ვინ და რატომ შეადგინა გუბერნიაში სასურველი და არასასურველი ჟურნალისტების სია
ილია მარტყოფლიშვილი
კახეთიდან
კახეთის გუბერნიაში, ვნებათაღელვა და საკადრო წმენდა, კვლავ აქტიურ ფაზაშია. რწმუნებულმა, სამხარეო ადმინისტრაციის თანამშრომლებს, ტესტირება ჩაუტარა, სადაც უჩვეულო ფაქტები დაფიქსირდა. ქულათა დამაკმაყოფილებელი რაოდენობა, მხოლოდ ოთხმა კონკურსანტმა დააგროვა.
გარდა იმისა, რომ ტესტირება წარმატებით მხოლოდ ოთხმა თანამშრომელმა ჩააბარა, მოვლენები მას შემდეგაც უცნაურად განვითარდა. როგორც წესი, ტესტირებები იმიტომ ტარდება, რომ სუსტი და ძლიერი კადრები გამოვლინდნენ და ხელმძღვანელობამ საუკეთესო თანამშრომლები დაიქირავოს. თელავში ყველაფერი პირიქით მოხდა...
გარდა იმისა, რომ ტესტირება წარმატებით მხოლოდ ოთხმა თანამშრომელმა ჩააბარა, მოვლენები მას შემდეგაც უცნაურად განვითარდა. როგორც წესი, ტესტირებები იმიტომ ტარდება, რომ სუსტი და ძლიერი კადრები გამოვლინდნენ და ხელმძღვანელობამ საუკეთესო თანამშრომლები დაიქირავოს. თელავში ყველაფერი პირიქით მოხდა...
გუბერნატორ გიორგი ღვინიაშვილის მოთხოვნით ჩატარებულმა ტესტირებამ, რეგიონში მოქმედი არასამთავრობო ორგანიზაციებისა და უფლებადამცველების გაღიზიანება გამოიწვია. საქმე იმაშია, რომ ტესტირების შემდეგ, თანამდებობებზე მუშაობას `ჩაჭრილი~ თანამშრომლები კვლავაც განაგრძობენ, ხოლო ისინი, რომლებმაც მაღალი ქულები დააგროვეს, გუბერნიიდან უცერემონიოდ გაათავისუფლეს. კახეთის სამხარეო ადმინისტრაციაში ამ ფაქტს ასე ხსნიან, _ თანამშრომლებმა, განცხადებები, საკუთარი სურვილით დაწერესო. ეჭვი იმ ფაქტმა გამოიწვია, რომ ყველა მათგანს, გადადგომის შესახებ განცხადება, ერთსა და იმავე რიცხვში ჰქონდა დაწერილი. კულუარებში აქტიურად საუბრობენ, რომ თანამშრომლებს თანამდებობიდან წასვლა აიძულეს.
ტესტირების შემდეგ, ვაკანტური იყო სამხარეო ადმინისტრაციის პრესასთან და საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურის ხელმძღვანელის თანამდებობაც, სადაც რეგიონული გაზეთ `სპექტრის~ დამფუძნებელი და მთავარი რედაქტორი, მაია ყალაბეგაშვილი დაინიშნა.
ამასობაში, რეგიონში მომუშავე ჟურნალისტები გიორგი ღვინიაშვილს ღიად უპირისპირდებიან და აცხადებენ, რომ რწმუნებული არასასურველი ჟურნალისტების სატელეფონო ზარებს საერთოდ არ პასუხობს. რადიო `ჰერეთის~, კახეთის საინფორმაციო ცენტრისა და რეგიონული გაზეთ `იმედის~ ჟურნალისტები მუდმივად აფიქსირებენ, რომ ღვინიაშვილი მათ სატელეფონო ზარებს აღარ პასუხობს. ბოლო ხანს, კახეთის გუბერნიაში, უცნაური ტრადიცია დამკვიდრდა. სამხარეო ადმინისტრაციაში, რევოლუციის შემდეგ, სასურველ და არასასურველ ჟურნალისტთა სპეციალური სიის არსებობაზე საუბრობენ. დამოუკიდებელ ჟურნალისტთა დიდი ნაწილი პირდაპირ მიუთითებს, რომ რწმუნებულთან დაკავშირება და ამა თუ იმ საკითხზე, ხელისუფლების პოზიციისა თუ რეგიონის პირველი პირის მოსაზრებების მოსმენა, წარმოუდგენელ ფუფუნებად იქცა.
