გალობისა და მამაოების შეგონებების ფონზე, ჩურჩულით გამოტანილი განაჩენი...
ადვოკატი, მანანა კობახიძე
მოსამართლე, მილერი ხარებავა
თამარ ლეფსვერიძე
საქალაქო სასამართლოს მოსამართლე, მილერი ხარებავა განაჩენს ჩურჩულით კითხულობდა. მსჯავრდებულები ფეხზე იდგნენ და საკუთარ ვერდიქტს საეკლესიო გალობით ხვდებოდნენ. გალობისა და დარბაზში მსხდომი მამაოების შეგონებების ფონზე, პროკურორები მოსამართლის სათათბირო ოთახიდან გაიპარნენ...
სიტყვებისათვის,"ნუ შემიგინებთ ღვთისმშობელს", _ მიესაჯოთ 4 წელი და 6 თვე, დაახლოებით ასე გამოიყურებოდა იმ 8 ბიჭისთვის გამოტანილი განაჩენი, რომლებმაც პირდაპირ ეთერში, ვინმე დეისაძის `საიდუმლო სირობა~ გააპროტესტეს...
7 მაისს, გადაცემა "ბარიერში", ნინო ჯანგირაშვილმა ორი ურთიერთდაპირისპირებული საზოგადოება მიიწვია. ერთი გახლდათ ე.წ ლიბერალების ფრთა და მეორე _ სახალხო მართლმადიდებლური მოძრაობა. ლიბერალებს წარმოადგენდნენ:… თეო ხატიაშვილი, ბექა მინდიაშვილი, სერგო რატიანი. მეორე მხარეს _ ლევან ჩაჩუა, დავით შალამბერიძე, ჯაბა გურჩიანი, რატი მაისურაძე, შოთა აფხაიძე, ავთანდილ ზუმბაძე, ზვიად ბლიაძე და გიორგი გაბედავა.
4 მაისს ჩატარდა ერეკლე დეისაძის წიგნის, "საიდუმლოსირობის" პრეზენტაცია, რასაც საპროტესტო აქციები მოჰყვა ილია ჭავჭავაძის სახელობის უნივერსიტეტის წინ. ამ წიგნის დამცველები: თეო ხატიაშვილი, ბექა მინდიაშვილი, სერგო რატიანი, ამბობდნენ რომ მათ აქვთ გამოხატვის თავისუფლება და რაც უნდოდათ, იმას იტყოდნენ. მაგრამ გადაცემა "ბარიერში" გამართული დისკუსიის დროს, შეურაცხოფილმა ხატიაშვილმა და მინდიაშვილმა, დარბაზი დატოვეს იმ მოტივით, რომ შეურაცხოფილები დარჩნენ და სალაპარაკო იქ მოწვეულ ოპონენტებთან, არაფერი ჰქონდათ. ღია ეთერში, დარბაზი დატოვეს და გავიდნენ. სტუდიიდან გასულებს, გარეთ დახვდათ ზუმბაძე და დავით შალამბერიძე. ეს ადამიანები, არქივისთვის აგროვებდნენ მასალას და გარეთ გასულებს, ვიდეოკამერით დახვდნენ და დაუსვეს კითხვები. კითხვა იყო ასეთი, _ თქვენ რომელი ბარიდან ხართ და რატომ იცავთ მამათმავლებს? ე.წ ლიბერალებმა პასუხი არ გასცეს, მანქანაში ჩასხდნენ და წავიდნენ. არავითარი ინციდენტი მათ შორის არ მომხდარა.
რატიანის ჩვენების მიხედვით, მათ წინასწარ ჰქონდათ დაგეგმილი სტუდიის დატოვება, _ მათთან სალაპარაკო არაფერი გვქონდა და სტუდია დემონსტრატიულად უნდა დაგვეტოვებინაო.
გარეთ გასულ ლიბერალებს, გადაცემის წამყვანი ნინო ჯანგირაშვილიც გაყვა და როდესაც ზუმბაძე კამერით დაინახა, ძალიან გაღიზიანდა. ისე ძალიან, რომ კამერაზე ხელი აუკრა.
