пятница, 20 августа 2010 г.

100%-ით განაციონალებული კახეთი, უფულობის გამო გაზარმაცებული ოპოზიცია და ... ,,გასაკეთებელი კიდევ ბევრია...''

ილია მარტყოფლიშვილი
კახეთიდან



ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნების შედეგად, კახეთის რეგიონში, ახალი საკრებულოები, თითქმის 100%-ით ნაციონალური მოძრაობის დეპუტატებმა დაიკავეს.
თუ გასულ წლამდე, წინა მოწვევის საკრებულოებში 5-6 ოპოზიციონერი დეპუტატი მაინც მუშაობდა, ამიერიდან კახეთის მასშტაბით, თითეულ მუნიციპალიტეტში, მხოლოდ ერთი ან ორი ოპოზიციონერი შევიდა. ისინიც მხოლოდ ხელისუფლების დამატებად წოდებული ქრისტიან-დემოკრატიული მოძრაობიდან. როგორც `თავისუფალი გაზეთის~ კახეთის ბიურომ გაარკვია, კახეთის მასშტაბით, 129 მაჟორიტარული ოლქიდან, ოპოზიციამ მხოლოდ 9 სოფლის მოგება მოახერხა.




უნდა აღინიშნოს, რომ არჩევნების დღეს, კახეთში, საარჩევნო უბნების დიდ ნაწილს, რადიკალური ოპოზიციის არცერთი დამკვირვებელი არ ესწრებოდა. როგორც `თავისუფალი გაზეთის~ კახეთის ბიურომ გაარკვია, სახელფასო დავალიანებების გამო, ოპოზიციამ, უბნებზე დამკვირვებლების ჩასმა ვერ შეძლო.
ყველაზე კომიკური ვითარება დედოფლისწყაროს საკრებულოში შეიქმნა, სადაც 22 მანდატიდან, ნაცმოძრაობამ 21 გაინაწილა, ერთი კი ხელისუფლების კადრად წოდებულმა ქრისტიან-დემოკრატიული მოძრაობის დედოფლისწყაროს ორგანიზაციის ხელმძღვანელმა, გოდერძი აბულაშვილმა მიიღო.
დედოფლისწყაროს ქრისტიან-დემოკრატების ერთ-ერთი აქტიური წევრი, სიის მესამე ნომერი და ამავდროულად ამ პარტიის მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატი, ია ჯანაშვილი მიიჩნევს, რომ ამ ფონზე, დედოფლისწყაროს საკრებულოში, მხოლოდ ერთი ოპოზიციონერის შესვლა ყოველგვარ აზრს კარგავს. ჯანაშვილი ამბობს, რომ მისივე პარტიის ხელმძღვანელის ადგილას, თვითონ მანდატს დატოვებდა და ერთპარტიულ საკრებულოს ბოიკოტს გამოუცხადებდა:
ია ჯანაშვილი: ,,მე რომ ვყოფილიყავი იმ ერთადერთი ოპოზიციური მანდატის მფლობელი, ნამდვილად მანდატს დავტოვებდი და გოდერძი აბულაშვილის ადგილას, ბოიკოტს მივმართავდი.~
ყოფილი კანდიდატი, თავისი ხელმძღვანელის გადაწყვეტილებას, გამართლებას ვერ უძებნის და რეალურ გზად ბოიკოტს მიიჩნევს.
უნდა აღინიშნოს, რომ დედოფლისწყაროს 23 უბანზე ეროვნული საბჭოს არცერთი წარმომადგენელი კენჭისყრის პროცესს არ დასწრებია. შესაბამისად, ვერც დარღვევების აღმოჩენა და მათზე რეაგირება შეძლეს...
მოძრაობა "სამართლიანი საქართველოსთვის" დედოფლისწყაროს ორგანიზაციის თავმჯდომარე და ეროვნული საბჭოს სიის პირველი ნომერი, შოთა ჯამასპიშვილი "თავისუფალი გაზეთის+" კახეთის ბიუროსთან საუბარში ამბობს, რომ სამთვიანი სახელფასო დავალიანებების არსებობის გამო, არჩევნებამდე რამდენიმე დღით ადრე, ძალიან რთულ ვითარებაში აღმოჩნდნენ და პარტიის წევრებმა ანაზღაურების გარეშე მუშაობაზე უარი თქვეს.
