четверг, 18 марта 2010 г.
პანიკა საქართველოში ყალბი ,,ახალი ამბების,,შემდეგ
ენდრიუ კრამერი
ზოგიერთებმა სასწრაფო დახმარების სამსახურს მიმართეს და გულის შეტევის შესახებ იუწყებოდნენ, სხვები პანიკაში პურის საყიდლად დახლებს მიაწყდნენ, ერთ–ერთი საზღვრისპირა სოფლის მოსახლეობამ სახლები მიატოვა და თავშესაფრის ძებნა დაიწყო – ეს ყველაფერი მას შემდეგ მოხდა, რაც ქართულმა ტელეარხმა შაბათს საღამოს ეთერში ცრუ „ახალი ამბები“ გადასცა, რომელიც იუწყებოდა, რომ ქვეყენაში რუსული ინტერვენცია დაიწყო.
გადაცემა, როგორც ჩანს პოლიტიკური სატირის სახით იყო ჩაფიქრებული, თუმცა თხრობა იმდენად რეალისტური და შთამბეჭდავი გახლდათ (2008 წლის აგვისტოს რუსულ–ქართულ ომზე მოგონებები ჯერ კიდევ ცოცხალია), რომ მაყურებლები სიტუაციის გარკვევასაც აღარ შეეცადნენ და შესაბამისი ზომების მიღება დაიწყეს.
ტელკომპანია „იმედის“ პროდუსერებმა გადაცემა საღამოს საინფორმაციო გამოშვების სტუდიაში ჩაწერეს, ის მაყურებლისთვის ნაცნობ წამყვანს მიყავდა. გადაცემა ეთერში შაბათს საღამოს 8 საათზე წინასწარი გაფრთხილებით გავიდა, თუმცა მაყურებლების უმრავლესობამ, ეს გაფრთხილება როგორც ჩანს გამოტოვა.
წამყვანმა, რომელიც აღგზნებული ჩანდა და ტექსტს დაბნეული კითხულობდა, ახდენდა რა ქაოტური ახალი ამბების იმიტაციას, გამოაცხადა, რომ შეტაკებები დედაქალაქის ქუჩებში დაიწყო, რომ რუსები საავიაციო დაბომბვებს აწარმოებდნენ და სატანკო ბატალიონი დაიძრა.
ეთერში აჩვენებდნენ ტანკებს რომლებიც გზებზე გადაადგილდებოდნენ, რეაქტიულ გამანადგურებლებს და ბომბებს რომლებიც ციდან ცვიოდა.
„ხალხი პანიკაში ჩავარდა“, – განაცხადა „იმედის“ ყოფილმა დირექტორმა ბიძინა ბარათაშვილმა სატელეფონო ინტერვიუში თბილისიდან. მან ცრუ „ახალი ამბების“ გამოშვება და მოსახლეობაზე მისი გავლენა მარსიანელების ინტერვენციაზე ორსონ უელსის ცნობილ რადიო ადაპტაციას „სამყაროთა ომს“ შეადარა.
ხელისუფლებამ განაცხადა, რომ ნავთობგასამართ სადგურებთან რიგები გაჩნდა და გახშირებული ზარების გამო სატელეფონო ქსელი გადაიტვირთა. ქალაქში ატეხილმა პანიკურმა შესყიდვებმა ნაწილობრივ რეალობად აქცია ის, რის აღწერასაც ცრუ „ახალი ამბების“ გამოშვება ცდილობდა.
შაბათ საღამოს, მას შემდეგ რაც რუსული ინტერვენციის შესახებ ხმები გავრცელდა, თბილისში რესტორნები დაიხურა. ამას დაემატა ისიც, რომ ადამიანები ამ ხმების გადამოწმებას ტელეფონით ამაოდ ცდილობდნენ, რადგან ქსელი გადატვირთვის გამო არ მუშაობდა.
„თუკი თქვენ იგებთ, რომ ომი დაიწყო, რა თქმა უნდა, პირველ რიგში ბანკომატთან გარბიხართ და შემდეგ სახლში, ეს ბუნებრივია“, გვიყვება სატელეფონო ინტერვიუში თბილისელი ტაქსის მძღოლი ჯუმბერ ჯიქიძე, რომელმაც ის სიტუაცია, რომელიც დაახლოებით სამი საათის განმავლობაში გაგარძელდა „პატარა ქაოსად“ დაახასიათა. რადიომ „ეხო მოსკვი“ განაცხადა, რომ გორის მცხოვრებლებმა (ქალაქი, რომელიც რუსეთთან აგვისტოს ომის დროს იბომბებოდა) სახლები მიატოვეს და ქუჩებში გავიდნენ, რადგან გადაცემის წამყვანი რუსული ბომბდამშენების მოახლოების შესახებ იუწყებოდა.
