომ მხოლოდ ნინო ქაჯაიას გადაცემაა ექსკლუზიური უფლებით, მაგრამ ფაქტობრივად, ,,დიდი ათეულიც`` ასე ექსკლუზიურად მიართვეს ამავე სტუდიას. ამ უკანასკნელის შემთხვევაში, მოტივად გადაუდებელი აუცილებლობა ჩაწერეს. ლევან ყუბანეიშვილს არ უნდოდა, რომ ასეთი მსხვილბიუჯეტიანი გადაცემები ტენდერზე გასულიყო. იმიტომ კი არა, რომ იქ სხვა კონკურენტი გაჩნდებოდა, უბრალოდ არ უნდოდა ერთი ტენდერით, ლამის მილიონამდე თანხა დაფიქსირებულიყო კონკრეტულად ,,თიბისი-ტვ``-ის მისამართით. ფაქტია, რომ რამდენიმე სახის დანაშაულია ჩადენილი. პირველი _ სატენდერო კომისიის თავმჯდომარე თავად ყუბანეიშვილი იყო, მეორე _ ამ ტენდერში, ყველაფრის მიუხედავად, ,,თიბისი-TV`` იმარჯვებს და მესამე _ ყოველგვარი ტენდერის გარეშე, ნახევარმილიონიანი ხელშეკრულებებია გაფორმებული იმ სტუდიასთან, რომლის დირექტორიც თვითონ იყო. რაც ყველაზე მთავარია, ამ ექსკლუზიურ კონტრაქტს თან ახლავს ,,საზოგადოებრივი მაუწყებლის`` სამეთვალყურეო საბჭოს გადაწყვეტილებაც. საინტერესოა, რა შინაარსისაა ამ ცხრა ადამიანის მიერ მიღებული გადაწყვეტილება. მათ, სატენდერო კომისიას იმის მანდატი მისცეს, რომ 517 ათასი ლარი უტენდეროდ გაეშვათ? ვფიქრობ, უფრო ფართო მასშტაბიან კრიმინალთან გვაქვს საქმე.
მიუხედავად იმისა, რომ ,,ბი-ბი-სის`` პროექტია, ,,დიდი ათეულიც`` უნდა გაეტანათ ტენდერზე. უბრალოდ, აქ სხვა ტიპის ტენდერი უნდა ჩატარებულიყო. ძალიან მაინტერესებს, იყო თუ არა რაიმე ტიპის მოთხოვნა იმ მხარისგან, ვისგანაც ეს გადაცემა შეისყიდეს?
_ სწორედ დღეს, იგივე კითხვა დავუსვით ,,დიდი ათეულის`` ქართული ვარიანტის ავტორსა და პროდიუსერს, დაჩი გრძელიშვილს. მან განაცხადა, რომ ,,ბი-ბი-სი``-სთან მოლაპარაკებები პირადად ლევან ყუბანეიშვილმა აწარმოა, შემდგომ კი ,,ბი-ბი-სი``-დან მოვიდა მოთხოვნა, რომ მხოლოდ იმ შემთხვევაში დათანხმდებოდნენ საქართველოში ამ პროექტის წარმოებას, თუ გადაცემას ,,თიბისი-ტვ`` დაამზადებდა...
_ რაღაც ძალიან მეეჭვება, რომ ,,ბი-ბი-სი``-ის მენეჯმენტის რომელიმე წარმომადგენელს, იქიდან მოეთხოვა, _ გინდათ თუ არა, ,,თიბისი-ტვ``-მ მოამზადოს ეს გადაცემაო. არ არის გამორიცხული, თვითონ ,,საზოგადოებრივი მაუწყებლის`` ხელმძღვანელობას ჩაეყენებინა ,,ბი-ბი-სი``-ს წარმომადგენლები საქმის კურსში და ეთქვა, რომ ერთადერთი სატელევიზიო სტუდია, რომელსაც ასეთი პროდუქციის წარმოება შეუძლია, არის ,,თიბისი-ტვ``. აი, ეს კი უკვე, გარიგებაა!
_ ,,თიბისი-ტვ``-ს თემა აქტუალური მას შემდეგ გახდა, რაც 7 ნოემბრის შემდეგ, ტელეკომპანია ,,იმედიდან`` ჟურნალისტები წაიყვანა. ახლაც, ყველაზე დიდი თანხები ამ სტუდიისკენაა მიმართული და იქ ის ჟურნალისტები მუშაობენ, რომლებსაც ყუბანეიშვილმა თვითონ დაუხურა გადაცემა. ვგულისხმობ ,,ახალ დროებას`` და გადაცემა ,,7 დღეს``...
_ კარგა ხანია, ხელისუფლებაც და `საზოგადოებრივი მაუწყებლის~ ხელმძღვანელობაც, ჟურნალისტებს პროფესიული ნიშნით არ აფასებენ. საქმე გვაქვს დაუწერელ ვალდებულებასთან, რომელიც სახელმწიფომ და ამ შემთხვევაში, სახელმწიფოს დაკვეთით საზოგადოებრივმა მაუწყებელმა უნდა იკისროს იმ სხვენის ჟურნალისტების მიმართ, რომლებიც სახურავზე ავიდნენ და იქ წაიკითხეს ჩვენთვის ცნობილი განცხადება. თუმცა, ამ ჟურნალისტებს, არც დღესდღეობით აქვთ რაიმე განსაკუთრებული პასუხისმგებლობის შეგრძნება.
პ.ს. მიუხედავად რამდენიმედღიანი მცდელობისა, ვერანაირად შევძელით თავად ლევან ყუბანეიშვილთან დაკავშირება და მისი მოსაზრების მოსმენა. როგორც გვითხრეს, მას შემდეგ რაც დირექტორად დანიშვნის მილოცვები მიიღო, ტელეფონს აღარ პასუხობს.
,,საზოგადოებრივი მაუწყებლის`` თემას და ვის რა პირადი ინტერესები ჰქონდა ეტალონის მიმართ, ჩვენ შემდეგ ნომერშიც მივუბრუნდებით. წარმოგიდგენთ სხვა დოკუმეტურ მასალებსაც და იმედს ვიტოვებთ, ბატონი ლევანი საჭიროდ ჩათვლის პასუხი გასცეს თითოეულ იმ ადამიანს, რომელთა წინაშეც ის არა მხოლოდ პასუხისმგებელი, ვალდებულიცაა. და ნურავის დაავიწყდება, რომ ეს ჩვენი ანუ საზოგადოების მაუწყებელია!