ზოგადად, ეს არჩევნები, დედოფლისწყაროში დამკვირვებლების სიმცირით გამოირჩეოდა. მაშინ, როცა ოპოზიციურ პარტიებს უბნებზე არცერთი დამკვირვებელი არ ჰყავდა, საეჭვო ჩანდა ისიც, რომ ხუთი-ექვსი გაურკვეველი წარმომავლობის ორგანიზაცია, თითეულ უბანზე, ორ-ორ წარმომადგენელს უშვებდა. ასე მაგალითად: ქიზიყში, არჩევნების პროცესს, აქტიურად აკვირდებოდა საზოგადოება 'ბათუმელები", რომელსაც ყველა უბანზე ორი წარმომადგენელი ჰყავდა გამწესებული. ასევე, "მშვიდობისა და განვითარების აკადემია"; "საზოგადოებრივ ინიციატივათა ალიანსი"; "ახალგაზრდული მოძრაობა _ ჩვენი თაობა"; "დემოკრატიის ცენტრი"; "სპორტსმენთა კავშირი"; "მშვიდობისა და განვითარების ასოციაცია" _ ეს იმ ორგანიზაციათა ჩამონათვალია, რომელთა ორ-ორი წარმომადგენელი, ყველა უბანს აკვირდებოდა. ისინი, ძირითადად, სხვადასხვა ორგანიზაციებს ამოფარებული ნაციონალური მოძრაობის აქტივისტებად მოიაზრებოდნენ. ეჭვები მალევე დადასტურდა, როცა "თავისუფალმა გაზეთმა+" ხსენებული ორგანიზაციების მიერ სხვადასხვა პიროვნებებზე გაცემული აკრედიტაციების მთელი დასტა, სწორედ ქალაქ დედოფლისწყაროში, ნაციონალური მოძრაობის კანდიდატის მანქანაში აღმოაჩინა. (!)
"თავისუფალმა გაზეთმა+" გადაწყვიტა, ამ ორგანიზაციების დამკვირვებლებს გასაუბრებოდა და იმის გარკვევას შევეცადეთ, თუ რა მიმართულებით მუშაობდნენ ისინი, ან რა გახლდათ მათი ინტერესის საგანი. ადგილობრივების გაკვირვებას, განსაკუთრებით საზოგადოება "ბათუმელები" იწვევდა. თუმცა, უნდა ითქვას, რომ ამ ორგანიზაციების დამკვირვებლებმა, რაფაილ კლოიანმა, არუშავა ზოროღლიანმა, ლევან ცისკარაულმა, არჩილ ლეკაშვილმა, გოდერძი კახეთელიძემ და სხვებმა, ვერაფრით დააკონკრეტეს თუ რა სახის ორგანიზაციის წარმომადგენლები იყვნენ, ან რა ევალებოდათ საარჩევნო უბნებზე...
სხვათაშორის, წინა არჩევნებისგან განსხვავებით, ამჯერად ტრადიცია დაირღვა და უბნებზე არც არასამთავრობო ორგანიზაცია `სამართლიანი არჩევნების~ დამკვირვებლები ჩაუსვამთ. ვრცელდება ხმები, რომ "სამართლიანი არჩევნების" ადგილობრივმა ხელმძღვანელმა, ნაციონალებთან შეთანხმების შემდეგ, დამკვირვებლები ქალაქ დედოფლისწყაროს უბნებიდან სპეციალურად მოხსნა.
"სამართლიანი არჩევნების" კახეთის რეგიონალური ხელმძღვანელი, ნანა დევიძე, "თავისუფალი გაზეთის+" კითხვაზე, _ თუ რატომ არ იყო წინა არჩევნების მსგავსად ყველა უბანი მათ მიერ ათვისებული, განმარტავს, რომ არასაკმარისი ფინანსების გამო, ორგანიზაციამ ვერ შეძლო მთელი კახეთის დაფარვა და ეს ადგილობრივ ხელისუფლებასთან გარიგებას სულაც არ უკავშირდება. მან ასევე დასძინა, რომ დონორი ორგანიზაციებისთვის, ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნები, არცთუ ისე საინტერესოა. აქვე აღვნიშნავთ, რომ ბოლოს ჩატარებულ ყველა არჩევნებზე, "სამართლიანი არჩევნების"  წარმომადგენელი, ყველა უბანს მთელი დღის მანძილზე ესწრებოდა. ამდენად, დევიძის ამგვარი განმარტება არცთუ საფუძვლიანი აღმოჩნდა.