გადაცემის დროს ნაჩვენები ვიდეოს ნაწილში გამოსახულებები ნამდვილი იყო, თუმცა მათ ყალბი ხმა ფარავდა.
ოპოზიციის ლიდერებმა რეპორტაჟს საქართველოს პრეზიდენტის, მიხეილ სააკაშვილის ტრიუკი უწოდეს, რომლის მიზანიც მისი პოლიტიკური ოპონენტების დისკრედიტაცია იყო – გადაცემაში ოპოზიციონერი ლიდერები დამპყრობელ რუსებთან თანამშრომლობდნენ. „იმედის“ დირექტორი სააკაშვილის მთავრობის ყოფილი ჩინოვნიკია.
„მთავრობის მხრიდან საკუთარი ხალხის დაშინება, აღმაშფოთებელია“, – განაცხადა ნინო ბურჯანაძემ, ოპოზიციის ლიდერმა, რომელიც ცრუ რეპორტაჟის კადრებში რუსებს გაღიმებული სახით ესალმებოდა, იუწყება სააგენტო „ფრანს პრესი“.
„იმედი“ კერძო ტელეკომპანიაა. გადაცემის ეთერში გასვლის შემდეგ ბატონი სააკაშვილის პრესმდივანმა მანანა მანჯგალაძემ დაგმო გადაცემა, რომელმაც მაყურებელი შეაშინა.
კვირას, ბატონმა სააკაშვილმა კრიტიკა გაიმეორა, თუმცა დასძინა, რომ ხალხი იმის გამო შეშინდა, რომ ფილმში საქართველოს რეალისტური მომავალი იყო აღწერილი, თუკი რუსეთი ჩვეულ გზას განაგრძობს.
„მიუხედავად ნერვიული რეაქციისა, მჯერა, რომ გუშინდელი რეპორტაჟი მათ საკუთარი გეგმების განხორციელებაში ხელს შეუშლის“, – განაცხადა მან კვირას, იუწყება რუსული საინფორმაციო სააგენტი „ინტერფაქსი“.
მანამდე სააკაშვილმა ბურჯანაძე ამ თვის დასაწყისში პრემიერ–მინისტრ პუტინთან შეხვედრის გამო გააკრიტიკა. ბატონ სააკაშვილს „იმედის“ მაუწყებლობაში ჩარევის უფლება არ აქვს, განაცხადა პრეზიდენტის პრესსამსახურის დირექტორმა ალანა გაგლოევამ.
ტელეარხმა გადაცემის დასაწყისში მკაფიოდ განმარტა, რომ პროგრამა ფიქტიური იყო. თუმცა, გაფრთხილებული ის მაყურებლიც უნდა ყოფილიყო, რომელმაც არხზე მოგვიანებით გადართო. მაგალითად, ბრძოლის კადრები, რომელიც ტელევიზიით გადაიცემოდა, ზაფხულის იყო და არა მარტის. რეპორტაჟის სცენარის მიხედვით, რუსეთი საქართველოში შიდა არეულობის ფონზე შემოიჭრა, რომელიც სადაო არჩევნებს მოჰყვა და მხარი დაუჭირა ოპოზიციის ლიდერების „სახალხო მთავრობას“ რომელმაც ბატონი სააკაშვილი დაამხო. შოუში, პრეზიდენტი ობამა თეთრი სახლის წინ ტრიბუნასთან განცხადებას აკეთებს და ხმა რომელიც მას ახმოვანებს, რუსეთის წინააღმდეგ სანქციებს ითხოვს.
მას შემდეგ რაც რეაქცია ცხადი გახდა, „იმედმა“ განმარტება გააკეთა, რომ „ახალი ამბები“ სიმულაცია იყო და ბოდიში მოიხადა.
პანიკა დაახლოებით 15 წუთს გაგრძელდა, განაცხდა შინაგან საქმეთა სამინისტროს ანალიტიკური ცენტრის დირექტორმა შოთა უტიაშვილმა. სამედიცინო დახმარების სამსახურში, შაბათს, ჩვეულებრივზე სამჯერ მეტი გამოძახება დაფიქსირდა. უმრავლესობა მათ გულის შეტევის სიმპტომებით მიმართავდა, განაცხადა მან.
„ნამდვილი პანიკა იყო“, – თქვა უტიაშვილმა.
Подписаться на:
Комментарии к сообщению (Atom)
Комментариев нет:
Отправить комментарий