ანუ
1. სასამართლო პატიმრების გარეშე
2. სავარძელზე წამოწოლილი მოსამართლე სირაძე და...
3. ღიმილისთვის დაჯარიმებული ადვოკატები
სასამართლო _ პატიმრების გარეშე, კოკაინით ვაჭრობა _ კოკაინის გარეშე და აუდიოექპერტიზა _ ხმის იდენტიფიკაციის გარეშე........................
თამარ ლეფსვერიძე
დღე პირველი
''მართლმსაჯულების ხარისხი და მისი თანამედროვე გამოწვევები'', - ასეთი სახელწოდებით ჩატარდა კონფერენცია ''შერატონ მეტეხი პალასში,'' რომელსაც ქართული მართლმსაჯულების ყველა ლიდერი ესწრებოდა. ქართული სასამართლოს რეფორმატორი ''მამები'' უცხოელი კოლეგებისა და დონორი ორგანიზაციების წინაშე მიღწეული შედეგებით იწონებდნენ თავს.
''მაღალი ხარისხის საქმის წარმოება საჭიროა იმისთვის, რომ მიღებული იქნეს მაღალი ხარისხის გადაწყვეტილება'' განაცხადა კონფერენციის ორგანიზატორმა… და უცებ ისეთი შეგრძნება დამეუფლა, თითქოს ქუთაისელი მოსამართლე მარინა სირაძე თავის ჩაქუჩს თავში მირტყამდა. ვისაც საკუთარი თვალით არ უნახავს რა ძალითა და ენერგიით არტყამს მოსამართლე სირაძე ჩაქუჩს, ვისაც საკუთარი ყურით არ მოუსმენია რა გამაყრუებელი ხმაურით აკეთებს ამას, ის ვერასდროს გაიგებს ჩემს შეგრძნებას. მთელი პროცესის განმავლობაში ვოცნებობდი, რომ ჩაქუჩის ნაცვლად მსაჯების სასტვენი ჰქონოდათ მოსამართლეებს, სხვაგან თუ არა ქუთაისის აპელაციაში მაინც...
თვალწინ დამიტრიალდა ქუთაისის სააპელაციო სასამართლო და მოსამართლე მარინა სირაძე... რას წარმოვიდგენდი, კონფერენციის მეორე დღე სწორედ ამ სასამართლო პროცესის განხილვას თუ მიეძღვნებოდა.
დღე მეორე
ქართული სასამართლოს ტოპ-ხუთეულისთვის (კოტე კუბლაშვილი, ზაზა მეიშვილი, გიორგი ჩინჩალაძე, მამია ფხაკაძე და მალხაზ გურული), ადვოკატ მანანა კობახიძის სიტყვები, - აგერ ვარ ბატონებო და თუ ჩემს საქმეზე მსჯელობთ, მეც ვითხოვ სიტყვას, - მეხის გავარდნის ტოლფასი იყო.
ადვოკატთა ასოციაციის თავმჯდომარემ, ზაზა ხატიაშვილმა ზემოთხსენებულ კონფერენციაზე, თავის მოხსენებაში რამდენიმე სიტყვით ახსენა ქუთაისის სააპელაციო სასამართლოში ღიმილის გამო დაჯარიმებული ადვოკატები.
უცებ, გაირკვა, რომ უზენაესი სასამართლოს თავმჯდომარის პირველი მოადგილე ზაზა მეიშვილი და ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს თავმჯდომარე მალხაზ გურული, ჩემს მიერ ხსენებული მარინა სირაძის მიერ წარმოებული პროცესის შესახებ დეტალურად ფლობდნენ ინფორმაციას.
არადა, პროცესს არცერთი მათგანი არ დასწრებია და რაც მთავარია, არც სასამართლო ოქმია ხელმისაწვდომი, რადგან განაჩენი ჯერ არ დამდგარა. დეტალები კი, რომელზედაც მალხაზ გურულმა ისაუბრა, პრესითაც არ გავრცელებულა, რადგან მედიის წარმომადგენლებიდან, აღნიშნულ პროცესს მხოლოდ მე ვესწრებოდი.
ვის კაბინეტში და რატომ ხდება ამ საქმის განხილვა? რატომ აბარებენ ზემდგომებს მიმდინარე პროცესის დეტალურ ანგარიშს? საჯაროდ, კონფერენციაზე რატომ აფიქსირებს პოზიციას 2 სასამართლოს ხელმძღვანელი პირი?
