четверг, 21 октября 2010 г.

"ლენტი მინისტრმა (ვანო მერაბიშვილმა) გაჭრა... "

ანუ
გაუმჭვირვალე ფული პოლიციის გამჭვირვალე შენობებისთვის



კახეთის რეგიონში, პოლიციის სამმართველოების 5 ახალი შენობა, ზარ-ზეიმით, პირადად შინაგან საქმეთა მინისტრმა, ვანო მერაბიშვილმა გახსნა.
მიუხედავად იმისა, რომ პოლიციის დაფინანსება ადგილობრივი ბიუჯეტიდან აკრძალულია, თანამედროვე სტანდარტების გამჭვირვალე შენობების მშენებლობა, მუნიციპალური ბიუჯეტებიდან, საკმაოდ სოლიდური თანხით დაფინანსდა.
საერთო ჯამში, ადგილობრივი ბიუჯეტებიდან გამოყოფილი თანხა, 300 000 ლარზე მეტია.
შუშის გამჭვირვალე შენობები თელავის რაიონის სოფელ ნაფარეულში; დედოფლისწყაროს რაიონის სოფელ არხილოსკალოში; საგარეჯოს რაიონის სოფელ იორმუღანლოში; გურჯაანის რაიონის სოფელ კაჭრეთსა და სიღნაღის რაიონის დაბა წნორში გაიხსნა.


"თავისუფალი გაზეთის" ექსკლუზიური ინფორმაციით, დედოფლისწყაროს ბიუჯეტიდან, არხილოსკალოს განყოფილების მშენებლობის სამუშაოები, 67 ათასი ლარით დაფინანსდა. ამის შესახებ გადაწყვეტილება, მუნიციპალიტეტის საკრებულომ მიიღო.
Mმედია-საშუალებების წარმომადგენლების გაოცება იმ ფაქტმა გამოიწვია, რომ ყველაფრის მიუხედავად, შს სამინისტროში საეჭვოდ ირწმუნებიან, თითქოს აღნიშნული პროექტის დასაფინანსებლად, 30 განყოფილების მშენებლობაზე, 2 500 000 ლარი ცენტრალური ბიუჯეტიდან გამოიყო. დედოფლისწყაროს გამგეობის მიერ გამოცემული ოფიციალური ბრძანებებით, სულ სხვა ციფრი ირკვევა. გამგეობის პრეს-სამსახური რატომღაც შეცვლილ მონაცემებს ავრცელებს და პოლიციის დაფინანსების შესახებ, შემცირებულ თანხას აქვეყნებს.
დედოფლისწყაროს მუნიციპალიტეტის საკრებულოს ბოლო სხდომაზე, ქედების ზონის პოლიციის განყოფილებისთვის თანამედროვე სტანდარტების შუშის გამჭვირვალე შენობის ასაგებად, ადგილობრივი ბიუჯეტიდან 67 000 ლარის გამოყოფას, მხარი უკლებლივ ყველა დეპუტატმა დაუჭირა.
ექსპერტების განცხადებით, „ადგილობრივი თვითმმართველობის შესახებ“ ორგანული კანონისა და „ადგილობრივი თვითმმართველი ერთეული ბიუჯეტის შესახებ“ საქართველოს კანონით, ადგილობრივი თვითმმართველობის უფლებამოსილებებს არ განეკუთვნება ისეთი დაწესებულებების დაფინანსება, რომელიც კანონით, ცენტრალური ბიუჯეტიდან ფინანსდება. პოლიციის რაიონული სამმართველოები კი, ცენტრალური ბიუჯეტიდან ფინანსდებიან.
ყველაფრის მიუხედავად, დედოფლისწყაროს საკრებულოში, ამ ნაბიჯს საზღვრისპირა სოფლების სპეციფიურობით ხსნიან და მიაჩნიათ, რომ ამ ნაბიჯით, კანონი არ დარღვეულა. დედოფლისწყაროს მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარე, ლევან ბაღაშვილი გადაწყვეტილებაში კანონდარღვევას ვერ ხედავს.