დედოფლისწყაროში აქტიურად საუბრობენ, რომ 30 მაისის არჩევნებზე, სასაზღვრო პოლიციის თანამშრომლებმა, ხმები ჯერ სამოქალაქო ფორმით, საკუთარ მისამართზე განახორციელეს, შემდეგ კი კარუსელი დატრიალდა და ისინი უბნებზე ფორმით მივიდნენ და ხმები დამატებითი სპეც-სიის სახით მისცეს.
დედოფლისწყაროს #4 სასაზღვრო სამმართველოს უფროსი, მაიორი დემურ კეკენაძე გავრცელებულ ინფორმაციას კატეგორიულად უარყოფს. ის ჟურნალისტების კითხვებს თავს არიდებდა.
დემურ კეკენაძე: ,,კომენტარს არ გაძლევ, პრეს სამსახურს მიმართეთ....
-- დედოფლისწყაროში, ხელმძღვანელი თქვენ ხართ და ამიტომ თქვენი პოზიცია უფრო საინტერესოა, თბილისიდან პრეს-სამსახურმა რა იცის, აქ რა მოხდა?...
-
- არ ვიცი, რას საუბრობენ... თუ ვინმეს მაგ საკითხთან დაკავშირებით ფაქტები აქვს, მაშინ სასამართლოს მიმართოს და იქ გაირკვევა. ისე, თქვენთან ლაპარაკს, აზრი არა აქვს, რა უნდა გელაპარაკოთ, მერე ყველაფერს სხვანაირად წერთ ხოლმე...
-- როგორ კომენტარსაც აკეთებთ, ყოველთვის შეუცვლელად ვუშვებთ, ახლაც გეკითხებით, გავრცელებულ ეჭვებზე პასუხი ხომ უნდა გაიცეს...
--
მოდი, თბილისში პრეს-სამსახურს დაუკავშირდით და ყველაფერს გეტყვიან
ზოგიერთ საარჩევნო უბანზე, ფორმიანები, სპეციალურ დამატებით სიაში იყვნენ შეყვანილები. კეკენაძის კომენტარის მიუხედავად, დამოუკიდებელ დამკვირვებელთა ნაწილმა, სასაზღვროს კონტრაქტორები, უბნებზე სამოქალაქო ფორმაში საცხოვრებელი მისამართების მიხედვით დააფიქსირეს, თუმცა ოფიციალური საჩივარი არ დაწერილა. შეგახსენებთ, ოპოზიციის დამკვირვებლები უბნებს თითქმის არ ესწრებოდნენ.
ზოგადად, არჩევნების დღემ მშვიდად ჩაიარა, თუმცა ყველა თანხმდებოდა იმაზე, რომ მმართველმა გუნდმა ამომრჩევლების დამუშავება წინასწარ მოახერხა.
დედოფლისწყაროს ოლქში, ყველაზე გვიან, სოფელ ფიროსმანის შედეგები მოვიდა. როგორც გაირკვა, ამის მიზეზი გადასწორებული ოქმები იყო. თუმცა, აღმოჩნდა, რომ კომისიაში ისევ გადაკეთებული ოქმები წარადგინეს, რის გამოც საქმე სასამართლოს გადაეცა.
სოფელ ფიროსმანის #17 საარჩევნო უბნის თავმჯდომარეს, რომან სურმანიძეს, საარჩევნო კოდექსის დარღვევის გამო, 2 000 ლარის ოდენობით ჯარიმას დააკისრებენ.
გაირკვა, რომ #17 უბნის ოქმები, რამდენჯერმე გადაკეთებულია, რის გამოც, ოპოზიციური პარტიები სურმანიძის დასჯას ითხოვდნენ.