ბოლოსდაბოლოს, სადაური წესია 5 მოსამართლე მამაკაცი ერთი ადვოკატი ქალის წინააღმდეგ? პატივცემულ მოსამართლეებს შეჯიბრობითობის პრინციპი არც აქ გახსენებიათ...
უცხოელებისთვის ნაფოფინები კონფერენციის იდილია დაირღვა. მანანა კობახიძეს 10 წუთი (იძულებით) დაუთმეს. ტოპ-ხუთეულს 20 წუთის წინანდელი რიხისა და პათოსისგან აღარაფერი შერჩა. გამომსვლელი ადვოკატისთვის არც კითხვის დასმის სურვილი გასჩენიათ და არც შეხედვის. კონტრარგუმენტებზე საუბარიც ზედმეტია.
სამაგიეროდ, გაფართოებული თვალებითა და დიდი ყურადღებით აკვირდებოდა ამ ყველაფერს დრეზდენის სააპელაციო სასამართლოს თავმჯდომარე, ულრიხ ჰაგენლოხი.
სწორედ ამ ისტორიულ-საკონფერენციო სასამართლო პროცესის რეპორტაჟის მაგალითზე მინდა განვიხილო ქართული მართლმსაჯულების ხარისხი.
რა არის მართლმსაჯულების ხარისხი?! - მარინა სირაძის აზრით, ეს არის პროცესი პატიმრების გარეშე!
საქმეთა განხილვის ხარისხის პირველი სამი პარამეტრი, ფინური კრიტერიუმით!!! (ქალბატონო მარინა), კანონიერება,სამართლიანობა და დასაბუთებულობაა. კანონზე დაყრდნობა, ამავე კრიტერიუმით, გულისხმობს მოსამართლის მიერ ევროპის ადამიანის უფლებათა კონვენციის გამოყენებას!
ქუთაისის სააპელაციო სასამართლოში ნუგზარ ბოჭორიშვილის, გიორგი ჩეჩელაშვილის, მევლუდ სვანიძის, ანასტასია ზაუტაშვილისა და სხვათა გახმაურებული საქმე იხილება. ქართულ საზოგდოებას კარგად ახსოვს სოფელ ტყაჩირში, სათბურში ამოღებული 1.7 მილიონი ევრო, რომელიც ქართველმა სამართალდამცავებმა კოკაინით ვაჭრობას დაუკავშირეს, ოღონდ კოკაინის გარეშე. რადგან 220 კილო კოკაინი, რაზედაც საბრალდებო დასკვნაშია საუბარი, ბუნებაში არ არსებობს. ერთადერთი მტკიცებულება მოწმე ლევან კოჩაძის ღრძილებია (რომელიც თურმე კოკაინმა დაგემოვნების დროს გაუცივა).
საქმეში არსებული სხვა''მტკიცებულებები'' მხოლოდ ვარაუდებზეა აგებული. ამ ვარაუდების მიხედვით კი 220 კილო კოკაინს, 10, 20, 30, 40,120 კილოდ დაფასოებულს, თვეების განმავლობაში წინ და უკან ''დააპორწიალებდნენ'' ოთხი ქვეყნის საზღვარზე.
ასე უმოწყალოდ წაიბილწა მინიმუმ ოთხი ქვეყნის საბაჟოს ავტორიტეტი, რომ არაფერი ვთქვათ საკუთარი ქვეყნის (კიდევ ერთხელ) ნარკოსატრანზიტო კორიდორად გამოცხადებაზე.
ღრძილებზე დაყრდნობილი ვარაუდების მიუხედავად, 5 ადამიანს ისეთ უმძიმეს დანაშაულში ედება ბრალი, რომელიც ითვალისწინებს უვადო თავისუფლების აღკვეთას, 30 წელს, 24 წელს... თითოეულ მათგანს, სრული უფლება აქვს არა მხოლოდ დაესწროს, არამედ მონაწილეობაც მიიღოს იმ სასამართლო პროცესებში, სადაც მათი საქმე იხილება. ეს უფლება მათ მინიჭებული აქვთ საქართველოს სისხლის სამართლის პროცესის 531-ე და ევროკონვენციის მე-6 მუხლით.
მაგრამ ეს ''უნიკალური'' პროცესი პატიმრების გარეშე ტარდება და მოსამართლე მარინა სირაძის ქმედებებისა და განწყობის მიხედვით თუ ვიმსჯელებთ, ევროკონვენციის მე-6 მუხლმა ქუთაისის აპელაციაში ჩაილურის წყალი დალია...