ეს უცნაური ტრადიცია ღვინიაშვილის წინამორბედებმა დაამკვიდრეს. გუბერნატორობის პერიოდში, დამოუკიდებელ მედიასაშუალებებს არც პეტრე ცისკარიშვილი წყალობდა. მას გია ნაცვლიშვილი მოჰყვა, რომელმაც თითქმის ორწლიანი მოღვაწეობა ისე დაასრულა, რომ ადგილობრივ ჟურნალისტებთან კომენტარი მხოლოდ ერთხელ გააკეთა. ისიც მაშინ, როცა კახეთის სამხარეო ადმინისტრაციის თელავიდან გურჯაანში გადატანის თაობაზე ხმები გავრცელდა და ამის უარყოფა გახდა საჭირო. ამჟამად კონტროლის პალატის შეფი, კახეთის ექს-გუბერნატორი ლევან ბეჟაშვილი, კახეთის დამოუკიდებელ ჟურნალისტებს ეძახდა, _ `რედაქციები სიღნაღში გადმოიტანეთ, რეგიონის განვითარების ტემპი კარგად რომ აღიქვათო~. ერთი სიტყვით, გუბერნატორის პოსტზე განხორციელებული არაერთი ცვლილების მიუხედავად, რწმუნებულსა და რეგიონის მოსახლეობას შორის ხიდჩატეხილობის პრობლემა, კვლავაც აქტუალურია. ადგილობრივების გასაჭირის გულთან ახლოს მიტანა, არცერთ მათგანს უცდია.
კახელები აქტიურად საუბრობენ, რომ წინამორბედების მსგავსად, გიორგი ღვინიაშვილიც რეგიონის სახელმწიფო დაწესებულებებში ახლობლებისა და მეგობრების დასაქმებას განაგრძობს. ამჯერად, ღვინიაშვილის მითითებით, გურჯაანის გამგებლის თანაშემწედ მაია ნარიაშვილი დაინიშნა, რომელიც გუბერნატორის თანასოფლელი და ახლობელია. მანამდე, ნარიაშვილი, გურჯაანის რაიონის სოფელ ჩალაუბნის გამგეობაში ახალგაზრდულ საქმეებს კურირებდა. 2008 წლის 21 მაისის საპარლამენტო არჩევნებისთვის კი, გურჯაანის მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატის, გიორგი ღვინიაშვილის თანაშემწე და მისი ნდობით აღჭურვილი პირი იყო. ახლობლების დასაქმებასთან დაკავშირებით, კახეთის გუბერნატორი კომენტარს არ აკეთებს. სატელეფონო ზარებსაც არ პასუხობს.
ძირეულ საკადრო ცვლილებებს, გულის ფანცქალით ელიან დანარჩენი რაიონების თვითმმართველობებშიც, სადაც ბოლო დროს, დაძაბულობა აშკარად თვალშისაცემი გახდა. გამგებლებსა და მათ მოადგილეებს, საეჭვოდ ხშირად იბარებენ თელავში თათბირებზე...
გარდა ამისა, გუბერნატორის დავალებით, კახეთში ბიზნესმენების ქონება ვიდეოფირზე აღბეჭდეს. ამის შესახებ ინფორმაციას, რამდენიმე მეწარმე ავრცელებს. ბიზნესმენების განცხადებით, საკუთრების გადაღებისთვის, მათთვის ნებართვა არავის უთხოვია, თუმცა არცერთ მათგანს გუბერნატორის დავალების შესრულებაზე უარი არ უთქვამს. მეწარმეები ვარაუდობენ, რომ არ არის გამორიცხული, ხელისუფლების წარმომადგენლებმა მათ წილები მოთხოვონ.