მანანა კობახიძე: სიმართლე გითხრათ, ჩემთვის ცოტა გაუგებარია, ჟურნალისტი კამერის დანახვამ რატომ უნდა გააღიზიანოს, ვინც არ უნდა იყოს ამ კამერით. ნინო ჯანგირაშვილი ჩვენებაშიც ამბობს, რომ ხელი აუკრა ამ კამერას. ჯერ ერთი, როცა გადაცემა მიგყავს, შენობის გარეთ რაც არ უნდა ხდებოდეს, იქ გასვლა და სტუდიის დატოვება, გარკვეულწილად, არის პროვოცირება იმისა, რომ იქ მყოფებიც გარეთ გავიდნენ. რეალურად, ეს ნინომ თქვა კიდეც თავის ჩვენებაში, რომ მისი გარეთ გასვლა იყო შეცდომა. თუ ვინმემ ჩაშალა გადაცემა, პირველ რიგში, მე ჩავშალეო. მიუხედავად იმისა, რომ ზუმბაძის კამერას ხელი დაარტყა ნინომ, მისთვის არანაირი შეურაცხოფა არ მიუყენებიათ. ნინოს გაღიზიანება კი იმას მოჰყვა, რომ მას ჰკითხეს, _ რომელი ორიენტაციის ბრძანდებით, მამათმავლებს ასე რომ იცავთო.
არც ამ კითხვის დასმა იყო დანაშული. თუკი საზოგადოებაში არსებობენ სექსუალური ორიენტაციის უმცირესობები, კითხვასაც აქვს არსებობის უფლება. და გარდა ამისა, ჟურნალისტი, რომელიც საჯარო პირია, მიჩვეული უნდა იყოს ნებისმიერი კითხვის დასმას და არ უნდა ღიზიანდებოდეს.
ნინო ჯანგირაშვილის მიერ დასმული კითხვებიც, გარკვეულწილად, მაპროვოცირებელი იყო და ისე ჩანდა, რომ გარკვეულ მხარდაჭერას გამოხატავდა ლიბერალების მიმართ. წამყვანი, ჩემი აზრით, უნდა იყოს ნეიტრალური და არ უნდა მოახდინოს აზრის დაფიქსირება იმგვარად, რომ ოპონენტებს შორის სიტუაცია დაიძაბოს".ბოლო დროს, საჯარო დისკუსიის თემა გახდა ჩვენს ქვეყანაში ცისფერების აღლუმის მოწყობა, ბევრი მსგავსი კითხვა დაისვა, მაგრამ ამის გამო საბრალდებო სკამზე არავინ დაუსვამთ...
გარდა ამისა, არსებობს გადაცემა "სიმართლის დრო", სადაც იწვევენ მსგავსი ორიენტაციის მქონე ადამიანებს და საჯაროდ უსვამენ კითხვებს. გამოდის, რომ ნანკა კალატოზიშვილი, რომელიც ამ კითხვებს სვამს, დანაშაულს სჩადის?
ეს არის აბსოლუტურად ლეგიტიმური კითხვა, მაგრამ ასეთი კითხვის დასმა თურმე დანაშაული რომ ყოფილა, იმ განაჩენში აისახა, რაც ამ ბიჭების მიმართ გამოვიდა.
ნინო ჯანგირაშვილმა პროცესზე განაცხადა, რომ ამ კითხვების დასმის მეტი, ამ ბიჭებს არაფერი დაუშავებიათ. იგივეს ამბობდა დავით აქუბარდიაც, ნინო ზურიაშვილიც და ყველა ის ოპერატორი, რომლებიც დაიკითხნენ.
"ნუ შემიგინებთ ღვთისმშობელს..."