მანანა კობახიძე: ''უზენაესი სასამართლოს თავმჯდომარის პირველი მოადგილის, ბატონი ზაზა მეიშვილისა და ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს თავმჯდომარის ბატონი მალხაზ გურულის გასაგებად მინდა ვთქვა, რომ მე და ლალი აფციაურმა ერთ-ერთი სხდომა პროტესტის ნიშნად სწორედ იმიტომ დავტოვეთ, რომ თქვენი სასამართლო ართმევს პატიმრებს კანონით მინიჭებულ უფლებას, მიიღონ მონაწილეობა სასამართლო განხილვაში. სხდომის დატოვების მიზეზი ეს იყო და არა ის, თითქოს ლექციაზე მაგვიანდებოდა, როგორც თქვენ განაცხადეთ ბატონებო ამ რამდენიმე დღის წინ გამართულ კონფერენციაზე, სადაც აღნიშნული საქმე და პროცესი საჯარო განხილვის თემად აქციეთ.
კიდევ ერთხელ ვიმეორებ, საქართველოს სისხლის სამართლის პროცესის 531-ე მუხლის, ევროკონვენციის მე-6 მუხლისა და მე-7 დამატებითი ოქმის თანახმად, მინიმუმ 2 ინსტანციის სასამართლოში, მსჯავრდებულებს უფლება აქვთ მონაწილეობა მიიღონ სასამართლო განხილვაში და თავადაც დაკითხონ მოწმეები, ექსპერტები. იქნებ, მათ სასამართლოსთვის ჩვენების მიცემის სურვილიც გაუჩნდეთ. ეს ყველაფერი სასამართლო გამოძიების ინტერესებში არ უნდა შედიოდეს?!''
ვერ გეტყვით, რომელ ინტერესებზეა საუბარი, რადგან მოსამართლეს ისე კოდირებულად ჰქონდა ჩადებული, - ადვოკატთა შუამდგომლობა პატიმრების მიყვანაზე არ დაეკმაყოფილებინა, რომ დაავიწყდა, აზრი პროკურორისთვისაც ეკითხა. იქნებ ბრალდება თანახმა იყო პატიმრების დასწრებაზე? იქნებ სასწაული ხდებოდა? ადვოკატ ლალი აფციაურის განცხადებით, ეს აცილების ერთ-ერთი მიზეზია და ასეთი უნიკალური ხარვეზები პროცესებზე ხშირად არ ხდება.
ასეთი გამაყრუებელი ხმაურითაც არცერთი მოსამართლე ურტყამს ჩაქუჩს!
რა არის დასაბუთებულობის ხარისხი? - მოსამართლე სირაძე U.S.A-ს სახელმწიფო დეპარტამენტის წინააღმდეგ!
''სასამართლო გადაწყვეტილებების ხარისხი ძირითადად დამოკიდებულია დასაბუთებულობის ხარისხზე. მხარეთა არგუმენტებზე პასუხის გაცემა არის უმთავრესი გარანტია, რომ მოსამართლემ განიხილა და მხედველობაში მიიღო მისი არგუმენტები.''
ქართული სასამართლოს პარამეტრების მიხედვით კი ამერიკის სახელმწიფო დეპარტამენტის ოფიციალური ანგარიში, რომელიც თავდაყირა აყენებს მთელს საქმეს, სათვალავში ჩასაგდებიც არ არის. განხილვას კი საერთოდ არ ექვემდებარება.
მარინა სირაძის აზრით, ადვოკატების ლალი აფციაურისა დ მანანა კობახიძის მიერ წარდგენილი მტკიცებულება საქმის გარემოებას არ ცვლის. შეჯიბრებითობის პრინციპს თავი დავანებოთ (სასამართლოსთან პრინციპებს რა ხელი აქვს) და შედარებითობის პრინციპს მივმართოთ. შეგახსენებთ, რომ ინფორმაცია, რომელიც აღნიშნულ ანგარიშშია გამოქვეყნებული და საქართველოში ნარკოტიკული და ქიმიური პრეპარატების კონტროლს ეხება, აშშ-ს საქართველოს შსს-მ მიაწოდა ოფიციალურად.
იპოვეთ 3 განსხვავება.
1. ქართული საბრალდებო დასკვნის მიხედვით, ნუგზარ ბოჭორიშვილსა და ორგანიზებულ ჯგუფს, ბრალად ედებათ 220 კილოგრამი კოკაინის შემოტანა.1.1 აშშ-ს სახელმწიფო დეპარტამენტის ანგარიშის მიხედვით, ნუგზარ ბოჭორიშვილსა და ორგანიზებულ ჯგუფს ბრალად ედებათ 90 კილოგრამი კოკაინის შემოტანა.