,,აღმოვაჩინე, რომ ფიროსმანის ოქმი არაერთხელ არის ჩასწორებული. ორგანიზაცია "სამართლიანი არჩევნების" დედოფლისწყაროს წარმომადგენელი, ვენერა ქუსიკაშვილიც ჩაერთო და 126 მუხლის 26-ე პუნქტის თანახმად სამართალდარღვევის ოქმი შევადგინეთ და ის დედოფლისწყაროს სასამართლოს უკვე გადავეცით. სურმანიძეს 2000 ლარიანი ჯარიმა ელის" _ აცხადებს საოლქო საარჩევნო კომისიის წევრი, კონსერვატიული პარტიის დედოფლისწყაროს ორგანიზაციის თავმჯდომარე, მიხეილ ბიკაშვილი.
ეროვნული საბჭოს მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატი, ლია ჩოქური სოფელ წითელწყაროში საეჭვო ვითარებაზე ამახვილებს ყურადღებას და აცხადებს, რომ შესაბამისი სასარჩევნო გარემო არ იყო. მისი თქმით, წითელწყაროშიც მთელი ამ ხნის მანძილზე ვითარება სახელისუფლებო კანდიდატის გელა თეთრაულის სასარგებლოდ იყო შექმნილი.
ლია ჩოქური: ,,მიმაჩნია, რომ კენჭისყრის პროცესი და ამომრჩეველთა აქტიურობა, წითელწყაროში საეჭვო იყო. ასეთი შედეგი მოულოდნელი იყო. მართალია, შიგნით საარჩევნო უბნებზე სერიოზული დარღვევები არ ყოფილა, მაგრამ ხელისუფლების მხრიდან, ყველანაირი მოსყიდვის, დაშინებისა და შანტაჟის პროცესი, ამომრჩეველთან ინდივიდუალურად მანამდე განხორციელდა.
დედოფლისწყაროს მუნიციპალიტეტის დასუფთავების სამსახურის შპს "სერვისი-2007-ის" უფროსის მოადგილე, ზურაბ ყოჩიაშვილი დედოფლისწყაროს #14-ე საოლქო საარჩევნო კომისიის ოპოზიციურ წარმომადგენლებზე გამუდმებით ზეწოლას ახდენდა. ყოჩიაშვილს, თავისივე მოგვარე, ლეიბორისტული პარტიის კახეთის რეგიონის კოორდინატორი, გია ყოჩიაშვილი ბრალდებებს უყენებს.
სხვათაშორის, სახელისუფლებო რიგებში, ზურა ყოჩიაშვილი სწორედ ლეიბორისტული პარტიიდან მოხვდა, თუმცა ამას ხელი სულაც არ შეუშლია იმაში, რომ მას ამავე პარტიის ხელმძღვანელზე ზეწოლა მოეხდინა. სამწუხაროდ, მისი წარსულის გათვალისწინებით, ზურაბ ბატონს, არც სინდისის ქენჯნა უგრძვნია.
,,ტელეფონზე დამირეკა და გაჩუმებას მაიძულებდა. უხეში სიტყვებით დაგვყვირის, თვითონაც საოლქო კომისიის წევრია. უფროსობდა, ყველას ბრძანებებს გვაძლევდა და ყველაფერში ერეოდა. გვემუქრებოდა და ზეწოლას ახდენს... ამ წუმპეს, ბოლომდე მივყვები..." - აცხადებს ლეიბორისტი გია ყოჩიაშვილი.
სხვათაშორის, ზურაბ ყოჩიაშვილი დედოფლისწყაროს გამგებლის თანაშემწის, ნინო ჩოხელის მეუღლეა. მეუღლის ოპოზიციონერობის დროსაც, ჩოხელი გამგებლის თანაშემწის სავარძელს იკავებდა. ის სამ წელზე მეტია, ამ თანამდებობაზეა. გამგებლის შეცვლის მიუხედავად, ამ უკანასკნელმა, სავარძლის შენარჩუნება მოახერხა, რამაც საზოგადოებაში დამატებითი კითხვები და ეჭვები გააჩინა. ისევე როგორც იმან, როგორ ჩაიგდეს ხელში წლების მანძილზე ოპოზიციის რიგებში მყოფმა ოჯახმა საკმაოდ მაღალი თანამდებობები.