ლიბერალი მინდიაშვილი საჯაროდ აცხადებდა, რომ ეს მართლმადიდებლური მოძრაობა ფაშისტური და ტერორისტულია. რატიანი კი ამბობდა, რომ მათთან საქმე სამართალდამცავებს უნდა ჰქონდეთ, რადგან კრიმინალები არიან. ასეთი აგრესიული ტონი მოდიოდა ე. წ ლიბერალთა ფრთის წარმომადგენლებისგან. იმ ბიჭების მხრიდან, რომლებიც ახლა მსჯავრდებულები არიან, მსგავსი აგრესია არ ყოფილა. კადრში კარგად ჩანს, როგორი სიმშვიდით ზის იქ ლევან ჩაჩუა და საერთოდ დისკუსიაშიც არ მონაწილეობს. ერთადერთი, ჯაბა გურჩიანი იღებს მიკროფონს და ამბობს: "ნუ შემიგინებთ ღვთისმშობელს..." როდესაც ნინო ჯანგირაშვილმა გაიგო, რომ გურჩიანი სკოლის მოსწავლე იყო, მას მიკროფონი გამოართვა, _ მე ილიას უნივერსიტეტის სტუდენტების აზრი მაინტერესებსო. ამ ბიჭების მთელი აქტიურობა ჩანს გადაცემაში, რომელიც მთლიანადაა გადაღებული.
მანანა კობახიძე:"ფაქტი ისაა, რომ ე.წ ლიბერალები: მინდიაშვილი, ხატიაშვილი და რატიანი, სტუდიიდან აბსოლუტურად მშვიდობიანად წავიდნენ. ისინი, არც ჩვენებაში უარყოფენ, რომ მათ მიმართ რაიმე ფიზიკურ ანგარიშწორებას ადგილი არ ჰქონდა. უფრო მეტიც, რატიანმა თავის ჩვენებაში განაცხადა, რომ მართლმადიდებლური მოძრაობის ორმა წევრმა, ისინი მანქანამდეც კი მიაცილა, რაიმე ინციდენტს ადგილი რომ არ ჰქონოდა. ეს მიმცილებლები კი სწორედ რატი მაისურაძე და შოთა აფხაიძე იყვნენ, რაც კადრებიდანაც დასტურდება".
ამის შემდეგ, გარეთ რა ხდება, სტელას ბაღში ვინ მიდის და მოდის, რა ჯგუფები იკრიფება და ვის შორის ხდება შეხლა-შემოხლა, არსად ფიქსირდება.
სცემენ გარეთ გასულ აქუბარდიას და მასთან ერთად, მართლმადიდებელთა კავშირის წარმომადგენელს ჯაბა გურჩიანს. არცერთმა მათგანმა არ იცის, ვინ სცემა. გურჩიანს ძალიან სერიოზული პრობლემა აქვს მხედველობასთან დაკავშირებით, სათვალეები ჩაუმტვრიეს და ძლივს ავიდა სტუდიამდე. აქუბარდიას კი არ ახსოვს ვინ სცემა, მხოლოდ იმას აფიქსირებს, რომ ამ ბიჭებიდან არცერთი ყოფილა. არც იმას უარყოფს, რომ ბოლოს, თვითონაც მაგრად იჩხუბა.
მანანა კობახიძე: " როდესაც ნაცემი აქუბარდია სტუდიაში ავიდა, იქ იყო ლევან ჩაჩუაც, ჯაბა გურჩიანიც და გაბედავაც, სამივე მათგანი, ვინც იმ საღამოს დაიჭირეს. თუკი აქუბარდია რომელიმე მათგანმა სცემა, ან მონაწილეობა მაინც მიიღო, რატომ არ მიუთითა აქუბარდიამ იქ მისულ პოლიციას მათზე? ან ეს ბიჭები რატომ არ მიიმალნენ შემთხვევის ადგილიდან? ისინი აქუბარდიას გვერდით იდგნენ სტუდიაში".
არსებობს კადრები, სადაც ლევან ჩაჩუა ნაცემ აქუბარდიას ესაუბრება და ამ დროს შემოდის მამაო, რომელსაც ნაცემი ჯაბა გურჩიანი შემოჰყავს.
აქუბარდია ჩვენებაშიც ამბობს, ეს ადამიანები სტუდიაში იყვნენ და გარეთ როგორ მცემდნენო.
