четверг, 18 марта 2010 г.

გვიშველეთ, რუსები მოდიან!


მანფრედ ქიურინგი

ტელეარხი დიდი მეზობლის თავდასხმის ინსცენირებას ახდენს – პანიკა საქართველოში
შაბათს ქართულმა ტელეკომპანია „იმედ“-მა 30 წუთიანი გადაცემა მიუძღვნა შესაძლო რუსულ ინტერვენციას, რომელიც სავარაუდოდ აგრესიული ოპოზიციის ქართულ პოლიციასთან შეტაკებას მოჰყვება.
თბილისისკენ მომავალი ტანკების ამსახველმა კადრებმა, განცხადებებმა რუსული ავიაციის მიერ საქართველოს აეროპორტების დაბომბვაზე, ცნობამ ისტორიულ დედაქალაქ მცხეთასთან შეტაკებაზე მაყურებელი ისევე დააშინა, როგორც ინფორმაციამ სააკაშვილის სავარაუდო მკვლელობასა და ოპოზიციის ლიდერის, ნინო ბურჯანაძის ქმედებაზე, რომელმაც ჯარს ბუნტისკენ მოუწოდა.
პირველ რიგში პანიკამ სამხრეთ-ოსეთის საზღვართან მდებარე ქალაქი გორი და დედაქალაქი თბილისი მოიცვა. „ვიფიქრეთ, რომ ომი დაიწყო“ – განაცხადა თბილისში ”კავკასიური სახლი”-ს ხელმძღვანელმა ნაიარა გელაშვილმა. მობილური სატელეფონო ქსელი ნაწილობრივ გაითიშა, სასწრაფო დახმარების სამსახურები სრული დატვირთვით მუშაობდნენ, გულის შეტევის და გულის წასვლის მრავალი შემთხვევა დაფიქსირდა“. მხოლოდ ნახევარსაათიანი გადაცემის დასრულების შემდეგ ითქვა, რომ პროგრამა ფიქცია იყო და მასში 2008 წლის აგვისტოს ომის კადრები გამოიყენეს. მოგვიანებით, არხმა ბოდიში მოიხადა. ის რაც სხვებისთვის უხეში ხუმრობაა, ქართველებისთვის მგრძნობიარე თემაა. იქ ნებისმიერი ჭორისთვის ნოყიერი ნიადაგია, რომელიც რუსების ინტერვენციას ეხება. როგორც სჩანს ოპოზიციის დისკრედიტაციისთვის ამ ეფექტის გამოყენება სააკაშვილს აბსოლუტურად მისაღებად მიაჩნია.

ომის დაწყებაზე ცრუ ინფორმაციის გავრცელებას, საქართველოში პანიკა მოჰყვა

საქართველო მასობრივმა პანიკამ მას შემდეგ მოიცვა, რაც შაბათს საღამოს ტელევიზიით ცრუ „ახალი ამბების“ გამოშვება გადაიცა. გადაცემა იუწყებოდა, რომ სამხრეთ-კავკასიის რესპუბლიკაში რუსეთის არმიამ ხელახალი ინტერვენცია წამოიწყო და თითქოს საქართველოს პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი მოკლულია. უამრავი ქართველი პანიკამ მოიცვა
სააკაშვილის მიერ კონტროლირებადმა ტელეკომპანია „იმედ“-მა მხოლოდ გადაცემის ბოლოს განაცხადა, რომ სინამდვილეში ახალი ომი არ დაწყებულა და რეპორტაჟი მოვლენების მხოლოდ შესაძლო განვითარებას ასახავდა. რუსეთი, ოპოზიცია და პოლიტიკური ექსპერტები სკანდალზე ალაპარაკდნენ.
მასობრივი საინფორმაციო საშუალებები იუწყებოდნენ, რომ მოსახლეობაში ქაოსის ნიშნები გაჩნდა, ხალხი საწვავის შესაძენად ბენზინგასამართ სადგურებს მიაწყდა. სერიოზული მღელვარება დაიწყო ქალაქ გორში, რომელიც 2008 წლის აგვისტოს ომის დროს რუსეთის არმიამ დაიკავა. სასწრაფო დახმარების სამსახურები სერიოზული დატვირთვით მუშაობდნენ. პარლამენტის დეპუტატის დიმიტრი ლორთქიფანიძის ინფორმაციით, ერთ–ერთი ქართველი ჯარისკაცის დედა, რომელიც ამ დროს ტელევიზორს უყურებდა გულის შეტევით გარდაიცვალა.
რუსეთის საინფორმაციო სააგენტო „ინტერფაქს“-მა „იმედ“-ზე დაყრდნობით ომის შესაძლო დაწყებაზე გაავრცელა ინფორმაცია, თუმცა იმავდროულად დასძინა, რომ ამ ცნობას მხოლოდ ეს სატელევიზიო სადგური ავრცელებდა. „იმედი“ კი ომის კადრების ფონზე ამტკიცებდა, რომ საქართველოში რუსეთის არმია შეიჭრა და სააკაშვილი მოკლეს. რეპორტაჟის მიხედვით, ხელისუფლების დამხობის შემდეგ ქვეყნის ოპოზიციამ ახალი მთავრობა ჩამოაყალიბა. ის რომ ეს ინფორმაცია მცდარი იყო, მხოლოდ გადაცემის დასრულების შემდეგ ითქვა.
ქართულმა ოპოზიციამ და რუსმა პოლიტიკოსებმა სააკაშვილი მოსახლეობის შეშინების მცდელობაში დაადანაშაულეს. „ის მძიმედ დაავადებული და საშიში ადამიანია, რომელიც კრიმინალივით მოქმედებს“ – განუცხადა სააგენტო „ინტერფაქს”-ს ნატო-ში რუსეთის წარმომადგენელმა დიმიტრი როგოზინმა. თბილისში მოწყობილ ქუჩის სტიქიურ გამოსვლებში დემონსტრანტები პასუხისმგებელი პირების დასჯას მოითხოვდნენ. მოგვიანებით ტელეკომპანიამ მაყურებელს ბოდიში მოუხადა.

Комментариев нет:

Отправить комментарий