ლევან ბაღაშვილი (დედოფლისწყაროს საკრებულოს თავმჯდომარე): ,,2009 წლის 27 მარტს, ადგილობრივი თვითმმართველობის კანონში შესულია ცვლილება, რომელიც შესაძლოა, ბევრმა ჯერ კიდევ არ იცოდეს... ცვლილებების მიხედვით, საკრებულოს ნება ეძლევა, 2011 წლის 1 იანვრამდე, განსაკუთრებულ შემთხვევებში, ამგვარი სტრუქტურების დაფინანსების თაობაზე გადაწყვეტილება თავად მიიღოს... ასე რომ, ეს კანონი, იანვრამდე ჯერ კიდევ ძალაშია და სწორედ მასზე დაყრდნობით ვიმოქმედეთ, როცა საზღვრისპირა სოფლებში, პოლიციის განყოფილების გამჭვირვალე შენობის ასაგებად თანხა გამოვყავით... საკრებულოს და პირადად ჩემი პოზიცია არის ის, რომ ეს საზღვრისპირა სოფლები სპეციფიურობით გამოირჩევა, განსაკუთრებულ მიდგომას საჭიროებს და ჩვენი მხრიდან გამოვხატეთ მზადყოფნა, რომ იქ თანამედროვე ტიპის განყოფილება აშენდეს, რაც დანაშაულის რიცხვს მკვეთრად შეამცირებს და დადებით შედეგებს მოგვცემს... ეს იყო ჩვენი მიზანი, რომელსაც საკრებულოს წევრებიც დაეთანხმნენ. ამ გადაწყვეტილებაში, არამართებულს ვერაფერს ვხედავთ და როგორც ჩანს, არც კანონი დაგვირღვევია...~-აცხადებს ბაღაშვილი.
ადგილობრივი ბიუჯეტიდან საკმაოდ სოლიდური თანხით დაფინანსდა ქედების ზონის განყოფილებისთვის ავტომობილის შესყიდვაც. ამჯერად, გამგეობამ, პოლიციის სამმართველოს, მანქანის შესაძენად 21 570 ლარი ჩაურიცხა
დედოფლისწყაროს მუნიციპალიტეტის გამგებლის, ნიკოლოზ შანშიაშვილის 2010 წლის 13 აგვისტოს #378-ე ბრძანების საფუძველზე, ფიზიკურ პირს, დავით გელაშვილს საზოგადოებრივი წესრიგისა და უსაფრთხოების უზრუნველსაყოფად, დედოფლისწყაროს ბიუჯეტიდან 21 570 ლარი შსს-სთვის 1 ერთეული მერსედეს-ბენც შ-500 საქონლის შესყიდვისთვის ჩაერიცხა.
დედოფლისწყაროში, ადგილობრივი ბიუჯეტიდან პოლიციის განყოფილების მოწყობისთვის ზრუნვა, ამით არ დასრულებულა `თავისუფალი გაზეთის~ კახეთის ბიურომ გამგებლის კიდევ ერთი ბრძანება მოიპოვა, რის მიხედვითაც, პოლიციის განყოფილებას 17 ათას ლარზე მეტი ჩაერიცხა.
კერძოდ, დედოფლისწყაროს მუნიციპალიტეტის გამგებლის, ნიკოლოზ შანშიაშვილის 2010 წლის 6 სექტემბრის # 498-ე ბრძანების საფუძველზე, შპს „ტექნოთერმსს“ საზოგადოებრივი წესრიგისა და უსაფრთხოებისთვის გათვალისწინებული თანხებიდან, ადგილობრივი ბიუჯეტიდან 17 114 ლარი გამოეყო...
როგორც ცნობილია, სოფელ არხილოსკალოში, პოლიციის განყოფილების ახალი, თანამედროვე სტანდარტების შუშის შენობის მშენებლობაც ადგილობრივი ბიუჯეტიდან ფინანსდება. როგორც გაირკვა, ფინანსების გამოყოფა კვლავ გრძელდება. ექსპერტები და არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლები კი მიიჩნევენ, რომ ადგილობრივი ბიუჯეტიდან ისეთი სტრუქტურების დაფინანსება, რომლებიც ცენტრალურ ბიუჯეტიდან ფინანსდებიან - კანონდარღვევაა.