24 მოწმე პოლიციელი და ფენომენალური ოპერმუშაკი ჭავჭავაძე...
საქმის ძირითადი მოწმეები, პოლიციელები არიან. თითოეული მათგანის მიერ მიცემული ჩვენება, დროში, სივრცესა და რეალობაში ისეა ჩახლართული, ერთ-ორჯერ, მოსამართლესაც კი შერცხვა მათ მაგივრად, მაგრამ მერე რა... პოლიციელების მიერ არასწორად შედგენილ ჩხრეკის ორდერებსა და ამოცნობის გაყალბებულ ოქმებში, არსებითი დარღვევები მილერი ხარებავამ არ დაინახა...
მართალია ჩურჩულით, მაგრამ მაინც ჩაიკითხა განაჩენი... 4 წელი და 6 თვე... ასე გამოიტანა ქართველმა მოსამართლემ კიდევ ერთი სასტრასბურგე ვერდიქტი...
როგორც ლიბერალი თეო ხატიაშვილი ამბობს ჩვენებაში, პოლიცია მან გამოიძახა, როდესაც მანქანაში ჩასხდნენ.
ინციდენტი, გარეთ, მეორე რეკლამის გასვლის დროს დაიწყო. რეკლამა, დაახლოებით, 23:30 საათზე დასრულდა. ჩხუბი, სწორედ ამ შუალედში უნდა მომხდარიყო. პოლიციაში კი ზარი 23:45 საათზე ფიქსირდება. მათ მოსვლას, შემთხვევის ადგილამდე, მინიმუმ 10 წუთი მაინც ჭირდებოდა. ასე რომ, პოლიციის მოსვლის დროს, ინციდენტი ამოწურული იყო და ისინი თვითმხილველები ვერ იქნებოდნენ.
მაგრამ, მათ რიგებში გამოჩნდა პოლიციელი ჭავჭავაძე, რომელიც, მისი თქმით, სრულიად შემთხვევით აღმოჩნდა იმ საღამოს შემთხვევის ადგილას. და ალბათ, ასევე სრულიად შემთხვევით, დაიმახსოვრა ყველა იმ ბიჭის სახელი და გვარი, რომელიც იმ საღამოსვე, მისი ჩვენების საფუძველზე დააკავეს. ქართული საზოგადოება ოპერმუშაკ ჭავჭავაძეს აუცილებლად უნდა იცნობდეს, მისი უნიკალური მონაცემებისა და მეხსიერების გამო.
მანანა კობახიძე: "ძალიან საინტერესოა პოლიციელ ჭავჭავაძის ჩვენება. მისი თქმით, იმ საღამოს, სამსახურეობრივ მოვალეობას არ ასრულებდა. Pპირად საქმეზე ვიყავი გასული და ლეონიძის ქუჩაზე ხმაური რომ შემომესმა, ჩემი სურვილით მივედიო. დავინახე, რომ სტუდიის შიგნითაც ჩხუბი იყო, სტუდიის გარეთაც და ჩხუბობდნენ გაბედავა, ჩაჩუა, მაისურაძე და აფხაიძეო. მაგრამ იქ ბლიაძე, ზუმბაძე და შალამბერიძე დააკავესო. ასე ჩამოარაკრაკა ჭავჭავაძემ ამ ბიჭების სახელ-გვარები და მერე დასძინა, ისევ ჩემს საქმეზე წავედიო.
არადა, ჭავჭავაძეს საერთოდ არ მიუღია მონაწილეობა ამ ხალხის ამოცნობაში. ამ ადამიანმა სად გაიგო ბიჭების სახელ-გვარები, როგორ დაიმახსოვრა ასე სწრაფად, ამ კითხვაზე მისი პასუხი ორი სიტყვით შემოიფარგლა: ოპერმუშაკი ვარო.
თუკი ასე დეტალურად იცოდა ოპერმუშაკმა ჭავჭავაძემ მათი ვინაობა, რატომ არ მიიღო ამოცნობაში მონაწილეობა? ერთადერთი პასუხი, ამ ყველაფერზე ის არის, რომ ჭავჭავაძე შემთხვევის ადგილას საერთოდ არ ყოფილა".