როგორც ცნობილია, ლაგოდეხის, საგარეჯოსა და დედოფლისწყაროს გამგებლებმა, არჩევნებამდე უფლებამოსილება მოიხსნეს, კენჭი იყარეს და საკრებულოში შევიდნენ. კახეთში აქტიურად ვრცელდება ხმები, რომ გუბერნატორმა გიორგი ღვინიაშვილმა, ხსენებული მუნიციპალიტეტების ყოფილ გამგებლებს, საკრებულოს თავმჯდომარეებად `გასვლა~ დაავალა. ინფორმაციის დადასტურებისგან, ადრესატები ამ ეტაპზე თავს იკავებენ, თუმცა შეიძლება ითქვას, რომ კახეთში ეჭვი თითქმის აღარავის ეპარება, რომ ექს-გამგებლები სათავეში ახლა საკრებულოს ჩაუდგებიან.
ეუთოს დემოკრატიული ინსტიტუტებისა და ადამიანის უფლებათა ოფისის სადამკვირვებლო მისაიმ, 2010 წლის 30 მაისის ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნების შეფასებისას აღნიშნა, რომ იყო მნიშვნელოვანი დარღვევებიც, განსაკუთრებით კახეთის რეგიონში.
,,იყო რამდენიმე შემთხვევა, როდესაც ყუთში ბიულეტენები ჩაყარეს. ყველაზე მეტი დარღვევა, კახეთში დაფიქსირდა. იყო შემთხვევები, როცა მარკირება არ უკეთდებოდა ყველა ამომრჩეველს, არ ხდებოდა პირადობის მიხედვით ყველა ამომრჩევლის შემოწმება, ზოგიერთ უბანზე, დაძაბული ვითარება იყო. იყო პროცესუალური ძალდატანება, რაც გულისხმობს, რომ ამომრჩევლებს დაფიქრება არ შეეძლოთ. დარღვევები უკავშირდებოდა ხმის დათვლის პროცედურასაც. მაგალითად, ხმების დათვლა ხდებოდა ისე, რომ ამ პროცესის დანახვა ყველას არ შეეძლო," _ განაცხადა ეუთოს სადამკვირვებლო მისიის პრესსპიკერმა იან აშანბაშერმა.
ერთთვიანი შვებულების შემდეგ, კახეთის სხვა მუნიციპალიტეტების მსგავსად, დედოფლისწყაროს გამგეობის 30-ზე მეტი თანამშრომელი სამსახურს დაუბრუნდა. ისინი შვებულებაში 30 აპრილს, არჩევნებამდე 1 თვით ადრე გავიდნენ. ანალოგიური ვითარება იყო კახეთის ყველა რაიონში. შეგახსენებთ, რომ ამ დრომდე, ვაკანტური რჩება დედოფლისწყაროს მუნიციპალიტეტის გამგებლის სავარძელი. როგორც ცნობილია, ლაგოდეხისა და საგარეჯოს გამგებლების მსგავსად, ლევან ბაღაშვილმაც ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნებში, ნაციონალური მოძრაობიდან პროპორციული სისტემით კენჭი იყარა და საკრებულოს წევრი გახდა. მოგვიანებით ის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარედ აირჩიეს, დედოფლისწყაროს გამგებლად კი ნიკოლოზ შანშიაშვილს ერთხმად დაუჭირეს მხარი. სამსახურს დაუბრუნდა კახეთის გუბერნატორი გიორგი ღვინიაშვილი და დანარჩენი მუნიციპალიტეტების გამგებლები. გურჯაანის გამგებელი, გიორგი ჩივიაშვილი კი შუალედურ არჩევნებში, პარლამენტის წევრი გახდა გურჯაანიდან. საკრებულოები სულ მალე შეიკრიბებიან და თავმჯდომარეს აირჩევენ, შემდეგ კი გამგებლის ვაკანტურ ადგილზე კონკურსი გამოცხადდება.
როგორც თავისუფალი გაზეთის კახეთის ბიურომ გაარკვია, მმართველმა გუნდმა, ყველაზე მაღალი პროცენტი _ 85,17%, სიღნაღში აჩვენა ხოლო ყველაზე დაბალი _ 53,46% საგარეჯოს მუნიციპალიტეტში მიიღო. კულუარებში არც იმას მალავენ, რომ მმართველი გუნდის ლიდერები, კახეთიდან წაღებული შედეგებით ზედმეტად კმაყოფილებიც კი არიან, რის გამოც გუბერნატორ გიორგი ღვინიაშვილის დაწინაურებაზე და მის კვლავ თბილისში გადაყვანაზე ალაპარაკდნენ.


Комментариев нет:

Отправить комментарий