2. ქართული საბრალდებო დასკვნის მიხედვით, ამოღებულია 133,8642 გრ კოკაინი მევლუდ სვანიძის (ბოჭორიშვილის სიძე) ავტომანქანიდან სოფელ ტყაჩირში.
2.1. აშშ-ს სახელმწიფო დეპარტამენტის ანგარიშის მიხედვით, საქართველოში, 2010 წელს, მთლიანად ამოღებულია 0.099 გრამი კოკაინი, ოღონდ არ არის დაკონკრეტებული, რომელი საქმიდან. რაც შეეხება ბოჭორიშვილის საქმეს, ანგარიშის თანახმად, კოკაინის ამოღება ვერ მოხერხდა ქართველი სამართალდამცავების მხრიდან დაგვიანების გამო.
3. ქართული საბრალდებო დასკვნის მიხედვით, კოკაინმა ექსპერტიზა ჯერ კოჩაძის ღრძილებზე გაიარა, შემდეგ კი აგრონომ ინა თევზაიას ხელში.
3.1 აშშ-ს სახელმწიფო დეპარტამენტს
კოკაინის ექსპერტიზა ჯერ არ ჩაუტარებია, რადგან ქართველი სამართალდამცავებს ე. წ კოკაინი ჯერ არ მიუწოდებიათ.
აბა რა, ეს ფაქტორები სულ არ ცვლის გარემოებას! მარტივი არითმეტიკის მიხედვით კი 220_90 =…130. თვალსა და ხელს შუა, დოკუმენტაციებში დაკარგული 130 კილოგრამი კოკაინის ამბავი ზრდილობის გამო მაინც უნდა გაერკვია ალბათ მოსამართლეს.
ამოცანა გვეკითხება, ვინ სტყუის ასე ურცხვად?
- ქართული შსს თუ მეგობარი აშშ?
ლალი აფციაური:''ან ჩვენ გვატყუებს შსს, ან ამერიკის სახელმწიფო დეპარტამენტს. მაგრამ რაღაც არა მგონია, იმხელა სტრუქტურას ატყუებდნენ და თავს შარში იგდებდნენ. ამიტომ, სიყალბე ისაა, რაც ჩვენ წარმოგვიდგინეს საქმეში.
წარმოდგენილი ანგარიში საყოველთაოდ აღიარებული ფაქტია, რომელსაც მტკიცებაც კი არ ჭირდება. ამიტომ, პროკურატურას ბევრი აქვს გასარკვევი შსს-სთან.
მეგობარი სახელმწიფო კია ამერიკა, მაგრამ მხოლოდ მისი ლამაზი თვალების გამო არ მიაწოდა შსს-მ ეს ინფორმაცია. საქმე ისაა, რომ გაეროს გარდა, რომელიც ნარკოტიკების უკანონო ბრუნვას აკონტროლებს, ნარკოტიკული და ქიმიური საშუალებების კონტროლს ამერიკის სახელმწიფო დეპარტამენტიც ახდენს. ყველა ის ქვეყანა, ვინც მიერთებულია ამ ხელშეკრულებას, ვალდებულია წარუდგინოს ანგარიში, თორემ მეგობრობა აქ არაფერ შუაშია. სწორედ ამ ვალდებულებაშია ასახული, რომ ჩვენს ქვეყანაში, 2010 წელს არ ამოღებულა ნარკოტიკული საშუალება კოკაინი, რომელიც მევლუდ სვანიძეს ედება ბრალად. ნარკოტიკის არსებობის შემთხვევაში, ამერიკის სახელმწიფო დეპარტამენტი, ნიმუშისთვის ოფიციალურად გაითხოვს გარკვეულ ნაშთს და მასზე ტარდება ექსპერტიზა მწარმოებელი ქვეყნის დადგენაზე. აბსოლუტურად ყველა ქვეყნის ინტერესში შედის, გაიგოს ვისი წარმოებულია ნარკოტიკი. სვანიძის ავტომანქანის ჩხრეკისას, სინამდვილეში რომ ყოფილიყო კოკაინი ამოღებული, აუცილებლად ჩაუტარებდნენ ექსპერტიზას და ამის გაკეთებას აგრონომ ინა თევზაიას არავინ ანდობდა''