რატომ გადაიღეს კერძო საწარმოების ქონება, ამ კითხვაზე გუბერნატორის პირველმა მოადგილემ გიორგი სიბაშვილმა განაცხადა, რომ კახეთში მოქმედი საწარმოებისთვის, ბიზნეს-კატალოგი მზადდება და გადაღება სწორედ ამისთვის დაჭირდათ.
როგორც ირკვევა, თელავის საკრებულოს თავმჯდომარეს, მშობლიური სოფელი ბუნტით ემუქრება. ლევან ახალაურს, სოფელ კონდოლის მოსახლეობა ღიად უპირისპირდება. იქაურები აცხადებენ, რომ ახალაური და მისი ოჯახის წევრები, განსხვავებული მოსაზრებების მქონე მოსახლეობას გამუდმებით ემუქრებიან: `არ გაგახარებთ, სოფელში ვერ გაივლითო!~
ადგილობრივი პედაგოგები აცხადებენ, რომ განათლების სფეროში მონოპოლიის დამყარებას ახალაურის დედა, ეკა სულიკაშვილი ცდილობს. როგორც შევიტყეთ, სწორედ სულიკაშვილის პირადი ინტერესითა და გავლენით ხდება პედაგოგების დანიშვნა-გათავისუფლება. `სხვადასხვა თანამდებობებზე, ძირითადად, ახალაურების ახლობლები ინიშნებიან. მისი მამა და ძმაც აქტიურად ერევიან რაიონის მართვაში. პრეზიდენტის ნაჩუქარი ორი ტრაქტორიც სად წავიდა, დღემდე ვერ მივაკვლიეთ. წინასაარჩევნოდ წყალიც გაგვიკეთეს, თუმცა ორი კვირის შემდეგ, თვალით აღარ გვინახავს. ზაფხულში, უწყლობით ვიხოცებოდით. სოფელს მხოლოდ ერთი წყარო აქვს და იქაც მუდმივად უსაშველო რიგები დგას...~ _ წუხან კონდოლელები.
`ქამრების შემოჭერის~ პარალელურად, კახეთში გამგეობის თანამშრომელთა ხელფასებისა და შტატების ზრდა განხორციელდა. იანვრის თვიდან, საქართველოს პრეზიდენტის განკარგულებით, გამგებლებისა და თვითმმართველობების სამსახურების ხელმძღვანელ პირებს, ხელფასი მნიშვნელოვნად გაეზარდათ. გამგებლების თანამდებობრივი სარგო 2 500 ლარამდეა, ხოლო საკრებულოს თავმჯდომრის გასამრჯელო _ 2 360 ლარი. ამ ციფრებმა პერიფერიებში მცხოვრები მოსახლეობა ძალიან აღაშფოთა. კახელები მიიჩნევენ, რომ ამ თანხებით სოციალურად დაუცველი ოჯახების დახმარება შეიძლებოდა, რომელთა დიდი ნაწილი, გაურკვეველი მიზეზების გამო, დღემდე პროგრამის გარეთაა დარჩენილი. როგორც ირკვევა, უმრავლესობას ასე დაპიარებული ე.წ. `უფასო სასადილოებით~ სარგებლობის უფლებაც არა აქვს. დღიური ულუფის მისაღებად და ბენეფიციართა სიაში მოსახვედრად, ბევრ მათგანს წლობით რიგში უწევს დგომა...
ერთი სიტყვით, ასეთი ამბებია კახეთში. შესაბამისად, ჟურნალისტებსაც ბევრი კითხვა დაგვიგროვდა და ველოდებით, როდის მოიცლის გუბერნატორი ჩვენთვის. მოიცლის კი როდესმე?!
Комментариев нет:
Отправить комментарий