მუჭით გადატანილი ნივთმტკიცებები და ჩხრეკაში დაკარგული პოლიციელი ბურდული...
შემთხვევის ადგილზე მისული პოლიციელები ტელეკომპანია "კავკასიის" სტუდიაში შევიდნენ და დააკავეს ეკლესიის სტიქაროსანი და მედავითნე ავთანდილ ზუმბაძე, სასულიერო აკადემიის სტუდენტი, დავით შალამბერიძე და მგალობელი ზვიად ბლიაძე. პოლიციელებმა ასევე დააკავეს ნინო ჯანგირაშვილის ძმა, ადვოკატი მალხაზ ჯანგირაშვილი და მისი შვილი, "კავკასიის' ოპერატორი ლუკა ჯანგირაშვილი, რომლებიც კავკასიის თანამშრომლებმა პოლიციელებს ხელიდან გამოსტაცეს და ამ გზით გაათავისუფლეს. ეს ქმედებები ასახულია იმ ვიდეო ფირებზე, რომელიც ბრალდების მხარის მიერ მტკიცებულების სახით იქნა წარმოდგენილი და საქმეზე დართული.
იმავე საღამოს, ჩაჩუა, აფხაიძე, მაისურაძე, გაბედავა და გვიჩიანი მიდიან პოლიციაში და მოწმეებად დაკითხვას ითხოვენ. ისინი პოლიციის სამმართველოში მოწმის სტატუსით შეიყვანეს და ადგილზე დააკავეს. ამ დროისთვის, პოლიციას დაზარალებულებიც კი არ ჰყავდა დაკითხული. ცნობილიც კი არავინ იყო დაზარალებულად და არ არსებობდნენ მოწმეები, რომლებიც დაკავებულების წინააღმდეგ იძლეოდნენ ჩვენებას... გარდა ოპერმუშაკ ჭავჭავაძისა...
მანანა კობახიძე: ამ ხუთი ბიჭის ქალაქის სამმართველოში დაკავებას საფუძვლად ის დაედო, რომ არსებობდა საფრთხე გამოძიებას მიმალვოდნენ. ამაზე დიდი უზნეობა რა შეიძლება იყოს, მართლა ვერ წარმომიდგენია. საქმეში დევს მასალები, რომ ეს ბიჭები, იმავე საღამოს, საკუთარი ფეხით მივიდნენ ჯერ ძველი თბილისის პოლიციის შენობაში და შემდეგ ქალაქის სამმართველოში. მიპასუხოს ვინმემ, ჰგავს ეს იმ ადამიანის საქციელს, რომელიც მიმალვას აპირებს?!"
რაც შეეხება ჩხრეკას, ოქმის მიხედვით, ჩხრეკა ჩატარდა სტუდიაში. კადრების მიხედვით, დაკავებულები მაშინვე გარეთ გამოიყვანეს და ფაქტია, ჩხრეკა იქ ვერ ჩატარდებოდა. პოლიციელ ბურდულის ჩვენების მიხედვით კი, ჩხრეკა ბაღში ჩატარდა.
ჩხრეკის ოქმის მიხედვით, ნივთმტკიცებები ადგილზე დაილუქა. მაგრამ ასე რომ მომხდარიყო, მინიმუმ დასალუქი პარკები ხომ უნდა ჰქონოდათ? ამიტომ პოლიციელები აცხადებენ, რომ ადგილზე არ დალუქულა და მეტი არგუმენტირებულობისთვის დასძენენ, რომ დაკავებული ბიჭების მობილურები და საფულეები ხელით გადაიტანეს პოლიციის განყოფილებაში.
მანანა კობახიძე: "კიდევ კარგი, ეს ყველაფერი, ნივთმტკიცებებად არ იქნა ცნობილი და პოლიციამ ვერაფერში გამოიყენა, თორემ ხომ წარმოგიდგენიათ, როგორ გვექნებოდა საქმე? ეს რომ ნარკოტიკი ან იარაღი ყოფილიყო, რას იზამდნენ, ხელით მიიტანდნენ პოლიციის შენობაში და იქ დალუქავდნენ? აი, ამ დონეზე ტარდება ჩხრეკა საქართველოში!!!"