საყურადღებოა ერთი მნიშვნელოვანი დეტალი. დედოფლისწყაროს მუნიციპალიტეტის გამგეობის პრეს-სამსახურმა, ადგილობრივი ბიუჯეტიდან პოლიციის დაფინანსების შესახებ გავრცელებულ ცნობებში, თანხა მნიშვნელოვნად შეამცირა.
„არხილოსკალოს ქვეგანყოფილება, რომელიც 14 თანამშრომლით არის დაკომპლექტებული, თანამედროვე სტანდარტების ტიპიურ გამჭვირვალე შენობაში დაიდებს ბინას. დედოფლისწყაროს მუნიციპალიტეტის ხელმძღვანელობამ, ქვეგანყოფილების შენობის ეზოს კეთილმოწყობისთვის, ადგილობრივი ბიუჯეტიდან 42 785 ლარი გამოყო, რომელიც სრულად იქნა ათვისებული“, _ წერს დედოფლისწყაროს გამგეობის საზოგადოებასთან ურთიერთობის სპეციალისტი ანა ბენაშვილი, ადგილობრივ გაზეთ „შირაქში“ ახლახან გამოქვეყნებულ სტატიაში, რომლის სათაურია: „ლენტი მინისტრმა გაჭრა“.
სტატიის კითხვისას, მკითხველს რჩება შთაბეჭდილება, თითქოს ადგილობრივი ბიუჯეტიდან, არხილოსკალოს განყოფილებისთვის, მხოლოდ 42 785 ლარი დაიხარჯა. არადა ჯერ ინტერნეტ-გაზეთ „ქიზიყსა“ და მოგვიანებით რამდენიმე გამოცემაში ზედიზედ დაიბეჭდა ინფორმაციები იმის შესახებ, რომ დედოფლისწყაროს გამგეობამ, პოლიციის ახალ განყოფილებას ჯერ 67 000 ლარი ჩაურიცხა, შემდგომ 22 ათას ლარად ღირებული ავტომობილიც შეუძინა და დამატებით, სხვა ბრძანების მიხედვით, 17 114 ლარიც გამოყო.
გაზეთ „შირაქში“, ანა ბენაშვილის მიერ ახლახან გამოქვეყნებულ სტატიაში კი არაფერია ნათქვამი არც ახალ ავტომობილზე და არც რამდენჯერმე გამოცემულ ბრძანებებზე, რომელშიც საკმაოდ მსხვილი ციფრებია მოცემული.
„თავისუფალი გაზეთი“ ვითარების გარკვევას, პირადად სტატიის ავტორთან შეეცადა. ანა ბენაშვილი, "თავისუფალ გაზეთთან" ამ საკითხის კომენტირებისას, ხაზგასმით ირწმუნება, რომ დედოფლისწყაროს ბიუჯეტიდან მხოლოდ 42 785 ლარი გაიხარჯა.
ანა ბენაშვილი: „ეს ციფრი, მე გამგეობის საფინანსო სამსახურმა მომაწოდა. ანუ, ეს არის თანხა რომელიც უშუალოდ გაიხარჯა, ეზოსა და ინფრასტრუქტურის მოსაწყობად. ჯერჯერობით, არხილოს ქვეგანყოფილებაში, 42 785 ლარი დაიხარჯა...
_ კი მაგრამ, საკრებულოს სხდომას პირადად თქვენც ესწრებოდით, სადაც რამდენჯერმე დაფიქსირდა, რომ არხილოსკალოს ქვეგანყოფილებისთვის, 67 ათასი ლარი გამოიყო. სტატიაში ასევე არსადაა დაფიქსირებული, რომ ამავე განყოფილებისთვის, ახალი ავტომობილის შესაძენად, ადგილობრივმა ბიუჯეტმა 22 ათას ლარამდე გადარიცხა...
--
არ ვიცი... მე ეს მასალა საფინანსო სამსახურზე დაყრდნობით მოვამზადე... ოფიციალურად ასეთი მონაცემები მომაწოდეს“....
ცნობისთვის: გამგეობის მიერ გამოცემულ ოფიციალურ ბრძანებებშიც შავით თეთრზე წერია:
1) თავდაპირველად გამოიყო 67 ათასი ლარი,
2) 13 აგვისტოს # 378-ე ბრძანება - 21 570 ლარი ავტომობილისთვის,
3) 6 სექტემბრის # 498-ე ბრძანება - 17 114 ლარი...


ილია მარტყოფლიშვილი

Комментариев нет:

Отправить комментарий