შეწყვეტილი ბოლო სიტყვა და ქართული მართლმსაჯულების ჯოგური პრინციპი
ტელეკომპანია "კავკასიაში" მომხდარი ინციდენტის გამო, ზემოთ ჩამოთვლილი 8 ბიჭი, ორი მუხლით გაასამართლეს: ჟურნალისტური საქმიანობისთვის უკანონო ხელშეშლისა და ხულიგნობისთვის.
თუმცა, რომელ ჟურნალისტს შეუშალეს ხელი, ეს ვერც ბრალდებამ დაადგინა და ვერც სასამართლომ. დაზარალებულად, საქმეში, ერთი ჟურნალისტიც კი არ არის ცნობილი.
მანანა კობახიძე: თუკი საქმე ეხებოდა ტელეკომპანია "კავკასიის" ინტერესების დაცვას და ბრალდება თვლიდა, რომ ჩაიშალა გადაცემა "ბარიერი", დაზარალებულადაც კომპანია უნდა ყოფილიყო ცნობილი ან თავად გადაცემის წამყვანი, ჟურნალისტი ნინო ჯანგირაშვილი. თუკი ვინმეს შეიძლებოდა ხელი შეშლოდა, ეს ჯანგირაშვილი იყო. ასეთ ვითარებაში, გამოძიებამ მას მხოლოდ მოწმის სტატუსი არგუნა და არ ცნო დაზარალებულად.
ბიჭები ჯოგური პრინციპით გაასამართლეს. ყველას 4 წელი და 6 თვე მიუსაჯეს. მოსამართლე მილერი ხარებავამ, ერთი განმასხვავებელი დეტალიც კი ვერ იპოვა მათ ქმედებაში.
ხარებავამ არც საპატრიარქოს თავდებობა გაითვალისწინა და არც პარლამენტარების. Pპარლამენტარებმა: დიმიტრი ლორთქიფანიძემ, ლევან ვეფხვაძემ, ნიკა ლალიაშვილმა და ჯონდი ბაღათურიამ, სხვადასხვა ეტაპზე, ორ-ორჯერ შეიტანეს შუამდგომლობა ბიჭების თავდებით გამოშვებაზე.
საპატრიარქოს და პარლამენტს არც პროკურატურა ენდო და არც სასამართლო...
საპროცესო შეთანხმებაზე კი განსასჯელებმა ცალსახად უარი განაცხადეს, _ ცილისწამება დიდი ცოდვაა და საკუთარ თავს, ცილს ვერ დავწამებთო...
მილერი ხარებავამ, ზუმბაძეს ბოლო სიტყვაც არ ათქმევინა. მოტივი კი ის იყო, რომ ამ უკანასკნელმა თავისი პოზიცია დააფიქსირა.
მანანა კობახიძე: `ზუმბაძემ, თავისი ბოლო სიტყვა, ცოტა შორიდან დაიწყო და თქვა, რომ ეს სიტუაცია მას აგონებდა მე-20 საუკუნის დასაწყისს, როდესაც ეკლესიასა და მართლმადიდებლობას დევნიდნენ და ხელისუფლებამ ცუდად დაამთავრა. ამ განცხადების გამო, მოსამართლემ, საკმაოდ მკაცრი ტონით შეაწყვეტინა სიტყვა.
როგორც ჩანს, მარტო დეისაძეს აქვს გამოხატვის თავისუფლება ამ ქვეყანაში! მაგრამ, მისი გამოხატვის თავისუფლება იქ მთავრდება, სადაც ის სხვის რწმენაში შეიჭრება და შეურაცხოფს მას!
გამოხატვის თავისუფლება არ არის აბსოლუტური! აბსოლუტური თავისუფლება სიგიჟეა!
და ბოლოს, რელიგიური პატიმრები თალიბანს არ ჰყავს და საქართველოში გაჩნდნენ!"
Комментариев нет:
Отправить комментарий